Thumbnail

ქართულ ჰოკეის მხარდაჭერა სჭირდება - ინტერვიუ ოლივერ ობოლგოგიანთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვა
  • ოლივერ ობოლგოგიანის აქტივში 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა

საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დივიზიონში ბრწყინვალედ იასპარეზა, 5 მატჩიდან 4 მოიგო და მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვა. ქართველი ჰოკეისტების წარმატებას ქართულ სპორტულ სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საქართველოს ნაკრების რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო ოლივერ ობოლგოგიანი, რომელიმაც 8 გატანილი შაიბით და 6 საგოლე პასით 14 ქულა მოაგროვა და ამ კომპონენტში მხოლოდ ალექსანდრე ჟუჟუნაშვილს ჩამორჩა.

► ჰოკეის ნაკრები | სად, ვის, როგორ მოვუგეთ და რა მოხდება შემდეგ

ოლივერ ობოლგოგიანი მამით ქართველი და დედით ფინელია, მისი ისტორია კი სპორტის ქართველი მოყვარულებისთვის საინტერესო უნდა იყოს. საქართველოს ნაკრების ტრიუმფალური ასპარეზობის შემდეგ, ოლივერს კეიპტაუნში დავუკავშირდით... 

POPSPORT: გილოცავ წარმატებას. როგორ შეაფასებ ბოლო შეხვედრას ტაივანთან და მთლიანად, განვლილ ტურნირს?

ობოლგოგიანი: დიდი მადლობა. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ტურნირზე, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო. ამიტომ, მაქსიმალურად მოვინდომეთ, რომ საუკეთესო თამაში ჩაგვეტარებინა. საბედნიეროდ, ყველა კომპონენტში ვაჯობეთ მეტოქეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ, რომელმაც მეორე დივიზიონის საგზური მოგვიტანა. 

POPSPORT: საქართველოს ნაკრები არ იყო ტურნირის ფავორიტი. ელოდი ასეთ წარმატებას?

ობოლგოგიანი: ბევრს არ ეგონა, თუ საქართველოს ნაკრები ასეთ წარმატებას მიაღწევდა, თუმცა ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით. ბევრი ვიშრომეთ სწორედ იმისთვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დივიზიონში წარმატებით გვეასპარეზა. პირველი თამაშის შემდეგ, საკუთარი ძალების კიდევ უფრო ვირწმუნეთ. დიდი ხანი ველოდით ასეთ შანსს და გამოვიყენეთ კიდეც.

საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტ შეხვედრაში ტაივანი დაამარცხა

POPSPORT: როგორ ფიქრობ, შეუძლია საქართველოს ნაკრებს მეორე დივიზიონში წარმატების მიღწევა, სადაც გაცილებით ძლიერ გუნდებთან მოგიწევთ დაპირისპირება?

ობოლგოგიანი: რა თქმა უნდა, მეორე დივიზიონში გაცილებით ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს დაპირისპირება და ეს იქნება ახალი გამოცდილება ჩვენთვის. ერთი წელი გვაქვს მოსამზადებლად და მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ. უნდა გავაუმჯობესოთ როგორც ინდივიდუალური უნარები, ისე გუნდური თამაში და შანსები აუცილებლად გვექნება.

POPSPORT: ფინეთიდან ხარ, თუმცა ქართული წარმომავლობა გაქვს. რას გვეტყვი ოჯახის შესახებ? 

ობოლგოგიანი: დედა ფინელი მყავს, მამა კი ქართველი. თავიდან რუსეთში ვცხოვრობდი, შემდეგ კი მთელი ოჯახი ჰელსინკში გადავედით. დღეს, ფინეთში ვცხოვრობ და საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ. ქართული გუნდის, რუხი მგლების რიგებში ვთამაშობ და როგორც ხედავთ, საქართველოს ნაკრების ღირსებას ვიცავ. 

POPSPORT: საქართველოში თქვენმა გვარმა დიდი ინტერესი გამოიწვია. გულშემატკივრები კამათობდნენ კიდეც გვარის წარმომავლობაზე...

ობოლგოგიანი: მე ქართული გვარი მაქვს, რომელსაც საინტერესო წარმომავლობა აქვს. პაპის მამას გოგია ერქვა, რომელიც დაობლდა და მას შემდეგ დამკვიდრდა ჩვენი გვარი. პაპა დღეს მოსკოვში ცხოვრობს. 

POPSPORT: ჰოკეის თამაში ფინეთში დაიწყე. უფრო კონკრეტულად გვითხარი ფინური ცხოვრების შესახებ და როგორ მოხვდი საქართველოში? 

ობოლგოგიანი: 10 წლის ვიყავი, როდესაც მოსკოვიდან საცხოვრებლად ფინეთში გადავედით და სწორედ იქ დავიწყე ჰოკეის თამაში. სხვადასხვა გუნდებში ვიყავი, 4-5 წლის წინ კი საქართველოდან დამიკავშირდნენ, რომლებმაც იცოდნენ ჩემი წარმომავლობა და მითხრეს, რომ საქართველოში ჰოკეის გუნდი შეიქმნა. თავიდან ვერ დავიჯერე და ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია. ჩამოვედი და ასე დაიწყო ჩემი ქართული კარიერა. 

მომავალ წელს საქართველოს ნაკრები მე-2 დივიზიონში იასპარეზებს 

POPSPORT: როგორ მოგწონს საქართველო და როგორია სამომავლო გეგმები?

ობოლგოგიანი: ბევრს ვმოგზაურობ, დროის უდიდეს ნაწილს კი ჰელსინკში ვატარებ. თბილისი ძალიან მომწონს და როგორც კი მეძლევა საშუალება, ჩამოვდივარ. აქამდე, ჩემი ერთადერთი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დივიზიონში ასპარეზობა იყო. მხოლოდ ამ ტურნირზე ვიყავი კონცენტრირებული და სამომავლო გეგმებზე გამიჭირდება ლაპარაკი.

POPSPORT: საქართველოში ყინულის ჰოკეის ტრადიციები არ აქვს. როგორ ფიქრობ, რამდენად რეალურია რომ საქართველოში ჰოკეი სპორტის წარმატებული და პოპულარული სახეობა გახდეს?

ობოლგოგიანი: ქართულ ჰოკეის სჭირდება თანადგომა როგორც გულშემატკივრების მხრიდან, ისე მთავრობისგან. ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს და ახალი დარბაზები აშენდეს. მეტი ხელშეწყობა სჭირდება საქართველოს ჩემპიონატს, რაც მაყურებელსაც მოიზიდავს. კომპლექსური მუშაობის შედეგად, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ასეთ შემთხვევაში, ყინულის ჰოკეის ნამდვილად აქვს მომავალი.

კომენტარები

ბოლო ამბები