Thumbnail
  • ბარსელონა 0:3 იუვენტუსი
  • 0:1 რონალდო (13, პენ), 0:2 მაკკენი (20), 0:3 რონალდო (52, პენ)
  • იუვენტუსმა ჯგუფში პირველობა მოახერხა, რონალდუმ დუბლი შეასრულა
  • ევროპალიგაზე კიევის დინამომ გადაინაცვლა

სუპერვარსკვლავების მონატრებული დაპირისპირება შედგა - ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს ბოლო შეხვედრიდან ორ წელიწადზე მეტი იყო გასული და მათი გზები როგორც იქნა, ისევ გადაიკვეთა.

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში ბარსელონამ "კამპ ნოუზე" იუვენტუსს უმასპინძლა. ორივე გუნდს პლეი ოფის საგზური მოპოვებული ჰქონდა, მაგრამ ინტრიგა მაინც იყო - პირველი ადგილი. რონალდ კუმანის გუნდი გაცილებით მომგებიან სიტუაციაში იყო - უბრალოდ 3 გოლი არ უნდა გაეშვა და ნებისმიერ შემთხვევაში თავად დაიკავებდა პირველ ადგილს. თუმცა, როგორც ლა ლიგის განვლილმა ტურებმა დაგვანახა, რაც ჩემპიონთა ლიგაზე რატომღაც არ გამოჩნდა (აქამდე ბარსამ ხუთივე თამაში მოიგო) კატალონიური გრანდი ძალიან რთულ დღეშია.

იუვენტუსიც არ ბრწყინავს, მაგრამ ტურინულმა კლუბმა ეს კონკრეტული მატჩი ფანტასტიკურად ჩაატარა და "კამპ ნოუზე" ისტორიაში მეორედ მოიგო. იტალიელებმა საწყის 20 წუთში ორჯერ გაიტანეს და თავისი ამბიციები ნათლად წარმოაჩინეს. კრიშტიანო რონალდომ თავისივე მოპოვებული პენლატი ზუსტად დაარტყა, ხოლო შემდეგ ვესტონ მაკკენიმ აკრობატულ ნახტომში ულამაზესი გოლით სხვაობა ორამდე გაზარდა. იუვეს პირველი ადგილისთვის კიდევ ერთი გოლი სჭირდებოდა და მიზანს მიაღწია კიდეც. მეორე ტაიმის დასაწყისში კლემენ ლენგლემ საჯარიმოში ხელით ითამაშა და ბარსას კარის მიმართულებით მე-2 პენალტი დაინიშნა, რომელიც პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ისევ გოლად აქცია და დუბლი შეასრულა.

რონალდო და მესი ერთმანეთს 2018 წლის შემდეგ დაუპირისპირდნენ

იუვენტუსმა 3-ბურთიანი უპირატესობა თამაშის ბოლომდე მშვიდად შეინარჩუნა და ტურინში 0:2 წაგების შემდეგ ღირსეული რევანში აიღო. რონალდოსა და მესის პირად დუელში კი ამჯერად გამარჯვება კრიშტიანოს დარჩა. მან ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიტანა იმ თამაშში, როდესაც მესის წინააღმდეგ თამაშობდა.

H ჯგუფის მეორე შეხვედრაში კიევის დინამომ ლაშა დვალის ფერენცვაროშს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. შედეგად, მირჩა ლუჩესკუს გუნდი ევროპალიგაზე ითამაშებს. დვალმა ამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა, მისი გუნდი ერთადერთი ქულით ბოლო ადგილზე გავიდა. საბოლოოდ, H ჯგუფში იუვე პირველ პოზიციაზე გავიდა, მეორე ადგილი ბარსას ერგო, მესამე - კიევის დინამოს.

ბარსელონა 0:3 იუვენტუსი

გოლები: 0:1 რონალდო (13, პენ), 0:2 მაკკენი (20), 0:3 რონალდო (52, პენ)

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი - დესტი, არაუხო, ლენგლე (55. უმტიტი), ალბა (55. ფირპო)- პიანიჩი, დე იონგი - ტრინკაუ (46. ბრეითვეითი), მესი, პედრი (66. რიკი პუჩი) - გრიზმანი

იუვენტუსი (3-4-1-2): ბუფონი - დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი - კუადრადო (85. ბერნარდესკი), მაკკენი, არტური (71. ბენტანკური), ალექს სანდრო - რემზი (71. რაბიო) - მორატა, (85. დიბალა) რონალდო (90. კიეზა)

დინამო კიევი 1:0 ფერენცვაროში

გოლი: 1:0 პოპოვი (60)

კომენტარები

ბოლო ამბები