Thumbnail
  • ხიმკი 87:96 ცსკა
  • თორნიკე შენგელია: 5 ქულა, 4 მოხსნა

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-13 ტურის მატჩში მოსკოვის ცსკა-მ, სადაც თორნიკე შენგელია თამაშობს, რუსულ დერბიში ბოლო ადგილზე მყოფი ხიმკი 96:87 დაამარცხა. ოლიმპიაკოსთან 19-ქულიანი უპირატესობით გამარჯვების შემდეგ, ხიმკისთან მხოლოდ 9 ქულით მოგებას ბევრი არ ელოდა. აღსანიშნავია, რომ ცსკა-მ მესამე მეოთხედი წააგო, თუმცა შენგელიას გუნდის გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ მთელი მატჩის განმავლობაში არ დამდგარა. ცსკა თამაშს აკონტროლებდა და მატჩი გამარჯვებამდე უპრობლემოდ მიიყვანა.

პარკეტზე საუკეთესო ცსკა-ს გამთამაშებელი მაიკ ჯეიმსი გახლდათ, რომელსაც სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა. მის ანგარიშზე 36 ქულა, 9 მოხსნა და 10 პასია. სერბმა ნიკოლა მილუტინოვმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 11 ქულითა და ამდენივე მოხსნით.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 19 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 5 ქულა დააგროვა და 4 მოხსნა გააკეთა. მან ექვსიდან ორი 2-ქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ სამქულიანი ერთხელ ისროლა, მაგრამ უშედეგოდ. 2 მოხსნა დაცვაში ჰქონდა, 2-იც შეტევაში.

მოსკოვის ცსკა-ს 13 ტურის შემდეგ 10 მოგება აქვს და ლიდერია. მეორე ადგილზე ბარსელონაა 9 მოგებით. შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს 15 დეკემბერს, თურქულ ანადოლუ ეფესთან გამართავს, რომელსაც 7 მოგება აქვს და ახლა მე-9 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები