Thumbnail
  • კორონავირუსის პანდემია ლიგას ბევრ პრობლემას უქმნის
  • მთავარი ფავორიტები კვლავ ლეიკერსი, კლიპერსი და მილუიკი არიან
  • ბრუკლინი მომავალი სეზონის მთავარი გამოცანაა
  • მაიამი, დალასი, დენვერი და ბოსტონი მომავლის სუპერგუნდები არიან

23 დეკემბრიდან NBA თავის ახალ სეზონს იწყებს. იწყება სეზონი, რომელიც უამრავ კითხვასთანაა დაკავშირებული. ეს კითხვები მხოლოდ სპორტულ ფაქტორებს არ უკავშირდება. პანდემიის პირობებში, მაშინ, როდესაც ამერიკაში კორონავირუსის გამო დღეში 3 000 კაცი კვდება, სეზონის დაწყებაც და დასრულებაც დიდი გამოწვევაა.

ამ სტატიაში წაიკითხავთ ყველაფერს, რაც ახალი სეზონის წინ უნდა იცოდეთ - ფორმატი, საორგანიზაციო საკითხები და პრობლემები, მთავარი ფავორიტები და სხვა საინტერესო გუნდები.

როგორი იქნება სეზონი ბაბლის გარეშე?

ლიგამ კოლოსალური ლოჯისტიკური და საორგანიზაციო სამუშაოები გასწია იმისთვის, რომ წინა სეზონის დასრულებიდან სულ რაღაც ორიოდე თვის შემდეგ ახალი სეზონი დაწყებულიყო. ეს პროცესი კიდევ უფრო რთულია იმის გათვალისწინებით, რომ ამჯერად NBA ‘ბაბლის’ გარეშე იწყება. ‘ბაბლის’ პრინციპი მარტივი და გასაგებია, რამაც ძალიან კარგად იმუშავა მაშინ, როცა რეალურად გუნდებს რეგულარულის დიდი ნაწილი ნათამაშები ჰქონდათ და, პრაქტიკულად, მხოლოდ პლეი ოფი იყო დარჩენილი.

ამჯერად 30 გუნდის თვეობით ‘ბაბლში’ ჩაკეტვა არ გამოვა. ეს ნიშნავს, რომ ვირუსი ლიგისთვის მთავარი რისკ-ფაქტორია. კალათბურთი არც ფეხბურთია და მით უმეტეს, არც ამერიკული ფეხბურთი. ერთი მოთამაშის ფასი ამ სპორტში ბევრად მეტია.

გუნდების განაცხადი, ე.წ. ‘როსტერი’ სულ 15-მდე კაცს ითვლის და თუნდაც 2-3 კაცის გამოკლება ნებისმიერი გუნდისთვის დიდი დარტყმაა. ვირუსმა შეიძლება რომელიმე გუნდის შემადგენლობა 2-3 კვირით საერთოდაც გაანახევროს, ან რომელიმე ლიდერი დააკარგვინოს. მაგალითად, პორტლენდი რომ სამი კვირით დემიენ ლილარდის გარეშე დარჩეს, რაც 7-8 თამაშის გამოტოვებას ნიშნავს, ეს კლუბის საპლეოფო შანსებზე საგრძნობ გავლენას იქონიებს. მოკლედ, ვირუსი რეგულარულ სეზონში სავარაუდოდ ბევრს რამეს არევს და შეცვლის. სწორედ ამიტომ, ლიგამ ჯერ მხოლოდ 36 თამაშის კალენდარი გამოაქვეყნა.

ადამ სილვერს რთული სეზონი ელის

ამრიგად, გუნდებს მკაცრი პროტოკოლის პირობებში თამაში მოუწევთ. ცხრილი ისეა გაკეთებული, რომ მათ ხშირად ითამაშონ ერთ ქალაქში ერთი გუნდის წინააღმდეგ და რაც შეიძლება ნაკლები მოძრაობა და მოგზაურობა მოუწიოთ.

