Thumbnail
  • ქართველი ცენტრი მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა
  • იბეროსტარ ტენერიფეს 13 მატჩში 12 მოგება აქვს

გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა, რაშიც ქართველმა ცენტრმა დიდი წვლილი შეიტანა. ტენერიფელები ამჯერად სან პაბლო ბურგოსს დაუხვდნენ და გუნდს, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი თად მაკფადენი იცავს, 84:79 სძლიეს.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 29 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 6 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

გაცილებით ნაკლებშედეგიანი მატჩი ჰქონდა მაკფადენს, რომელმაც 22:59 წუთში 7 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თადმა 3-ვე ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, 2 სამქულიანი კი ააცილა.

იბეროსტარ ტენერიფეს 13 მატჩში 12 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის რეალს ჩამორჩება, სან პაბლო ბურგოსი კი 8 გამარჯვებით მეშვიდეა. 20 დეკემბერს ტენერიფე თორნიკე შენგელიას ყოფილ კლუბ ბასკონიას ესტუმრება, ბურგოსელებს კი მანრესასთან საშინაო თამაში ელით.

📺 იბეროსტარ ტენერიფე 84:79 [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები