Thumbnail

'ეს ჩემი მაქსიმუმი არ არის' - კიტეიშვილის ორი საგოლე პასი ბუნდესლიგაში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ოთარ კიტეიშვილის 2 საგოლე პასი ავსტრიაში
  • ქართველი ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ მაგარ ფორმაში დაბრუნდა

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში ოთარ კიტეიშვილის შტურმმა ადმირა 3:0 დაამარცხა და ქართველმა ნახევარმცველმა ორი საგოლე პასი გააკეთა. ოთარმა 43-ე წუთზე იონ სტანკოვიჩს, ხოლო 58-ე წუთზე კევინ ფრაისენბიხლერს გაატანინა.

24 წლის ქართველი ნახევარმცველი თვენახევრიანი უქმობის შემდეგ მოედანზე არც ისე დიდი ხნის წინ დაბრუნდა, მაგრამ სწრაფად მოახერხა მაგარ ფორმაში შესვლა - წინა ტურში დუბლი შეასრულა, ამჯერად 2 საგოლე პასი მიითვალა.

კიტეიშვილმა ადმირასთან მატჩი შეაფასა და საკუთარ თამაშზეც გააკეთა კომენტარი:

"თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ადმირას საქმე გაუადვილდა, რადგან კონცენტრაცია დავკარგეთ. ძალიან გაგვიჭირდებოდა გოლი რომ გაგვეშვა ან პირველი ტაიმის ბოლოს არ გაგვეტანა.
ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც გუნდს გოლით ან საგოლე პასით ვეხმარები. ფეხბურთელის მოვალეობაც ეს არის. ყველა თამაშში ვცდილობ მაქსიმუმი გავიღო, ბედნიერი ვარ მაშინაც, როდესაც გოლს ვერ ვიტან და ვერც საგოლე გადაცემას ვაკეთებ, მაგრამ მაინც ვიმარჯვებთ. მთავარი ის არის, რომ ისევ ყველაფერი გავაკეთეთ და თამაში მოვიგეთ. თუმცა, უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია, ეს არ იყო ჩვენი მაქსიმუმი და მომატება შესაძლებელია", - თქვა კიტეიშვილმა.

კიტეიშვილმა ტრავმის შემდეგ 2 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა

ოთარ კიტეიშვილის თამაშით ძალიან კმაყოფილია შტურმის მთავარი მწვრთნელი კრისტიან ილცერი, რომელიც ქართველ ფეხბურთელს გუნდის ლიდერად მიიჩნევს და საქებარი სიტყვები არ დაუშურებია.

"ის ლიდერია, რომელიც ყოველთვის მუშაობს საკუთარ თავზე. არასდროს არის კმაყოფილი, მიწაზე დგას და გუნდისთვის საოცრად მუშაობს. თუმცა აქვს ინდივიდუალური კლასიც იმისთვის, რომ რთული თამაშები თავის თავზე აიღოს და სწორად წარმართოს. სერიოზული ტრავმის შემდეგ ჩვენმა სამედიცინო შტაბმა კარგად იმუშავა და კიტეიშვილი ძალიან ძლიერი დაბრუნდა", - აღნიშნა ილცერმა.

გრაცის შტურმი ავსტრიის ბუნდესლიგაში 10 მატჩში მოპოვებული 21 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერ ლასკს 2 ქულით ჩამორჩება. კიტეიშვილმა კი მიმდინარე სეზონში 7 თამაშში 3 გოლთან ერთად 2 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები