Thumbnail

დარჩა ერთი საკითხი - იტალიის ნაკრებში კარლო ანჩელოტის დანიშვნა თითქმის გადაწყდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 58 წლის სპეციალისტი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდა
  • შესათანხმებელი მხოლოდ კარლო ანჩელოტის ხელფასის ოდენობაა
  • იტალიელები "სკუადრა აძურას" მწვრთნელს 5 მილიონ ევროზე მეტს ვერ გადაუხდიან  

იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კარლო ანჩელოტის დანიშვნა თითქმის გადაწყვეტილი აქვს. ამის შესახებ Corriere dello Sport იუწყება, რომლის ცნობით, 23 აპრილს სპეციალისტი ფედერაციის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს: რობერტო ფაბრიჩინისა და ალესანდრო კოსტაკურტას შეხვდა.

როგორც გამოცემა წერს, მხარეებს მხოლოდ ფინანსური საკითხის შეთანხმება რჩებათ. 

აღსანიშნავია, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მწვრთნელისთვის შესათავაზებელი ხელფასის ოდენობაში შეზღუდულია - ბიუჯეტის თანახმად, "სკუადრა აძურას" თავკაცის ანაზღაურება წლიური 5 მილიონი ევრო უნდა იყოს. ეს კი ბევრად ნაკლებია იმაზე, რასაც ანჩელოტი ბოლოს მიუნხენის ბაიერნში იღებდა.

ცოტა ხნის წინ კარლო ანჩელოტი ლონდონის არსენალში არსენ ვენგერის შესაძლო შემცვლელად განიხილებოდა.

ასევე ცნობილია, რომ კოსტაკურტამ კარლო ანჩელოტის ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბის სრულად დაკომპლექტება შესთავაზა და თუკი შეთანხმება შედგება, 58 წლის სპეციალისტის შტაბში მისი ვაჟი დავიდე ანჩელოტი, ასევე, ერთ-ერთი მისი ყოფილი ფეხბურთელი - ანდრეა პირლო ან მასიმო ამბროზინი იმუშავებს.

კარლო ანჩელოტის ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ აქვს მოგებული და ერთადერთი მწვრთნელია, ვისაც იტალიის, ინგლისის, გერმანიისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში გაუმარჯვია.

ამჟამად იტალიის ნაკრების თავკაცის მოვალეობებს დროებით ლუიჯი დი ბიაჯო ასრულებს. გუნდის მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატებად ასევე განიხილებიან: ანტონიო კონტე, რობერტო მანჩინი და კლაუდიო რანიერი.

კანდიდატებიდან უმუშევარი მხოლოდ კარლო ანჩელოტია. 58 წლის სპეციალისტი ბოლოს მიუნხენის ბაიერნს წვრთნიდა (2016/17). 

რობერტო მანჩინი ამჟამად ზენიტშია, ანტონიო კონტე - ჩელსიში, კლაუდიო რანიერი კი ფრანგულ ნანტს წვრთნის.

მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად არ ითამაშებს მუნდიალზე. "სკუადრა აძურამ" საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა - პლეი ოფში შვედეთის ნაკრებთან დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები