Thumbnail

კავანის რასიზმში ადანაშაულებენ - რა დაწერა ურუგვაელმა ინსტაგრამში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მანჩესტერის ფეხბურთელს ბრალი წაუყენა
  • თუკი ედინსონმა თავი ვერ იმართლა, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელ ედინსონ კავანი რასიზმის გამოვლინებაში ოფიციალურად დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მე-10 ტურში საუთჰემპტონთან მოგების (3:2) შემდეგ, კავანი სოციალურ ქსელში ქომაგებს პასუხობდა, როდესაც ერთ-ერთ მომხმარებელს მილოცვის საპასუხოდ დაუწერა "Gracias negrito", რაც ასე ითარგმნება “მადლობა, შავო”. 3 საათის შემდეგ ურუგვაელმა ფეხბურთელმა პოსტი წაშალა, თუმცა, მისი ნახვა მოასწრეს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაში და შესაბამისმა განცხადებამაც არ დააყოვნა:

“ედინსონ კავანის ბრალდება სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტის გამო წაეყენა, რომელიც რეგლამენტს არღვევს. არსებული წესების მიუხედავად, ფეხბურთელმა ინსტაგრამში განათავსა კომენტარი, რომელიც შეურაცხმყოფელი ხასიათის გახლდათ. კავანის ქმედება დამამძიმებელ გარემოებებსაც შეიცავს, რადგანაც არღვევს პუნქტს ადამიანის კანის ფერის, რასისა ან ეთნიკურ წარმომავლობის პატივისცემის შესახებ. კავანის ბრალდებაზე პასუხის გასაცემაც დრო 4 იანვრამდე აქვს”.

აღსანიშნავია, რომ თუკი 33 წლის ურუგვაელმა ფორვარდმა თავი შესაბამისად ვერ იმართლა, მას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის, ამდენად, მანჩესტერ იუნაიტედში საკითხს ძალიან სერიოზულად მიუდგნენ და საპასუხო განცხადებაც გაავრცელეს.

“ედინსონი და კლუბი ერთობლივად ვაცხადებთ, რომ მას არავის შეურაცხყოფის განზრახვა არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, მან პოსტი მალევე წაშალა და ბოდიშიც მოიხადა. ჩვენ ბრალდების არსს უფრო დაწვრილებით ვსწავლობთ და მას მომავალში ვუპასუხებთ”.

კავანი, რომელსაც კარიერის განმავლობაში პალერმოს, ნაპოლისა და პსჟ-ს რიგებშიც უთამაშია, მანჩესტერ იუნაიტედში მიმდინარე წლის ოქტომბერში გადავიდა და პრესტიჟული 7-ნომრიანი მაისური მიიღო. მიმდინარე სეზონში მან პრემიერლიგაში 6 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები