Thumbnail

ის ნამდვილად იმსახურებდა ამ ჯილდოს! 2020 წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი ფიფას ვერსიით რობერტ ლევანდოვსკია!

მიუნხენის ბაიერნის პოლონელმა ბომბარდირმა Best FIFA Football Awards მოიგო - გამოკითხულმა ნაკრები გუნდების მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და გულშემატკივრებმა მას ლიონელ მესიზე და კრიშტიანო რონალდოზე მეტი ხმა მისცეს.

ფავორიტად სწორედ ლევანდოვსკი მიიჩნეოდა, რომლის ბაიერნმაც წინა სეზონში ყველა ტიტული მოიგო. ციურიხში გამართულ დაჯილდოებაზე ჯამში 11 ჯილდო გაიცა: ასევე დასახელდნენ საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, საუკეთესო მამაკაცი და ქალი მწვრთნელი, საუკეთესო მამაკაცი და ქალი მეკარე, მსოფლიო ნაკრები ქალებსა და მამაკაცებს შორის. გარდა ამისა, გაირკვა "ფეარ პლეის" პრიზის, წლის საუკეთესო ფანის პრიზისა და პუშკაშის სახელობის პრიზის (ულამაზესი გოლისთვის) გამარჯვებულები.

შოუს დაწყებამდე პუბლიკას ონლაინ რეჟიმში ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მიმართა, რომელმაც 2020 წელს რთული და განსაკუთრებული უწოდა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა კორონავირუსის პანდემიასთან მებრძოლ მედიკოსებს. მან ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ორი ლეგენდის, დიეგო მარადონასა და პაოლო როსის გარდაცვალება. 

ფიფას "ფეარ პლეის" პრიზი 17 წლის იტალიელმა მატია აგნეზემ მიიღო, რომელმაც თანაგუნდელის, მატეო ბრიანოს სიცოცხლე იხსნა.

FIFA FIFPRO Men’s World11

4-3-3: ალისონ ბეკერი - ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი, ვირხილ ვან დეიკი, სერხიო რამოსი, ალფონსო დევისი - იოზუა კიმიხი, კევინ დე ბრუინე, ტიაგო ალკანტარა - ლიონელ მესი, რობერტ ლევანდოვსკი, კრიშტიანო რონალდო 

ყველა გამარჯვებული

საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
ფინალურ სამეულში ასევე იყვნენ: ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) 

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ლუსი ბრონზი (მანჩესტერ სიტი)
ფინალურ სამეულში ასევე იყვნენ პერნილ ჰარდერი (ჩელსი), ვენდი რენარი (ლიონი).

საუკეთესო მამაკაცი მეკარე: მანუელ ნოიერი (ბაიერნი)
ფინალურ სამეულში ასევე იყვნენ: ალისონი (ლივერპული), იან ობლაკი (ატლეტიკო)

საუკეთესო ქალი მეკარე: სარა ბუჰადი (ლიონი)
ფინალურ სამეულში ასევე იყვნენ: კრისტიანე ენდლერი (პსჟ), ალისა ნეერი (ჩიკაგო რედ სტარსი)

საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი: იურგენ კლოპი (ლივერპული)
ფინალურ სამეულში ასევე იყვნენ: მარსელო ბიელსა (ლიდსი), ჰანსი ფლიკი (ბაიერნი) 

ქალთა ფეხბურთის საუკეთესო მწვრთნელი: სარინა ვიგმანი (ნიდერლანდების ნაკრები)
ფინალურ სამეულში ასევე იყვნენ: ემა ჰაიესი (ჩელსი), ჟან-ლუკ ვასოუ (ლიონი) 

პუშკაშის სახელობის პრიზი (წლის ულამაზესი გოლი): სონი (ტოტენჰემი)
ფინალურ სამეულში ასევე იყვნენ: ჯორჯიან დე არასკაეტა (ფლამენგო, ბრაზილია), ლუის სუარესი (ატლეტიკო).

📺 ვიდეო: წლის საუკეთესო გოლი: ჰეუნ-მინ სონი (ტოტენჰემი)

მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების ნაკრები გუნდების კაპიტნებსა და მწვრთნელებთან ერთად, ონლაინგამოკითხვაში მონაწილეობა 200-ზე მეტმა ჟურნალისტმა და ფანებმაც მიიღეს. გამოკითხვა 25 ნოემბერს დაიწყო და 9 დეკემბერს დასრულდა.

შარშან, წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, საუკეთესო ქალი მოთამაშე კი - მეგან რაპინო. საუკეთესო მამაკაც მწვრთნელად ერთი წლის წინ იურგენ კლოპი დასახელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები