Thumbnail

რუსი პილოტი სექსისტურ სკანდალში - შუმახერის თანაგუნდელი ალბათ ვეღარ გახდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რუსი მრბოლელი სექსისტურ სკანდალში გაეხვა
  • ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ‘სთორი’ მან მალე წაშალა
  • მაზეპინი შუმახერის თანაგუნდელი ალბათ ვეღარ გახდება

რუსი ავტომრბოლელი ნიკიტა მაზეპინი, რომელმაც მომავალი სეზონიდან ფორმულა 1-ში უნდა იასპარეზოს და ჰაასში მიკ შუმახერის თანაგუნდელი უნდა იყოს, სკანდალში გაეხვა. მან ინსტაგრამზე, ‘სთორიში’ სექსისტური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ წაშალა, რაც ვიდეოს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მაზეპინმა ამის გამო, შესაძლოა, ჰაასის კოკპიტში ადგილი დაკარგოს. ამერიკული გუნდი მომხდარს უკვე გამოეხმაურა.

“ჰაასისთვის ნიკიტა მაზეპინის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ვიდეო მიუღებელია. მარტო ის ფაქტი, რომ ეს ვიდეო გამოქვეყნდა, ჩვენთვის ზიზღის მომგვრელია,” - ვკითხულობთ გუნდის ოფიციალურ განცხადებაში.

სკანდალურ ვიდეოში, რომელიც პილოტის ინსტაგრამის სთორიში გამოქვეყნდა და რომელსაც ქვემოთ ნახავთ, 21 წლის რუსი მრბოლელი ავტომობილში მძღოლის გვერდით იჯდა და უკან მჯდომ გოგონას მკერდზე ხელი წაავლო.


რუსმა მრბოლელმა მომხდარისთვის ბოდიში მოიხადა და თავის საქციელს შეუფერებელს უწოდებს.

აღსანიშნავია, რომ სკანდალს ვიდეოში გადაღებული გოგონაც გამოეხმაურა. “მინდა იცოდეთ, რომ ნიკიტასთან დიდი ხანია, ვმეგობრობ. ის, რაც ვიდეოში ჩანს, სერიოზული არ არის. ვწუხვარ. მინდა ვთქვა, რომ ნიკიტა კარგი ადამიანია,” - დაწერა ანდრეამ საკუთარი ინსტაგრამის სთორიში.

ნიკიტა მაზეპინი ფორმულა 1-ის მომდევნო სეზონში ჰაასში მიკ შუმახერის თანაგუნდელი უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ ახლო წარსულში რუსი მრბოლელი არაერთხელ გამოირჩა უდისციპლინო საქციელით.

კომენტარები

ბოლო ამბები