Thumbnail

პუტინიც დასაჯეს - CAS-ის სანქცია რუსეთის ხელისუფლებაზეც ვრცელდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უახლოესი ორი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებას. ეს გადაწყვეტილება სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS), მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსა (WADA) და რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (რუსადა) დავის შედეგად მიიღო.

CAS-ის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მსხვილ საერთაშორისო ტურნირებზე დასწრების აკრძალვა რუსეთის ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანზე ვრცელდება: მინისტრებსა და მათ მოადგილეებზე, პრემიერ-მინისტრსა და მის მოადგილეებზე, სახელმწიფო დუმის დეპუტატებზე და ასევე, პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციაზეც. 
 
გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუკი დასახელებულ თანამდებობის პირებს ამა თუ იმ ტურნირის მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი და ან პრემიერ-მინისტრი პირადად მიიწვევს. 

ასევე იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ან საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტის წევრია, ან პირადად არის ტურნირის მონაწილე სპორტსმენი ან გუნდის წევრი (მაგალითად, მწვრთნელი).

პუტინის რუსეთმა ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს უმასპინძლა

შეგახსენებთ, რომ  17 დეკემბერს, CAS-მა მხარი დაუჭირა WADA-ს გადაწყვეტილებას, რომელმაც მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიაში არსებული დარღვევების გამო რუსეთს დისკვალიფიკაცია გამოუწერა და ვადა 2 წლამდე ანუ 2022 წლის 16 დეკემბრამდე განსაზღვრა. შედეგად, რუსი სპორტსმენები უახლოესი ორი წლის განმავლობაში მსხვილ სპორტულ შეჯიბრებებზე (მათ შორის, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატსა და ოლიმპიადებზე) მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ და ჰიმნის გარეშე გავლენ, ამავდროულად კი, რუსეთს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ტურნირების მასპინძლობა არ შეეძლება.

კომენტარები

ბოლო ამბები