Thumbnail

ალექსანდრე მერკვილაძის კალ სტეიტ ნორტრიჯმა მიმდინარე სეზონში ოთხიდან მე-3 მატჩი მოიგო, 18 წლის ქართველმა კალათბურთელმა კი მოედანზე 37 წუთი გაატარა (ამდენი პირველად ითამაშა) და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.

მატადორსმა პეპერდაინ ვეივსს 89:84 სძლია, მერკვილაძე კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 13 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ალექსმა (მას ამერიკაში ასე მოიხსენიებენ) 9-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

მიმდინარე სეზონის 4 მატჩში ქართველი მძიმე ფორვარდის საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 33.0 წუთი, 12.3 ქულა, 9.3 მოხსნა, 1.0 პასი. 1.0 ჩაჭრა. შეგახსენებთ, რომ კალ სტეიტი NCAA-ს ბიგ ვესთის კონფერენციაში თამაშობს, მომდევნო მატჩში კი 16 დეკემბერს სტენფორდ კარდინალს დაუპირისპირდება.

დღესვე გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისმა მისური ტაიგერსთან 78:81 წააგო, ქართველმა ლეგიონერმა კი 13 წუთში ნასროლი ერთადერთი ორქულიანი ააცილა და 1 მოხსნას დასჯერდა, პასივში კი 2 დაკარგვა და 4 პერსონალური ფოლი ჰქონდა. ილინოისს ბიგ თენის კონფერენციაში 4 მოგება და 2 მარცხი აქვს, მომდევნო მატჩი კი 16 დეკემბერს მინესოტა გოლდენ გოფერსთან ელის.

📺 ალექსანდრე მერკვილაძის "ენდ ვანი" პეპერდაინთან

კომენტარები

ბოლო ამბები