Thumbnail

NBA | ოკლაჰომამ იუტასთან ისევ წააგო - რასი და მისი გუნდი კატასტროფის წინაშე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ოკლაჰომა სითი, რომელიც სეზონის სტარტზე და შემდეგ უკვე რეგულარულის მიმდინარეობისას ბევრი სპეციალისტის მიერ საჩემპიონო რბოლის ერთ-ერთ მონაწილედ მოიაზრებოდა, კატასტროფის წინაშეა. პლეიოფის სერიის მეოთხე მატჩი თანდერისთვის ზუსტად იმავე სცენარით წარიმართა, როგორც ორი დღის წინ, იმავე არენაზე წაგებული შეხვედრა.

ოკლაჰომამ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 6 ქულით მოიგო. თანდერს პრობლემები ამის შემდეგ შეექმნა. დანარჩენ სამ მეოთხედში იუტა დომინირებდა. დიდ შესვენებაზე უკვე ქუინ სნაიდერის გუნდი გავიდა ექვს ქულიანი უპირატესობით, მესამე მეოთხედის ბოლოს სხვაობამ 17 ქულა შეადგინა და ეს ჩამორჩენა საფინალო ზარამდე შენარჩუნდა.

ამ მატჩის წინ რას ვესტბრუკი საუბრობდა იმაზე, რომ შეძლებდა და რიკი რუბიოს შეაჩერებდა. ჯაზმენების ესპანელ გამთამაშებელს სერიის საუკეთესო თამაში არ უთამაშია (13 ქულა, 8 პასი, 6 მოხსნა), თუმცა წარმატებული არც რასის მოქმედებებს შეიძლება ეწოდოს. ჩაგდებული 23 ქულის, 3 პასის და 14 მოხსნის პარალელურად, ვესტბრუკმა პირველსავე მეოთხედში მოახერხა და 4 პერსონალური მიიღო, ხშირად ცდებოდა და სასროლ პოზიციებზეც რთულად გადიოდა.

გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა პოლ ჯორჯი. გადამწყვეტ მეოთხედში ჯორჯი სხვებზე ზუსტი იყო და საბოლოოდ შეხვედრაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებლით, 32 ქულით (2 პასი და 6 მოხსნა) დაასრულა. თანდერის "დიდი სამეულის" მესამე წევრმა, კარმელო ეტონიმ 36 წუთი ითამაშა და 11 ქულას და 6 მოხსნას მოუყარა თავი.

როგორც სერიაში გამოჩნდა, უიტა ჯაზს თავისი "დიდი სამეული" ჰყავს. დონოვან მიჩელმა შედეგიანობით ყველა გადაფარა, მან 33 ქულა ჩააგდო. ჯო ინგლსის ანგარიშზე 20 ქულაა, რუდი გობერტმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა - 16 ქულა და 10 მოხსნა.

მიჩელის ქულათა რაოდენობა რეკორდულია. ჯაზის ისტორიაში, პლეიოფის სერიაში ლიგის ახალწვეულს 33 ქულა არასდროს ჩაუგდია, საუკეთესო მაჩვენებელი დღევანდელ დილამდე კარლ მელოუნს ჰქონდა. ფოსტალიონის შედეგი 31 ქულა იყო.

სერია ოკლაჰომაში გაგრძელდება, თანდერის მისია რთულად შერულებადია, მსგავსი ჰანდიკაპის აღმოფხვრას გუნდები იშვიათად ახერხებენ. ბოლო ორ მატჩში, რასის და მისი თანაგუნდელების მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხი ნაკლები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
 

კომენტარები

ბოლო ამბები