ცალკე ფაქტორია სეზონის სულ რაღაც ორიოდე თვეში განახლება. ისე გამოდის, რომ მაგალითად, ლეიკერსს და მაიმის ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად დრო ფაქტობრივად არ ჰქონიათ - მაშინ, როდესაც, მაგალითად, გოლდენ სტეიტს პროფესიული კალათბურთი 9 თვეა არ უთამაშია. ვირუსით გამოწვეულმა პაუზებმა, ’ბაბლის’ სისტემამ და სტანდარტული გრაფიკის არევამ განაპირობა, რომ გუნდებს განსხვავებული მოსამზადებელი ციკლი ჰქონდათ და არავინ იცის, ეს მათზე როგორ აისახება.

მთავარი ფავორიტები

წინა სეზონის მსგავსად, უპირველეს ფავორიტებად ამ სეზონშიც სამი გუნდი, ლეიკერსი, კლიპერსი და მილუოკი მიიჩნევიან. ამ სამეულს აუცილებლად უნდა მივამატოთ ბრუკლინი, რომელიც ქაღალდზე სუპერგუნდად გამოიყურება, საქმეში კი - ჯერ არ გვინახავს. სპეციალისტების აზრით, სწორედ ამ ოთხეულს აქვს ჩემპიონობის ყველაზე რეალური შანსი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • ბრუკლინი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ბოსტონი
  • მაიამი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

ლოს ანჯელეს ლეიკერსი

‘რობ პელინკას წლის საუკეთესო გენერალური მენეჯერის ტიტული მგონი ახლავე უნდა მივცეთ’ - ასე გამოეხმაურა ლეგენდარული მეჯიქ ჯონსონი ლეიკერსის მიერ ჩატარებულ საკალათბურთო ოპერაციებს. მართალიცაა! პელინკას წლების მანძილზე დასცინოდნენ და არ წყდებოდა მითქმა-მოთქმა, რომ ის ლეიკერსში ამ თანამდებობაზე მხოლოდ იმიტომ მუშაობს, რომ კობი ბრაიანტის ყოფილი აგენტი და მეგობარია, რომელსაც ლეიკერსის მფლობელ ჯინი ბასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ამ სეზონის წინ პელინკამ უკვე ჩემპიონი გუნდი, არცთუ ისე დიდი რესურსების ფონზე, საგრძნობლად გააძლიერა.

ასე ხდება, როცა გუნდში ლიგის ყველაზე გავლენიანი მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გყავს და შენზე ლიგის ყველაზე გავლენიანი აგენტი რიჩ პოლი მუშაობს.

ლეიკერსი ისედაც ყველაზე ძლიერი იყო და კიდევ უფრო გაძლიერდა. კალიფორნიელებმა წინა სეზონისთვის ვეტერანი გუნდი შეკრიბეს, ახლა კი რამდენიმე ვეტერანს, რომელთაც თავისი კარიერის მიზანი - ჩემპიონობა - უკვე მოიპოვეს, შეელივნენ და მათ პოზიციებზე უფრო ძლიერი მოთამაშეები დაიმატეს.

რაჟონ რონდო, დენი გრინი და დუაიტ ჰოვარდი წავიდნენ. რონდო დენის შრიოდერმა შეცვალა. გერმანელი რონდოს, შესაძლოა, გათამაშებაში არ ჯობია, თუმცა ბევრად უკეთესი მსროლელი და ჩამყრელია. შრიოდერი სტაბილურად 15-20-ქულიანი მოთამაშეა, რომელიც ლებრონის არყოფნაში სათადარიგო ხუთეულის ლიდერი იქნება, თამაშს გაუძღვება და საკუთარ თავზე ჩაყრასაც აიღებს.

გუნდში მოვიდა კიდევ ერთი ძალიან ძლიერი მოთამაშე - მონტრეზ ჰარელი და თანაც, ეს მთავარი კონკურენტის, კლიპერსის დასუსტების ხარჯზე მოხდა. ჰარელი ასევე ძალიან კარგად ყრის - მას მძიმე ფორვარდადაც შეუძლია თამაში და დაბალ ხუთეულში ცენტრის როლიც შეუძლია მოირგოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ენტონი დევისი უფრო მეტს დაისვენებს. კალიფორნიელებს შეუძლიათ, ლებრონიც და დევისიც სკამზე დასვან და სათადარიგო ხუთეულში ჰარელი-შრიოდერის ხარჯზე მაინც ძალიან კარგი გუნდი ყავდეთ.

ამ სეზონში, როცა ლეიკერსის მთავარი პრობლემა დასვენების და მოსამზადებელი პერიოდის არქონაა, ეს ფაქტორი გადამწყვეტი იქნება. ლიგის წყაროების მიხედვით, ლებრონი პირველი თვის მანძილზე მაქსიმალურად ცოტას ითამაშებს და ფრენკ ვოგელი დიდ როტაციას მიმართავს.

და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის. გუნდში გამოჩნდა ვესლი მეტიუზი, რომელიც ძალიან კარგი მსროლელია პერიმეტრიდან და დაცვასაც მაგრად თამაშობს. მეტიუზი პერიმეტრიდან 38.1 პროცენტით ისვრის და ბოლო წლებში ტოპ-3-ში შედის იმ მოთამაშეებს შორის, რომელათაც მეტოქის შეტევის ნომერი პირველი ან მეორე ოპციის, ანუ მთავარი ჩამყრელების წინააღმდეგ დაცვაში თამაში უწევს.

ამის გარდა, გუნდში კიდევ ერთი ვეტერანი მივიდა საჩემპიონი გამოცდილებით - მარკ გასოლი. 216-სანტიმეტრიანი გასოლი სამწამიანში ლეიკერსს სიმაღლეს დაუმატებს. ამასთან ერთად, მას შეტევაში კარგი სროლა აქვს, სამიანებსაც ისვრის (38.5 პროცენტი პერიმეტრიდან) და რაც მთავარია, ცენტრის კვალობაზე ძალიან მაღალი საკალათბურთო IQ-ს ხარჯზე გათამაშებაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ლებრონი და გასოლი ერთად იმას ნიშნავს, რომ ვოგელს შეუძლია, ერთდროულად ორი ელიტური ბურთის გამნაწილებელი ჰყავდეს, თანაც ისე, რომ არცერთი არ არის ნომინალური გამთამაშებელი.

წინა წელს ლეიკერსი ძალიან ძლიერი იყო, ახლა კი ისტორიულად ძლიერი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ. მოკლედ: რობ პელინკას წლის საუკეთესო მენეჯერის ტიტული ნამდვილად ეკუთვნის.

ლოს ანჯელეს კლიპერსი

‘რატომ გეძახიან პლეიოფ P-ს, როცა მე არავინ მიწოდებს ჩემპიონ ჩაკს” - ასე აკრიტიკებდა ჩარლზ ბარკლი პოლ ჯორჯის პლეიოფურ წარმოდგენებს. უნდა ითქვას, რომ თავად ბარკლი უფრო ახლოს იყოს ჩემპიონობასთან, ვიდრე ჯორჯი პლეი ოფში ვარსკვლავურ სტატუსთან. უფრო მეტიც: შარშანდელი პლეი ოფის შემდეგ 'პლეიოფ P-ს' დაცინვით 'პანდემიურ P-საც' უწოდებენ. მოკლედ, კლიპერსის დაცინვა დღევანდელ ლიგაში კარგ ტონად მიიჩნევა.

ეს ლოგიკურია: უძლიერესი შემადგენლობის მქონე ამბიციური გუნდი დენვერთან 1:3-ის შემდეგ უსახელოდ გავარდა. თანაც ისე, რომ ზედიზედ სამჯერ ორნიშმა რიცხვებით იგებდა, თუმცა შეხვედრის (და სერიის) გამარჯვებით დასრულება ვერ შეძლო.

დენვერთან მარცხი კლიპერსის პრობლემების მხოლოდ დასაწყისი იყო. გუნდი მისმა მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა დატოვა. გამოჟონა ინფორმაციებმა, რომ კლიპერსის კოლექტივს შიდა კონფლიქტი დიდი ხნის განმავლობაში შიგნიდან არღვევდა. კერძოდ, ‘ვეტერანებს’, პატრიკ ბევერლის, ლუ უილიამსს და მონტრეზ ჰარელს გუნდში ახალმისულ ლეონარდ-ჯორჯის დუეტთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა.

ჩაგდებული სეზონის შემდეგ დოკ რივერსს წასვლა მოუწია

პანდემიურმა P-მ გავარდნის შემდეგ ღიად აღიარა, რომ გუნდში შიდა ატმოსფერო იდეალურისგან ძალიან შორს იყო. ეს ამბავი მაშინაც დადასტურდა, რომ კლიპერსი გასული სეზონის საუკეთესო შემცვლელმა მონტრეზ ჰარელმა დატოვა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჰარელი ისევ დაბალ ხელფასს დათანხმდა, ოღონდ ამჯერად კლიპერსის კონკურენტ ლეიკერსში.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჰარელს ლეიკერსის ჩემპიონობის სჯერა, კლიპერსის კი - არა. რივერსი მისმა თანაშემწე ტაირონ ლუმ შეცვალა. მან მსგავს სიტუაციაში ერთხელ უკვე მოახერხა ჩემპიონობა და ის იმ ტიპის მწვრთნელად მიიჩნევა, რომელსაც მოთამაშეებთან ურთიერთობების დალაგება ეხერხება.

ჰარელი დიდი დანაკლისია. გარდა ამისა, შარშანდელმა პლეი ოფმა აჩვენა, რომ გუნდს ნომინალური გამთამაშებელიც სჭირდება და სამწამიანის დასაცავად მხოლოდ ზუბაჩიც საკმარისი არ არის.

მათ ნაცვლად კლიპერსმა ორი ვეტერანი - ნიკ ბათუმი და სერჟ იბაკა დაიმატა. იბაკა გასულ სეზონში 27 წუთში 15 ქულას აკეთებდა. ჰარელს ის შეტევაში ვერ შეედრება, თუმცა თავისი ხასიათით, ლიდერული თვისებებითა და საჩემპიონო გამოცდილებით ტაი ლუს გასახდელის დალაგებაში უნდა დაეხმაროს. თუმცამ ეს მაინც უფრო იმას ნიშნავს, რომ კლიპერსი უფრო დასუსტდა, ვიდრე გაძლიერდა. ტაი ლუს ამოცანა გუნდის შეკვრა და დალაგება იქნება. თუ მან ეს მოახერხა, კლიპერსი სახიფათო გუნდად დარჩება.

მილუოკი ბაქსი

‘ზოგი, როცა კედელს ხვდება, უკან ტრიალდება და სხვა გზის პოვნას ცდილობს, მე კი ამ კედელის განგრევა მინდა’ - იანისის ამ სიტყვების ახლა მართლა გვჯერა - მას შემდეგ, რაც პლეი ოფში ორი უსახელო გავარდნის შემდეგ ის მაინც ვისკონსინში დარჩა და ბოლომდე ცდილობს, რომ პროვინციულ გუნდთან ერთად, სხვა სუპერვარსკვლავების გარეშე, ჩემპიონობა მოიპოვოს. NBA-ს დღევანდელ რეალობაში ეს მართლაც კედლის განგრევის ტოლფასია.

მილუოკიმ იანისის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა. მაიამისთან შარშანდელი შერცხვენის შემდეგ მილუოკიმ გუნდი საგრძნობლად გადაახალისა. წლევანდელი ‘ბაქსი’ ქაღალდზე უფრო ძლიერი ჩანს.

ეს პირველ რიგში გუნდში ჯრუ ჰოლიდეის მისვლის დამსახურებაა. ჰოლიდეის ბურთის გათამაშება ეხერხება და პლეიოფურ ფორმატში, როცა თამაში ნელდება და მილუოკის ბურთის მოძრაობა უჭირს, მას ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლია.

ამასთან ერთად, კარგად ისვრის პერიმეტრიდან და იანისისთვის სივრცის შექმნა მისთვის რთული არ უნდა იყოს და, რაც ყველაზე მთავარია, სტაბილურად თამაშში 20-ქულიანი ჩამყრელია. დაბალ ტემპში მილუოკის პლეი ოფში ჩაყრა უჭირდა, ჰოლიდეი კი ის კაცია, რომელსაც ბურთი ნებისმიერ დროს შეგიძლია მიანდო. ერიკ ბლედსოუსთან შედარებით, ჰოლიდეი სხვა კლასის მოთამაშეა.

გარდა ამისა, გუნდში დი ჯეი აუგუსტინი მივიდა, რომელიც პერიმეტრიდან თითქმის 38 პროცენტით ისვრის და კარგი ჩამყრელია.

ერთი სიტყვით, წელს მილუოკი ბევრად უფრო ძლიერი უნდა იყოს და აღმოსავლეთში ბრუკლინის ფაქტორის მიუხედავად, ალბათ მაინც უპირველესი ფავორიტია.

ბრუკლინ ნეტსი

სეზონის ყველაზე დიდი გამოცანა ბრუკლინ ნეტსია. ბოლოს და ბოლოს ვიხილავთ, თუ როგორი იქნება დურანტი-ირვინგის დუეტი!

კევინ დურანტი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია. ის აქილევსის მძიმე ტრავმიდან ბრუნდება და თითქმის წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ უცნობია, როგორ ფორმაში იქნება. თუ დურანტი ძველებურ დონეზე დაბრუნდა, მისი და კაირი ირვინგის დუეტი შეტევაში ყველაზე შეუჩერებელი წყვილი იქნება. ამ ორივე მოთამაშეს ძალიან იოლად, თითქმის არაფრიდან შეუძლია ქულების მოპოვება. არცერთს არ სჭირდება დახვეწილი კომბინაციური თამაში, ორივე მათგანი თავის თავს უქმნის სროლებს.

მათ გარდა ბრუკლინს კარგი ახალგაზრდული ბირთვი ჰყავს (ალენი, ლევერტი, ჰარისი). ქაღალდზე ბრუკლინი ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა მაინც ბევრი კითხვაა: როგორ შეძლებს სტივ ნეში მთავარი მწვრთნელის რანგში თავის პირველსავე სეზონში საჩემპიონო კალიბრის გუნდის გაძღოლას და საერთოდ, რა დონის მწვრთნელია ის? როგორ შეძლებენ ირვინგი და დურანტი წყვილში თამაშს? რა ფორმაში დაბრუნდება KD? ამ კითხვების გათვალისწინებით, ბრუკლინის შემდეგი სეზონის მთავარი გამოცანაა - ეს არის საჩემპიონო ამბიციის მქონე გუნდი, რომელზეც რეალურად არაფერი ვიცით.

მეორე ეშელონი

შარშან მაიამიმ და დენვერმა გვიჩვენეს, რომ ე.წ. მეორე ეშელონის გუნდებისთვის უპირობო ფავორიტების დამარცხება NBA-ში გადაუჭრელი ამოცანა სრულებითაც არ არის. ამ ტიპის გუნდები ჩემპიონობის უპირველეს ფავორიტებს მხოლოდ ერთი ნაბიჯით ჩამორჩებიან და ხელსაყრელ გარემოებებში მათი ჩემპიონობაც არ უნდა გამოირიცხოს.

მაიამი ჰიტი

მაიამი NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზაციაა - სრულად გამორჩეული სამუშაო ეთიკითა და ორგანიზაციული კულტურით. გასულ სეზონში ‘ბაბლის’ ექსტრაორდინალურ გარემოს თავისი დისციპლინით და ხასიათის სიმტკიცით გამორჩეული ‘ჰიტი“ ყველაზე უკეთ მოერგო და სუპერფინალამდე მივიდა.

მაიამიმ თავისი ბირთვი ამ სეზონშიც შეინარჩუნა: ჯიმი ბატლერი კვლავ გუნდის ლიდერია, გორან დრაგიჩი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ოპცია შეტევაში, ბემ ადებაიო და ტაილერ ჰირო კი ის ახალგაზრდა ვარსკვლავები არიან, რომელთა გარშემოც ‘ჰიტი’ თავისი მომავლის აშენებას აპირებს.

დრაგიჩის შენარჩუნება მაიამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ. მაიამის მნიშვნელოვანი შენაძენი არ გაუკეთებია, თუმცა ჰირო და ადებაიო სავარუდოდ კიდევ უფრო მოუმატებენ და პატ რაილის გუნდი ამის ხარჯზე კიდევ უფრო სახიფათო გახდება. რაც მთავარია, ‘ჰიტს’ კიდევ ერთი ვარსკვლავის დამატება შეუძლია და ამ შემთხვევაში ეს უკვე სუპერგუნდია. მაიამი ის გუნდია, რომლის წინააღმდეგ თამაშიც არავის უნდა. თუ არ გჯერათ, ეს იანისს კითხეთ...

ბოსტონ სელტიკსი

აღმოსავლეთში კიდევ ერთი ასეთი გუნდი ბოსტონია. სელტიკსს შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში გაძლიერება ძალიან უჭირს. ამ სეზონის წინ ბოსტონი კიდევ უფრო დასუსტდა - გუნდი გორდონ ჰეივორდმა დატოვა. იგი ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე თამაშობდა და ბოსტონის ისედაც მოკლე როტაციაში მნიშვნელოვანი კაცი იყო. მისი წასვლით სელტიკსის როტაციას სტაბილური 33 წუთი და 17 ქულა დააკლდა. 

მის გარეშე კლუბის მთავარი იმედი ის არის, რომ ახალგაზრდა ჯეისონ ტეიტუმი და ჯეილენ ბრაუნი სუპერვარსკვლავის დონეზე ითამაშებენ. ბოსტონის მომავალი ამ ორი ახალგაზრდა ვარსკვლავის ხელშია.

სელტიკსს ცენტრის პოზიციაზე უჭირს. მათ ტრისტან ტომპსონი დაიმატეს. სტაბილური შემადგენლობის მიუხედავად, ბოსტონს ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება.

დენვერ ნაგეთსი

ბოსტონის მსგავსი სიტუაცია აქვს დენვერსაც. ნაგეთსს სტაბილური გუნდი ჰყავს, თუმცა ამ სეზონის წინ უფრო დასუსტდა, ვიდრე გაძლიერდა. მაიკლ მელოუნის გუნდი ჯერემი გრანტმა დატოვა, რომელიც კარგი მცველია და როტაციაში 26 წუთი ჰქონდა.

დენვერის მთავარი იმედი ის არის, რომ მათი ვარსკვლავები ნიკოლა იოკიჩი და ჯამალ მარი ზრდას განაგრძობენ და ამის ხარჯზე კოლორადოელები საჩემპიონო ბრძოლაში ჩაერთვებიან. ბოსტონისგან განსხვავებით, დენვერს გრძელი გუნდი და დიდი როტაცია აქვს, თუმცა სამაგიეროდ, დასავლეთში კონკურენციაც უფრო მეტია.

დალას მავერიკსი

დასავლეთ კონფერენციაში ლოსანჯელესური კლუბების მთავარი კონკურენტი დალასია. NBA-ს მენეჯერების გამოკითხვაში, თუ ვის ელოდებიან ამ სეზონში MVP-დ, ლუკა დონჩიჩმა 34 პროცენტით პირველი ადგილი დაიკავა. ეს ლოგიკურია, რადგან შარშანდელი კოსმოსური სეზონის შემდეგ დონჩიჩი სავარაუდოდ კიდევ უკეთესი გახდება - არადა ჯერ მხოლოდ მისი მეორე სეზონია NBA-ში.

მენეჯერების პროგნოზი - დონჩიჩი MVP იქნება

დალასის ახალგაზრდული გუნდი მხოლოდ მოუმატებს და უახლოეს მომავალში NBA-ს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი გახდება. ამ სეზონის წინ სეტ კარი ჯოშ რიჩარდსონმა შეცვალა. კარი ბევრად უკეთესი მსროლელია პერიმეტრიდან, თუმცა რიჩარდსონი უფრო მაღალი კლასის მოთამაშეა და განსაკუთრებით დაცვაში დიდი ძალაა.

