Thumbnail

'ჩემი გული დაობლებულია' - ბუფონი როსის ემოციურად დაემშვიდობა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

დიეგო მარადონას გარდაცვალებიდან ზუსტად ორ კვირაში საფეხბურთო სამყარომ კიდევ ერთი დიდი დანაკლისი განიცადა. იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი გმირი პაოლო როსი 64 წლისა გარდაიცვალა. როგორც ცნობილი გახდა, როსის უკურნებელი დაავადება ჰქონდა და მასთან გამკლავება ვერ შეძლო.

როსის იტალიური ფეხბურთის გამორჩეული ლეგენდა ჯანლუიჯი ბუფონი ემოციური წერილით დაემშვიდობა:

"ამ ტრაგიკულ წელს, რომელიც, როგორც იქნა, მთავრდება, სხვებთან ერთად პაბლიტოც გვტოვებს. მე არ ვარ მიჩვეული სპეციალური სამახსოვრო წერილების წერას. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის წინაშე ყველა თანასწორეი ვართ, არის რაღაც, რაც ერთმანეთისგან განასხვავებს ადამიანებს, სანამ ცოცხლები ვარ. ასეთ დრამატულ წელს, როდესაც კობი ბრაიანტმა და მარადონამ დაგვტოვეს, მათ პაოლო როსიც დაემატა.

პაოლო როსი, რომელიც ბევრმა ახალგაზრდამ არც კი იცის, ვინ იყო ის. ის ჩემს ბავშვობას ეკუთნის, ეკუთვნის იმ ბავშვს, რომელსაც 1982 წლის, ისევე როგორც 1983 და 1984 წლის ზაფხულში 20-ნომრიანი ლურჯი მაისურა ამაყად ეცვა და ფეხბურთის თამაშის დროს გატანილი გოლის შემდეგ ყვიროდა: ‘პაბლიტოს გოლი... პაბლიტოს გოლი... ისევ გოლი!!!’

მნიშვნელობა არ აქვს, რომ მაისურა გრძელი იყო, მთავარი მასთან ურთიერთობა იყო, მასთან ყოფნა იმ იმედით, რომ რაღაც სასწაული მოხდებოდა. აქ, ღრმად განსხვავებულ იტალიაში, რომელიც იტანჯებოდა, მას შეეძლო წებოს როლი ეთამაშა და ჩვენ დაგვაახლოვა. გავერთიანდით, გავიხარეთ, თითქოს, მთელი ბოროტება და ყველა პრობლემა უკან გვრჩებოდა.

ამ დილით, როდესაც ჩემი შვილები სკოლაში მიმყავდა, ვცდილობდი მათთვის მეთქვა ვინ იყო პაოლო როსი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მაინტერესებდა გაეგოთ, რას ნიშნავს ის ჩემთვის. ექვსი სიტყვით ის იყო - შთაგონება, გამოსყიდვა, ოცნება, ემოცია, ბედნიერება, სიამაყე - ის იყო იგივე, რასაც მარადონა წარმოადგენდა ნეაპოლისთვის. ზუსტად იგივე, და ამიტომ, დღეს ჩემი იტალიელი გული და სული თავს ძალგამოცლილად გრძნობს, დაობლებულია. მშვიდობით დიდებულო პაბლიტო და კიდევ ერთხელ მადლობა".

შეგახსენებთ, რომ პაოლო როსი 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონი, იმავე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა, ხოლო წლის ბოლოს "ოქროს ბურთი" მოიგო. როსიმ იტალიის ნაკრებში 1977-1986 წლებში 48 თამაშსი 20 გოლი გაიტანა, მათ შორის 9 მუნდიალების ფინალურ ეტაპზე. საკლუბო კარიერაში საუკეთესო პერიოდი ტურინის იუვენტუსში გაატარა, რომლის რიგებში ორჯერ სკუდეტო, თითოჯერ ჩემპიონთა თასი, ევროპის სუპერთასი, თასების თასი და იტალიის თასი მოიგო. თავის დროზე, პაოლო როსი სერია A-ს, სერია B-ს, ჩემპიონთა თასისა და მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები