Thumbnail

ნიკა ამაშუკელი: სასიამოვნოა, როდესაც ასეთი დონის გუნდებში ქართველებს ხვდები

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მნიშვნელოვანია, რომ ამ სისტემაში დავრჩე და კიდევ უფრო განვვითარდე'
  • საუკეთესო ქართველმა სარაგბო არბიტრმა ლესთერი-ბრივის მატჩი იმსაჯა

“შემოდგომის ერთა თასზე“ დებიუტის (შოტლანდია-საფრანგეთზე გვერდით მსაჯად) შემდეგ, საუკეთესო ქართველი მსაჯი ნიკა ამაშუკელი უკვე კარგად ნაცნობ ჩელენჯ ქაფზე გადაერთო. 26 წლის რეფერის ამ ტურნირზე დებიუტი ორი წლის წინ ჰქონდა და ერთი თამაში იმსაჯა. შარშან მას ჯგუფური ეტაპის ექვსი შეხვედრიდან ხუთი ანდეს, წელს კი, პირველი ორ ტურის მატჩებზე დანიშნეს. მათგან პირველი ინგლისური ლესთერისა და ფრანგული ბრივის დაპირისპირება იყო, რომელზეც ამაშუკელმა საქართველოს რაგბის კავშირთან ისაუბრა:

“ძალიან კარგია, რომ შეზღუდვების მიუხედავად, არაევროკავშირის წევრი ქვეყნის მსაჯმა, მაღალი დონის თამაშებზე დანიშვნა მაინც მივიღე. მნიშვნელოვანია, რომ ამ სისტემაში დავრჩე და კიდევ უფრო განვვითარდე. ელიტარული კლუბების თამაშები, ისევე როგორც ნაკრებების, სარაგბო ჭეშმარიტებაა. თავად თამაშში ძალიან კარგი იყო, მაღალი ტემპით, რომელსაც ლესთერი სულ უფრო წევდა და ბრივიც 70 წუთის განმავლობაში მედგრად იდგა, მაგრამ საბოლოოდ ინგლისელების კლასი შედეგზე აისახა. ასეთი თამაშების მსაჯობა ყოველთვის სასიამოვნოა, რადგან 3-5 მეტრიდან აკვირდები მაღალ დონეზე შესრულებულ ყველა დეტალს, იქნება ეს რაქში თამაში, ბოჭვის შესრულება თუ უპირატესობის შექმნა“.

გასულ მატჩში მოედანზე ამაშუკელის გარდა კიდევ სამი ქართველი იყო – ბადრი ალხაზაშვილი, ლუკა ჯაფარიძე და ირაკლი ცხადაძე, თანამემამულეების მატჩის მსაჯობა კი, ნიკასთვის დამატებითი სიამოვნებაა:

“ძალიან სასიამოვნოა როდესაც ასეთი დონის გუნდებში ქართველებს ხვდები. ბადრისთან ერთად ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი, დიდი ხანი არ მყავდა ნანახი და ძალიან გამიხარდა. ლუკა ჯაფარიძის და ირაკლი ცხადაძის შეხვედრა აქამდეც მიმსაჯია. გამიხარდა გოდერძი შველიძის ნახვა, რომელიც ძალიან თბილად შემხვდა და ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ. უკვე ვიცი როგორია მაღალი დონის რაგბი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ დონეზე რეგულარულად მსაჯობდე. სამწუხაროდ, დიდ 10-ში ჩვენს პოტენციალს ვერ ვიყენებთ, არადა, როგორც მოთამაშისთვის, მსაჯისთვისაც მნიშვნელოვანია კვირიდან კვირამდე ვითარდებოდეს. ვცდილობ უნარები მუდმივად განვავითარო და ვმუშაობ პატარა დეტალების გამოსასწორებლად. ლესთერი-ბრივის თამაშზე ძალიან კარგი შეფასება მივიღე, მაგრამ იყო პრობლემები კომუნიკაციასთან დაკავშირებით“.

ნიკა ამაშუკელი შოტლანდია-საფრანგეთის მატჩის წინ

19 დეკემბერს ნიკას კიდევ ერთი გამოცდა ელის. ამჯერად ის ბრიტანულ დაპირისპირებას იმსაჯებს – ინგლისური ვუსთერი უელსურ ოსპრეიზს უმასპინძლებს:

“წინ ბრიტანული დაპირისპირება მელის და სასიამოვნოა მისი ნაწილი რომ ვიქნები. ორივე გუნდი გამართულ, სწრაფ რაგბს თამაშობს. მაქვს ჩემი გეგმა და ვეცდები მის განხორციელებას“.

შეგახსენებთ, რომ ამაშუკელმა 2019-2020 წლების სეზონის ჩელენჯ ქაფზე ჯგუფური ეტაპის 5 მატჩი იმსაჯა და 9 ყვითელი და 2 წითელი ბარათი ჩამოარიგა. ის ასევე იყო რეფერი 2020 წლის 20-წლამდელთა ექვსი ერის ორ შეხვედრაში: საფრანგეთი – ინგლისი და ირლანდია – უელსი, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთის და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების მატჩში და PRO 14-ში ირლანდიური მანსთერისა და სამხრეთ აფრიკული კინგსის თამაშზე. ქართველ მსაჯს PRO D2-ში (ვანი-მონტობანი) დებიუტში ხელი COVID-19-ის პანდემიამ შეუშალა.

ნიკას ბოლო აღიარება ახლახანს დასრულებულ “შემოდგომის ერთა თასს” უკავშირდება, სადაც 22 ნოემბერს შოტლანდია-საფრანგეთის მატჩზე ინგლისელი უეინ ბარნსის ასისტენტი იყო. ამაშუკელს მარიფილდზევე 28 ნოემბერსაც უნდა ემსაჯა, მაგრამ ფიჯის ნაკრებში კოვიდ-ინფექციის აფეთქების გამო, შოტლანდიასთან მატჩი გაუქმდა.

კომენტარები

ბოლო ამბები