Thumbnail

კევინ დურანტი ამ დღეს ზუსტად 552 დღე ელოდა!

სწორედ ამდენი ხანი ვერ თამაშობდა NBA-ს სუპერვარსკვლავი 2019 წლის ფინალურ სერიაში აქილევსის მყესის გაწყვეტის შემდეგ. KD-ის დიდი დაბრუნება ამავდროულად ბრუკლინ ნეტსში მისი დებიუტი გახლდათ - პრესეზონის ფარგლებში ნეტსმა ვაშინგტონ უიზარდსი 119:114 დაამარცხა.

დურანტის პირველივე სამი სროლა წარმატებული იყო, საბოლოო ჯამში კი თითქმის 24 წუთში 15 ქულა დააგროვა - ხუთი 2-ქულიანი და ხუთი საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი ორჯერ არაზუსტად ესროლა. KD-ის ასევე 3 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა. ეს გრანდიოზული შედეგი არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ 552-დღიან პაუზას და იმ ფაქტს, რომ ეს მხოლოდ ახალი სეზონისთვის მზადების პროცესია, ნამდვილად ძალიან კარგი დაბრუნებაა. თანაც, დურანტს აი, ასეთი მომენტი ჰქონდა:

“ცოტა შეშინებული ვიყავი და ვნერვიულობდი. ამ მომენტს იმდენხანს წარმოვიდგენდი… ძალიან მაგარი შეგრძნება იყო დაბრუნება,” - განაცხადა 31 წლის დურანტმა მატჩის შემდეგ.

ახალმა მწვრთნელმა სტივ ნეშმა KD-ის თითქმის 24 წუთი მისცა. მასზე მეტი დრო (რამდენიმე წამით) პარკეტზე მხოლოდ სპენსერ დინვიდიმ გაატარა. ნეტსმა ჯერაც კარის ლევერტის გარეშე ითამაშა, კაირი ირვინგი კი 17 წუთში 18 ქულით ყველაზე პროდუქტიული იყო.

ბრუკლინი მთელ პირველ ტაიმში დომინირებდა. მეორეში უიზარდსმა თამაში გამოასწორა და დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონი რასელ ვესტბრუკის, ბრედლი ბილისა და დევის ბერტანსის გარეშე თამაშობდა (სამივე დაასვენეს). მათ არყოფნაში ძალიან კარგი იყო ახალწვეული დენი ავდიია, რომელმაც 15 ქულა დააგროვა. ვიდეოში მატჩის ყველა მთავარ მომენტს ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები