Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შესახებ, რომელსაც დღეს საფრანგეთის დედაქალაქმა პარიზმა უმასპინძლა. “ბორჯღალოსანთა” თავკაცის შეფასებას საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდი ავრცელებს:

“განთესვიდან გამომდინარე, იოლ ჯგუფს არც ველოდით. ლოგიკურად C ჯგუფში უნდა მოვხვდეთ და ფაქტობრივად იგივე გუნდებთან მოგვიწევს თამაში, ვისაც იაპონიაში ვეთამაშეთ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სხვა ჯგუფი უკეთესი იქნებოდა. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ მივლენ გუნდები მსოფლიო თასამდე. უელსი და ავსტრალია ფაქტობრივად ახალ გუნდს აშენებს, არავინ იცის როგორი იქნება ფიჯი 2023 წლისთვის. ამ ეტაპზე რამის თქმა ძალიან ძნელია. არ ვიცით რა იქნება მომავალში, ჩავატარებთ უკეთეს მატჩებს თუ ტიერ 1-ის გუნდებთან წლის განმავლობაში კვლავ ერთი-ორი თამაში გვექნება. როგორ წარიმართება ფრანჩაიზთან დაკავშირებული სიტუაცია”.

2023 წლის მსოფლიო თასის წილისყრის პროცედურა დღეს პარიზში შედგა

შეგახსენებთ, რომ 2021-2022 წლების რაგბი ევროპის ჯამური ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, საქართველო საფრანგეთში ევროპა 1-ის სტატუსით C ჯგუფში უელსთან, ავსტრალიასთან, ფიჯისთან და გლობალური საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულთან ითამაშებს. თუ საკვალიფიკაციო ეტაპიდან საფრანგეთის საგზური ურუგვაიმ მიიღო, რისი ალბათობაც დიდია, ზუსტად ისეთივე ჯგუფში ვიქნებით, როგორშიც 2019 წელს, იაპონიაში.

კომენტარები

ბოლო ამბები