Thumbnail

სევილიასთან 1:0, გლადბახთან 2:0, მადრიდულ დერბიში 2:0 - ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეალმა შედეგები გამოსწორა. ზინედინ ზიდანის გუნდი წლის ბოლო მატჩებს უკვე დამაჯერებლად იგებს. სამშაბათს, სამეფო კლუბს მომდევნო შეხვედრა აქვს - ბილბაოს ატლეტიკთან. ამ თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ზიდანმა საუბარი ჩემპიონთა ლიგით დაიწყო და მომავალი მეტოქე შეაფასა. როგორც იცით, დღეს გამართულმა წილისყრამ ცხადყო, რომ რეალი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბერგამოს ატალანტას დაუპირისპირდება.

“ატალანტა ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც ნებისმიერი გრანდის გამწარება შეუძლია. ეს მათ წინა სეზონშიც დაამტკიცეს. ასე რომ, ბერგამოელებს პატივისცემით უნდა შევხედოთ - ეს არ არის ადვილი მეტოქე. თუმცა ჩემპიონთა ლიგა თებერვლამდე დაგვემშვიდობა და ახლა ატალანტასთან მატჩებზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა,” - განაცხადა ზიდანმა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • ბაიერნი
  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • პსჟ
  • იუვენტუსი
  • რეალი
  • ბარსელონა
  • სხვა გუნდი

ფრანგის თქმით, რეალი ახლა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებზეა კონცენტრირებული: “ახლა სწორედ ბილბაოსთან თამაშზე ვფიქრობთ. ეს არის ჩვენი შანსი, რომ დავამტკიცოთ გუნდურობა და ის შედეგები, რაც მადრიდულ დერბიში და წინა შეხვედრებში დავაფიქსირეთ. ბრძოლა მორიგი 3 ქულისთვის იქნება. ჩვენ ატლეტიკოსთან 3 ქულა მოვიპოვეთ და მეტი არაფერი. გვინდა, ატლეტიკთანაც ვაჩვენოთ, რომ კარგ ფორმაში ვართ. სხვა არაფერი შეცვლილა, ყოველდღე ისევ ისე ვმუშაობთ, როგორც სევილიასთან მატჩამდე ვმუშაობდით.”

'მარსელოს ბრალი არ არის, რომ არ თამაშობს. ისკოსაც მე არ ვაძლევ შანსს'

ჟურნალისტებმა ზიდანს კვლავ ჰკითხეს მარსელოსა და ისკოზე. ორივე რეზერვისტად ჩამოყალიბდა, ისკო კი არ მალავს, რომ რეალის დატოვება სურს. “ჰო, მარსელო ცოტას თამაშობს. ჩვენ ვიცით, რა შეუძლია და რა აქვს რეალისთვის გაკეთებული. ფერლან მენდი ბოლო დროს ძალიან კარგია. წინ ბევრი მატჩია, მარსელომ შრომა უნდა გააგრძელოს და მზად იყოს. მე მისი ვარჯიშით უკმაყოფილო არ ვარ. მოკლედ, მარსელოს ბრალი არ არის, რომ არ თამაშობს. რაც შეეხება ისკოს: მასაც მე არ ვაძლევ შანსს. არ ვაძლევ საშუალებას, გამოაჩინოს, რა ფეხბურთელია. ძალიან ვწუხვარ ამ ფეხბურთელების გამო, ყველა ჩემი შეგირდი მიყვარს. არასდროს დამავიწყდება, რას მივაღწიე ამ მოთამაშეებთან ერთად. ისკომაც უნდა იშრომოს. ახლა ბევრს ჭორაობენ და ამაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჭორებს ვერ ვაკონტროლებ.”

ფრანგმა ისიც თქვა, რომ სეზონი გრძელია და სერიოზულ ცვლილებებს არ აპირებს: “არც არაფრის დამტკიცება არ მინდა. ერთადერთი სურვილი ის არის, რომ ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად გავაკეთო. მსიამოვნებს ამ დიდ კლუბში გატარებული ყველა მომენტი.”

კომენტარები

ბოლო ამბები