Thumbnail

NBA | როკეტსის ისტორიული მეოთხედი! საუკეთესო შედეგი პლეი ოფში 1962 წლის შემდეგ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მინესოტა ტიმბერვულვზი - ჰიუსტონ როკეტსი 100:119
  • ჰარდენმა და მისმა თანაგუნდელებმა მესამე მეოთხედში 50 ქულა ჩააგდეს
  • როკეტსი სერიაში 3:1 დაწინაურდა
  • მეხუთე შეხვედრა ჰიუსტონში გაიმართება
  • იუტა ჯაზი - ოკლაჰომა სითი თანდერი 113:96

ჯეიმს ჰარდენმა და მისმა თანაგუნდელებმა პლეი ოფის სერიის მეოთხე მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყვიტეს. გუნდის მიერ 12 წუთიან მონაკვეთში ჩაგდებული 50 ქულიდან 22 წვერიანი კაცის ანგარიშზეა.

კარგი მატჩი ჩაატარა კრის პოლმაც. 25 ქულიდან 15 მან სწორედ მესამე მეოთხედში გააკეთა. NBA-ს ისტორიაში ერთადერთი გუნდი, რომელსაც პლეი ოფში, ერთი მეოთხედის განმავლობაში, მეტი ქულა აქვს ჩაგდებული ლოს ანჯელეს ლეიკერსია. ეს შორეულ 1962 წელს მოხდა, მეტოქე კი დეტროიტ პისტონსი იყო.

საბოლოოდ მატჩი ჰარდენმა 36 ქულით დაამთავრა, კლინტ კაპელას ანგარიშზე 14 ქულა და 17 მოხსნაა, ერიკ გორდონმა, რომელმაც მატჩი სათადარიგოთა შორის დაიწყო, საბოლოოდ 18 ქულას მოუყარა თავი. ჰიუსტონმა თამაში 119:100 მოიგო და ოთხ მოგებამდე მიმდინარე სერიაში 3:1 დაწინაურდა.

ორმაგი დუბლით დატოვა ტარგეტ ცენტრი კარლ-ენტონი ტაუნსმა. 22 ქულა და 15 მოხსნა ტიმბერვულვზს სერიის პირველ რაუნდში თანაფარდობის აღსადგენად არ ეყო.

დერიკ როუზი, რომელმაც მატჩი 17 მოხსნით და 6 ქულით დაასრულა სკამიდან კარგად შედიოდა და სწრაფ შეტევებსაც ახორციელებდა. ძირითადმა მცველმა, ჯეფ ტიგემ თამაში ნატკენი ნეკა თითით ჩაატარა... მან ჯამში ორი ქულა ჩააგდო. შვიდი ტყორცნიდან შედეგიანი მხოლოდ ერთი გამოდგა.

როკეტსის რიგებში პირველი სამი სამქულიანი ტრევორ არიზამ ჩააგდო, მთლიანად გუნდის მომდევნო 14 ცდიდან 13 წარუმატებელი გამოდგა, ჰარდენს მეორე პერიოდის მეორე ნახევრამდე ქულა არ ჰქონდა ჩაგდებული - გაქცევის გასაკეთებლად მინესოტას არაერთი წინაპირობა შეექმნა, გუნდმა საჭირო დროს ქულები ვერ მოაგროვა და საბოლოოდ ანგარიშშიც 19 ქულიანი ჩამორჩენა დაფიქსირდა.

ოთხ მოგებამდე მიმდინარე სერიის დასრულებას როკეტსი უკვე საკუთარ ტოიოტა ცენტრში, ხუთშაბათს, გამთენიისას შეეძლება.

კომენტარები

ბოლო ამბები