Thumbnail

ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე NBA-ს ახალი სეზონისთვის ემზადება, სადაც ბევრის აზრით, მას გაცილებით სერიოზული როლი დაეკისრება. ამაზე პირველი მინიშნება ინდიანელთა საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტმა კევინ პრიტჩარდმა გააკეთა, რომელმაც ქართველი ცენტრის მოტივაციას მაღალი შეფასება მისცა.

პრიტჩარდის თქმით, ბითაძე “ენთუზიაზმითაა სავსე” და აღარ ჰგავს იმ კალათბურთელს, რომელიც NBA-ში მისთვის სადებიუტო სეზონში იყო. კარგი ისაა, რომ გოგას აღარ აწუხებს ტკივილი მუხლში, რამაც წინა სეზონში მას პრობლემა არაერთხელ შეუქმნა. სხვათა შორის, ქართველი კალათბურთელი იმასაც ამბობს, რომ პრიტჩარდის განცხადებამ მასზე იმედისმომცემად იმოქმედა.

“უბრალოდ, მინდოდა, ბოლო თვეებში საკუთარი სხეული მეტ წესრიგში მომეყვანა. ვფიქრობ, რომ ახლა გაცილებით მომწიფებული ვარ. ვიცი, მოსამატებელი რაში მქონდა და ამაზე ვმუშაობდი. საქართველოში გატარებულმა პერიოდმაც ხელი შემიწყო. ამან ჩემზე დადებითად იმოქმედა, რადგანაც იქ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ჩავდივარ”.

ცნობისთვის, პეისერსი NBA-ს სეზონისწინა მატჩებში სულ მალე ჩაებმება. ბითაძის კლუბი 13 და 15 დეკემბერს კლივლენდ კავალიერსს ეთამაშება, ხოლო 19-ში ფილადელფია სიქსერსს გაეჯიბრება. გასულ სეზონში ბითაძის საშუალო მაჩვენებლები ასეთი იყო: 8.7 წუთი, 3.2 ქულა, 2.0 მოხსნა, 0.7 დაფარება.

კომენტარები

ბოლო ამბები