რაც ყველაზე მთავარია, დალასს ბიუჯეტი კიდევ ერთი ვარსკვლავის დამატების საშუალებას აძლევს, რაც ამ გუნდს ავტომატურად ჩემპიონობის უპირველესი ფავორიტების რიგში მოაქცევს.

საინტერესო გუნდები

NBA-ს რამდენიმე გუნდი ამ სეზონში გულშემატკივარის განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს. ერთ-ერთი მათგანი ჰიუსტონ როკეტსია, რომელიც დიდი ცვლილებების წინაშე დგას: შეცვალეს მთავარი მწვრთნელი და მენეჯერი, გაცვალეს რასელ ვესტბრუკი ჯონ უოლში. თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ საინტერესოა, თუ როგორ ითამაშებს ჯონ უოლი. გულშემატკივრის ინტერესს ისიც იწვევს, თუ როგორ შედგება უოლი-ჰარდენის დუეტი და საერთოდ, როგორ განვითარდება ჰარდენისა და ჰიუსტონის ურთიერთობა. ყველა შემთხვევაში ჰიუსტონი საკალათბურთო თუ არასაკალათბურთო მიზეზების გამო, სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტრიგაა.

უოლი და ჰარდენი თანაგუნდელები იქნებიან

დიდი ინტრიგაა ფილადელფია სიქსერსიც. გასული სეზონის კატასტროფის შემდეგ, ფილადელფიაში მწვრთნელად დოკ რივერსი მივიდა. სეზონის ერთ-ერთი მთავარი კითხვაც ის არის, თუ როგორ შეძლებს რივერსი ფილადელფიას გაცოცხლებას და აქამდე შეუთავსებელი სიმონსი-ემბიიდის დუეტის ერთ სისტემაში მოქცევას. დიდია იმის ალბათობაც, რომ ფილა ბენ სიმონსს შეელიოს. ყველა შემთხვევაში, ‘სიქსერსის’ მომავალი ბევრ კითხვას იწვევს.

ძალიან საინტერესოა გოლდენ სტეიტ უორიორსი. სტეფ კარი ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ბრუნდება და გოლდენ სტეიტი ახალ სიცოცხლეს იწყებს. კლეი ტომპსონის ტრავმის შემდეგ 'უორიორსი' ჩემპიონობის კანდიდატებს შორის აღარ მოიხსენიება, თუმცა საინტერესოა, თუ როგორ დაბრუნდება კარი, როგორ შეძლებს იგი ულიდეროს გუნდს კლეის და დურანტის გარეშე და გაიყვანოს გოლდენ სტეიტი თუნდაც პლეი ოფში. 'უორიორსს' რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა ჰყავს და მათი პროგრესი დიდწილად განაპირობებს, თუ რამდენად შეძლებს გოლდენ სტეიტი საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნებას.

საინტერესოა, როგორ განვითარდება იუტა ჯაზის მომავალიც. იუტა ძალიან სტაბილურად პლეი ოფის გუნდია, თუმცა პირველ წრეს ეს გუნდი ვერაფრით ცდება. თუკი ჯაზი ხარისხობრივად ახალ საფეხურზე ამ სეზონშიც ვერ ავიდა, მოსალოდნელია რუდი გობერის გაცვლა ან გუნდის რაიმე სხვა ფორმით გადახალისება. მოკლედ, ამ სეზონში იუტასთვის ბევრი რამ წყდება.

ტრადიციულად, გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესსა და სიმპათიას იწვევს პორტლენდი. დემიენ ლილარდის გუნდი ლიგაში ყველაზე მხიარულ და თავზეხელაღებულ კალათბურთს თამაშობს. წინა წლის პრობლემების შემდეგ, პორტლენდი საინტერესო გუნდი უნდა იყოს. ლილარდი-მაკკალუმი-ნურკიჩის სამეული შეტევაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ოთხშაბათს მთავარი საკალათბურთო ლიგა იწყება! პრობლემებისა თუ გამოწვევების მიუხედავად, გულშემატკივარს სანახაობა გარანტირებული აქვს. NBA ის ადგილია, სადაც განსაკუთრებული ამბები ხდება.

კომენტარები

ბოლო ამბები