Thumbnail

'მისი თამაში ყოველთვის მოგვწონდა' - გლოსტერმა კვესელაძის ტრანსფერი დაადასტურა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მითხრეს, რომ სწორედ ისეთი მოთამაშე სჭირდებათ, როგორიც გასულ ტურნირზე ვიყავი'
  • 23 წლის 'ბორჯღალოსანმა' პრემიერშიპის გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ინგლისურმა სარაგბო კლუბმა გლოსტერმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა, რომ კონტრაქტი გააფორმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შუამარბ გიორგი კვესელაძესთან. 23 წლის ბორჯღალოსანმა გამორჩეულად ითამაშა გასულ “შემოდგომის ერთა თასზე” და ირლანდიასთან მატჩში ბრწყინვალე ლელოც დადო, რის შემდეგაც მისი პერსონით არაერთი ევროპული კლუბი დაინტერესდა. ყველას გლოსტერმა აჯობა, რომლის ოპერაციების დირექტორმა ალექს ბრაუნმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ჩვენ გიორგის პროგრესს აქამდეც ვაკვირდებოდით და მისი თამაში ყოველთვის მოგვწონდა, განსაკუთრებით კი თავი “შემოდგომის ერთა თასზე” გამოიჩინა. ძალიან გვინდა, რომ მან შესაძლებლობები პრემიერშიპშიც სცადოს და გვჯერა, რომ ჩვენს რიგებს კიდევ უფრო გააძლიერებს. გიორგი უახლოეს პერიოდში შემოგვიერთდება და გვჯერა, რომ გუნდთან ინტეგრაციას მალევე მოახერხებს”.

ინგლისურ ტრანსფერზე თავად გიორგი კვესელაძემაც ისაუბრა:

“შემოდგომის ერთა თასის” შემდეგ რამდენიმე შემოთავაზება მქონდა. ჩემმა აგენტმა გლოსტერთან დამაკავშირა, რამაც ძალიან გამახარა და 2-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. მათ მითხრეს, რომ სწორედ ისეთი მოთამაშე სჭირდებათ, როგორიც გასულ ტურნირზე ვიყავი. ჩემთვის ძალიან საამაყოა ასეთი ისტორიის მქონე გუნდში თამაში. კარგად ვიცნობ მის წარსულს და გახარებული ვარ, რომ მეძლევა შანსი, გავხდე გლოსთერის წევრი. ამავდროულად, ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევები იწყება. ვფიქრობ, ეს ჩემი განვითარებისთვის საუკეთესო გუნდია. დიდი ალბათობით, გლოსტერს შობამდე შევუერთდები”.

ცნობისთვის, გლოსტერი ერთ-ერთი უძველესი სარაგბო კლუბია. მისი ისტორია 147 წელს ითვლის და საშინაო თამაშებს კინგსჰოლმ სთედიუმზე ატარებს, სადაც 2015 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებსაც უთამაშიათ. გლოსტერი ხუთჯერ დაეუფლა ინგლისის პრემიერშიპის ვერცხლის მედლებს და ორჯერ გახდა ჩელენჯ ქაფის გამარჯვებული.

როგორც აღვნიშნეთ, კვესელაძემ "შემოდგომის ერთა თასზე" ირლანდიის ნაკრებთან ბრწყინვალე ლელო დადო, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ირლანდიასთან ლელომდე, გიორგიმ უელსთან 0:18 წაგებულ მატჩშიც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. სასიხარულოა, რომ მისი ლელო მესამე ტურის და მთლიანად ტურნირის საუკეთესო ლელოდ დასახელდა. გარდა ამისა, კვესელაძემ მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც დაიმსახურა.

📺 გიორგი კვესელაძის ლელო ირლანდიასთან

კომენტარები

ბოლო ამბები