Thumbnail

565 დღის შემდეგ - ჩეხმა ჩელსის რიგებში ტოტენჰემთან ითამაშა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 38 წლის ვეტერანმა მეკარემ საწყის 17 წუთში 2 გოლი გაუშვა
  • მან დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ვარჯიში სექტემბერში განაახლა

სახელოვანმა ჩეხმა გოლკიპერმა პეტერ ჩეხმა ლონდონის ჩელსის მაისური კიდევ ერთხელ მოირგო და 565 დღის შემდეგ პირველი საფეხბურთო მატჩი ჩაატარა.

ეს, პრემიერლიგა 2-ში მოხდა, სადაც “არისტოკრატთა” ახალგაზრდული შემადგენლობა თანაქალაქელ ტოტენჰემს დაუპირისპირდა და 3:2 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ 38 წლის ჩეხმა 2 გოლი საწყის 17 წუთში გაუშვა, თუმცა, მისმა თანაგუნდელებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს, 3 ქულა აიღეს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.

ცხადია, ისმის კითხვა როგორ მოხვდა მინდორზე ვეტერანი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერა ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში დაასრულა და ამჟამად, ჩელსის ტექნიკურ დირექტორად მუშაობს. ბოლო პერიოდში პეტერი ინგლისური ჰოკეის კლუბ გილფორდ ფენიქსში უფრო იტვირთებოდა, თუმცა, სექტემბერში ჩელსის ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშიც განაახლა.

A year after retiring, 38-year-old Petr Cech returned to competitive action for the first time for Chelsea U23s 🧤

Posted by Bleacher Report Football on Monday, December 14, 2020


მაშინ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ჩეხი ოფიციალურ მატჩში ითამაშებდა, თუნდაც პრემიერლიგა 2-ის ეგიდით. ამის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ლონდონელთა 23-წლამდელების ძირითადმა მეკარე ლუკას ბერგსტრომმა გასულ შაბათს 18-წლამდელებში ითამაშა და დასვენება ესაჭიროებოდა, მისი შემცვლელი კარლო ციგერი კი ძირითადი გუნდის "ბაბლში" იყო და მისი წამოყვანა გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული.

ცნობისთვის, ჩეხი ჩელსის რიგებში 2004-2015 წლებშიც ირიცხებოდა და პრემიერლიგა 4-ჯერ მოიგო, ამდენჯერვე უმარჯვია ინგლისის თასსა და ლიგის თასზე, ამას გარდა კი, ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და ინგლისის სუპერთასის გამარჯვებულიცაა. ჩეხ გოლკიპერს ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 124 მატჩი აქვს ჩატარებული.
 

კომენტარები

ბოლო ამბები