Thumbnail

ჰოლანდიური საიტი Ajax Showtime აქვეყნებს რუსული მედიის ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მოსკოვის სპარტაკს ქვინსი პრომესის დაბრუნება სურს. ამის შესახებ "სპორტ ექსპრესი" წერდა. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელი 2014-2018 წლებში თამაშობდა სპარტაკში, სადაც ჯანო ანანიძის გუნდელი იყო. 

Ajax Showtime-ზე ამსტერდამის აიაქსის სატრანსფერო სიახლეებს აიაქსის ფანების განხილვა მოყვება ხოლმე. ფანები თავიანთ მოსაზრებებს აქვეყნებენ და კლუბს რჩევენს სთავაზობენ. პრომესის სანაცვლოდ ერთ-ერთი ფანი ამსტერდამულ კლუბს სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას სთავაზობს:

"ვფიქრობ, აიაქსი უნდა გადაერთოს ხვიჩა კვარაცხელიაზე. ის დიდებული მოთამაშეა აიაქსისთვის. სწრაფი და ტექნიკური, ძალიან ძლიერია და იოლად შეუძლია დრიბლინგით მეტოქეს გაცდეს. შესანიშნავი ტექნიკა და თამაშის სტილი აქვს, სწორედ ასეთი მოთამაშეების სანახავად დადის ხალხი სტადიონზე", - წერს აიაქსის ფანი Multi "შოუთაიმზე".

ნიდერლანდური Voetbal International-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო სეზონში აიაქსის დატოვება მექსიკელ ედსონ ალვარესს სურს. "შოუთაიმზე" ამ სიახლებაც დიდი დისკუსია გამოიწვია. კვარაცხელიას შეძენის აუცილებლობაზე აქაც წერენ.

"ალვარესის წასვლა პრობლემა საერთოდ არ არის, მაგრამ იმედი მაქვს აიაქსი რამდენიმე შენაძენს გააკეთებს. დამატებით მარცხენა შემტევი სასურველი იქნება, ასევე ერთი ნორმალური ხარისხის ნახევარმცველი. ამ შემთხვევაში, ტადიჩი შეძლებს თავის პოზიციაზე თამაშს. პირადად, კვარაცხელია ძალიან მომწონს მარცხენა ფლანგის შემტევის პოზიციაზე. ნახევარდაცვაში ერიკსენის იჯარით აყვანა შემდგომი გამოსყიდვის უფლებით კარგი იქნებოდა. უფრო იოლი ალბათ რაიან კრისტის მოყვანა იქნება, მას ნახევარდაცვაში ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში". 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს, ამ სეზონში მას კორონავირუსის გამო მთელი თვე გაუცდა, თუმცა რუბინის ფეხბურთელმა 15 თამაშში 2 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. ფეხბურთის ობსერვატორიამ (CIES) გამოითვალა და დაადგინა, ევროპის ტოპ-30 ლიგაში კვარაცხელია დრიბლინგში საუკეთესოა 21-წლამდელ ფეხბურთელთა შორის. "ტრანსფერმარკტის" მიხედვით, კვარაცხელია ქართველ ფეხბურთელებში ყველაზე ძვირი, 7.5 მილიონი ევრო ღირს. მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული, იყო საუბარი დორტმუნდის ინტერესზეც.     

კომენტარები

ბოლო ამბები