Thumbnail

ფიფას დაჯილდოებაზე რობერტ ლევანდოვსკის გამარჯვება ლოგიკური იყო - ამას ყველა ელოდა. სამაგიეროდ, ერთობ მოულოდნელი აღმოჩნდა წლის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპის დასახელება, რადგან მამაკაც მწვრთნელებში ფავორიტი ბაიერნის დამრიგებელი ჰანსი ფლიკი იყო.

ლივერპულის მწვრთნელმა The Best FIFA Football Awards ზედიზედ მეორედ მოიგო. გამარჯვებულის გამოცხადებისას თვითონ კლოპიც გაკვირვებული იყო. “საუკეთესო არ ვარ, მაგრამ ჯილდო მოვიგე,” - თქვა იურგენმა Live-ჩართვისას, რომელშიც ფლიკიც მონაწილეობდა. საუკეთესო სამეულში მათთან ერთად ლიდსის დამრიგებელი მარსელო ბიელსაც გახლდათ.

წაიკითხე ლევანდოვსკი საუკეთესოა! მესი და რონალდო ნომინანტებად დარჩნენ

“გამარჯვებულის გამოსავლენი წესების მიხედვით, კლოპმა ჰანს-დიტერ ფლიკს მცირედით აჯობა. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ქვეყნების ეროვნული ნაკრები გუნდების მწვრთნელების ხმები გამოდგა,” - ვკითხულობთ ფიფას განმარტებაში.

წესებში წერია, რომ თუკი ორ კანდიდატს ქულების თანაბარი რაოდენობა აქვს, გამარჯვებულად ვლინდება ის ფეხბურთელი, მწვრთნელი თუ მეკარე, რომელიც ჟიურის წევრებმა ყველაზე მეტჯერ დაასახელეს პირველ ადგილზე. მწვრთნელების შემთხვევაში, გადამწყვეტი მწვრთნელების ხმებია.

როგორც იცით, ხმებს ფანები, მწვრთნელები, ნაკრებების კაპიტნები და ფიფას მიერ შერჩეული სპორტული ჟურნალისტები აძლევდნენ. მედიის წარმომადგენლებმა უპირატესობა ფლიკს მიანიჭეს - 782 ქულა, კლოპს 578. ფანების რჩეულიც ბაიერნის მწვრთნელი იყო. ნაკრები გუნდების მწვრთნელებმა (კლოპი - 686, ფლიკი - 572) და კაპიტნებმა (კლოპი - 666, ფლიკი - 583) კი ლივერპულის დამრიგებელი გამოარჩიეს.

საინტერესოა, რომ უშუალოდ გერმანიაში წლის მწვრთნელი სწორედ ფლიკი გახდა, ოქტომბერში კი ბაიერნის დამრიგებელი უეფამაც წლის სპეციალისტად დაასახელა.

ჰანს-დიტერ (ჰანსი) ფლიკმა ბავარიული გრანდი 2019 წლის ნოემბერში ჩაიბარა და ამ პოსტზე ნიკო კოვაჩი შეცვალა. მის ხელში ბაიერნმა განუმეორებელი პროგრესი განიცადა და ყველაფერი მოიგო - გახდა გერმანიის ჩემპიონი, დაეუფლა გერმანიის თასს და ტრიუმფით დაასრულა მთავარი საკლუბო ტურნირი ჩემპიონთა ლიგაც.

“ტრიპლ-მწვრთნელო, გილოცავთ საუკეთესო სამეულში მოხვედრას! ჩვენთვის შენ პირველი ხარ!” - დაპოსტა ბაიერნმა სოციალურ ქსელებში დაჯილდოების შემდეგ.

“ძალიან ბევრ ადამიანს უნდა გადავუხადო მადლობა, განსაკუთრებით კი ჩემი სამწვრთნელო შტაბის წევრებს. ვერ ვიფიქრებდი, რომ მოვიგებდი, თორემ ახლა ისინი ყველანი ჩემთან ერთად იქნებოდნენ,” - გაოცება ვერ დამალა კლოპმა და დაამატა: “ბევრ ადამიანს გაუკვირდა, როცა ჩემი გვარი გამოაცხადეს. მეც ვფიქრობდი, რომ ჰანსი ფლიკს დაასახელებდნენ. ცხადია, ეს დიდი პატივია, თუმცა რთულად დასაჯერებელია.”

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების წინ ფლიკმა თქვა, ეს პრიზი ჩემთვის მეორეხარისხოვანიაო და დაამატა, რომ მისი აზრით ბიელსა აბსოლუტური ტოპ-მწვრთნელია - “კლოპზე რომ აღარაფერი ვთქვათ,” - დასძინა რეკორდმაისტერის დამრიგებელმა.

წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება სამ გერმანელ სპეციალისტს აქვს მიღებული - იუპ ჰაინკესს (ბაიერნი, 2013), იოახიმ ლიოვს (გერმანიის ნაკრები, 2014) და იურგენ კლოპს (შარშან და წელს).

კომენტარები

ბოლო ამბები