Thumbnail
  • რეალი 2:0 ატლეტიკო | 1:0 კაზემირო (15), 2:0 ობლაკი (63. საკუთარ კარში)
  • ზინედინ ზიდანისა და დიეგო სიმეონეს შეფასებები

ლა ლიგის მე-13 ტურის მთავარი მატჩი მადრიდული დერბი იყო, რომელიც ზინედინ ზიდანის რეალმა 2:0 მოუგო დიეგო სიმეონეს ატლეტიკოს. მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელმა ამ თამაშზე ილაპარაკა.

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "ისევე, როგორც ბოლო მატჩმა ჩემპიონთა ლიგაზე, ატლეტიკოსთან შეხვედრამაც ძალიან გამახარა. ამ გუნდს 10 ტურში 26 ქულა ჰქონდა წაგების გარეშე!
ატლეტიკოს მთელს მოედანზე გასაქანი არ დავუტოვეთ, ყველგან ვავიწროებდით. მათ მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდათ, საულს შეეძლო გატანა, დანარჩენი კი ჩვენი კარნახით წარიმართა, თამაშს სრულად ვაკონტროლებდით. 

კროოსისა და მოდრიჩის წყალობით, ბევრი სივრცე აღმოვაჩინეთ მეტოქის ნახევარზე. ეს ორი ფეხბურთელი ძალიან მაგარია, ისინი განსაკუთრებულები არიან. ქარიმიც ასევე, ლუკასი - ის ფენომენია და ჩვენი კაპიტანი, ვარანი... ყველა ძალიან კარგია.

როტაცია? ვნახოთ, სიმართლე ის არის, რომ ბოლო სამ მატჩში ნაკლები ცვლილება იყო, თუმცა მე ყველა ჩემს ფეხბურთელს ვენდობი. მართალია, ბოლო ორი თამაში საოცარი იყო, მაგრამ კმაყოფილების საბაბი არ გვაქვს - ჯერ არაფერი მოგვიგია. საოცარი კვირა გამოგვივიდა, ახლა კი სამშაბათის მატჩზე უნდა ვიფიქროთ. 

კრიტიკამ დადებითად იმოქმედა? არ ვიცი, ჩვენთვის მთავარია, გვჯეროდეს რასაც ვაკეთებთ. დღეს ვანახეთ, რომ რეალმა იცის ფეხბურთის თამაში. რაღაც რაღაცები ჩვენც გვწყინს, მაგრამ ეს მხოლოდ გვაძლიერებს. კრიტიკა ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. უნდა შეგეძლოს მისი ატანა. 

📺 რეალი v ატლეტიკო [მიმოხილვა]

დიეგო სიმეონე (ატლეტიკოს მწვრთნელი): "თამაში ცუდად დავიწყეთ, მეტოქე აკონტროლებდა მის მიმდინარეობას. ბურთი უფრო მათ ჰქონდათ, პოზიციებიც - უკეთესი. გოლიც მნიშვნელოვან მომენტში გაიტანეს, ჩვენთვის პირველივე ტაიმში თამაშის ხარისხის გაუმჯობესება ძნელი აღმოჩნდა. 
მეორე ტაიმი განსხვავებული იყო, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ ვიხეირეთ, გოლი კი ისევ გავუშვით. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და წინ წავიდეთ". 

დიეგო სიმეონეს გუნდის 26-ტურიანი წაუგებელი სერია შეწყდა

საინტერესო ფაქტები

📌 ზინედინ ზიდანი ლა ლიგაში ატლეტიკოსთან მადრიდულ დერბიში 7 მატჩია, რაც არ დამარცხებულა (3 მოგება, 4 ფრე). რეალის მწვრთნელს ასეთი შედეგი 1986 წლის მერე არ ჰქონია.

📌 ტონი კროოსმა 90-დან 87 ზუსტი პასი გააკეთა. 2005/06 წლების სეზონიდან მოყოლებული, ეს მადრიდული დერბის რეკორდია. 

📌 ატლეტიკო ლა ლიგაში 2020 წლის თებერვლის მერე პირველად დამარცხდა. გუნდმა მაშინაც რეალთან წააგო (0:1). ასე დასრულდა 26-მატჩიანი წაუგებელი სერია ლა ლიგაში (17 მოგება, 9 ფრე). 

📌 რეალმა 2003/04 წლების სეზონის მერე პირველად შეძლო და მეტოქეს კარისკენ ერთხელაც არ დაარტყმევინა პირველ ტაიმში. 

📌 ექტორ ერერა (ატლეტიკო) გახდა მე-6 მექსიკელი, ვინც მადრიდულ დერბიში ითამაშა. 

📌 ქარიმ ბენზემამ რობერტო კარლოსს გაასწრო და გახდა საუკეთესო არაესპანელი რეალში თამაშების რიცხვით - 528 მატჩი.

ამ გამარჯვებით "სამეფო კლუბმა" 23 ქულა (12 თამაშიდან) მოაგროვა და მესამე ადგილზეა, ატლეტიკო კვლავ რჩება პირველ ადგილზე 26 ქულით (11 თამაშიდან). 

კომენტარები

ბოლო ამბები