Thumbnail

‘მეც არასწორად ვიქცეოდი’ - ფეტელმა ბოლო რბოლის წინ შეცდომები აღიარა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სებასტიან ფეტელისთვის აბუ დაბის გრანპრიზე ფერარის კოკპიტში ბოლო იქნება
  • გუნდიდან წასვლის წინ გერმანელმა დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა

სებასტიან ფეტელის ბოლო სეზონი ფერარიში თავად გერმანელსაც სხვანაირად წარმოედგინა და სკუდერიას ფანებსაც. თუმცა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ცხადი გახდა, რომ ეს სეზონი სებასთვის აბსოლუტური ფიასკოთი დასრულდებოდა. ახლა, აბუ დაბის გრანპრის წინ, რომელიც გერმანელისთვის იტალიურ საჯინიბოში ბოლო იქნება, სებამ გულახდილად ისაუბრა და თავისი შეცდომებიც აღიარა.

“ხანდახან, რა თქმა უნდა, თვითონ ადამიანი უშლის ხელს საკუთარ თავს. ცხადია, არის რაღაცები, რაც არასწორად გავაკეთე. იყო მომენტები, როცა შეცდომები დავუშვი. ზოგჯერ, შეცდომებს მიდგომაში ვუშვებდი, ზოგჯერ ადამიანებთან საუბრისას, ზოგჯერ პრიორიტეტები დავსახე არასწორად,” - განაცხადა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ჟურნალ Focus-თან ინტერვიუში.

'არ იქნება სწორი, ვიფიქრო, რომ მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებებია სწორი'

33 წლის ფეტელი იმედოვნებს, რომ მის მომავალ გუნდში, ასტონ მარტინში, უკეთესი გარემო ექნება: “ყველა ადამიანი განსხვავებულია, მაგრამ ყველა ადამიანი ისურვებდა ისეთ გარემოს, სადაც ხალხი ერთმანეთს გვერდში უდგას და სადაც ადამიანები ერთმანეთისთვის მუშაობენ.” - დასძინა სებამ.

გერმანელის თქმით, იგი მზადაა, საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს: “ახალი სეზონიდან ბევრ ახალ ადამიანს გავიცნობ, მუშაობის ახალ სტილს. არ იქნება სწორი, ვიფიქრო, რომ მხოლოდ ჩემი გზა და ჩემი გადაწყვეტილებებია სწორი.”

კითხვაზე, რა კონკრეტულ მიზანს ისახავს მომდევნო სეზონში ასტონ მარტინთან ერთად, ფეტელმა ასე უპასუხა: “კონკრეტულ შედეგებზე ან გამარჯვებებზე არ ვფიქრობ. ჯერ ყველაფრის კარგად გაცნობა მაქვს მიზნად დასახული. დანარჩენი თავისით მოვა და ჩამოყალიბდება.”

მანამდე, სებასტიან ფეტელს ფერარისთან ერთად უკანასკნელი რბოლა ელის. სკუდერიასთან ერთად 6 წელიწადში მან 14 გამარჯვება იზეიმა, ორჯერ გახდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, მაგრამ ბოლო ორ სეზონში ფერარისაც და ფეტელსაც დიდი რეგრესი ჰქონდათ. 2020 წლის სეზონის ბოლო რბოლის წინ სებას მხოლოდ 33 ქულა აქვს და მე-13 (!) ადგილზეა. ფერარი კი, კონსტრუქტორთა შორის, 131 ქულით მე-6 პოზიციაზეა. მერსედესისა და ლუის ჰემილტონის პირველობა დიდი ხანია, გადაწყდა.

კომენტარები

ბოლო ამბები