Thumbnail

ფუტსალის ლიგა: პლეი ოფის ოთხივე მონაწილე გარკვეულია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მართვე 7:5 თბილისი
  • აგორა 11:1 აფხაზეთი
  • თელასი 4:3 ბსუ
  • ტატიშვილი 4:2 კოლხი

ქუთაისსა და თბილისში საქართველოს ფუტსალის ლიგის მე-16 ტურის შეხვედრები გაიმართა. 

ქუთაისში მართვემ თბილისს უმასპინძლა და მოულოდნელად, 7:5 დაამარცხა მეტოქე. ეს ქუთაისური გუნდის მე-3 გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი 4 გატანილი გოლით ოთარ ბერეჩიკიძეა.

იოლი გამარჯვება მოიპოვა აგორამ, რომელმაც აფხაზეთი 11:1 დაამარცხა. საკუთარ გუნდს ჰეთთრიკით დაეხმარა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გიგა დანელია, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში უკვე 25 გოლია.

საინტერესო და დაძაბული გამოდგა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სტუ-თელასის დაპირისპირება. თელასმა გადამწყვეტი გოლი თამაშის დასრულებამდე 20 წამით ადრე გაიტანა და 4:3 მოიგო.

გამარჯვების გოლი გიორგი სოზაშვილმა გაიტანა, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა. ამ გამარჯვებით, თელასმა პლეი ოფისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ ბსუ-ს 15 ქულით გაუსწრო და 1/2 ფინალში ასპარეზობა ოფიციალურად გაინაღდა.

ტური გამორჩეული შეხვედრით დასრულდა. ტატიშვილმა დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხა კოლხი-გულრიფში და სატურნირო ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.

სანახაობრივ თამაშში ემოციებიც ბევრი იყო, რაზეც მსაჯის მიერ ნაჩვენები ორი ყვითელი და სამი წითელი ბარათი მოწმობს. 

16 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 39 ქულით ტატიშვილი ლიდერობს და უახლოეს მდევარ აგორას 2 ქულით უსწრებს. 35 ქულა აქვს მესამე ადგილზე მყოფ კოლხს, ხოლო თელასი 34 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. სწორედ ეს ოთხი გუნდი იასპარეზებს პლეი ოფში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები