Thumbnail

დივიზიონი მოგებულია! საქართველოს ჰოკეის ნაკრების ისტორიული შედეგი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველო - ტაივანი 11:2
  • გუნდმა ტურნირი დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა
  • ყინულის ჰოკეის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში აღზევდა

საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 დივიზიონში ბრწყინვალედ იასპარეზა და 6-გუნდიან ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა! ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნაკრებმა დასახულ მიზანს მიაღწია და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონში აღზევდა.

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრები ფავორიტი არ იყო, ამის მიუხედავად ქართველმა ჰოკეისტებმა 5-დან 4 თამაში მოიგეს და ქართული ჰოკეის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერეს.

დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი

საქართველოს ნაკრებმა ტაივანთან გადამწყვეტი თამაში შესანიშნავად დაიწყო და მალევე ორი გოლით დაწინაურდა - ანგარიში ოლივერ ობოლგოგიანის ზუსტი გადაცემის შემდეგ, ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა გაიხსნა. 

შემდეგ ეპიზოდში, ჟუჟუნშვილი უკვე ასისტენტის როლში მოგვევლინა, გოლი კი არტიომ კურბატოვმა გაიტანა, 2:0.

ტაივანელებმა ერთი ბურთი მაშინ გაქვითეს, როდესაც საქართველოს ნაკრები ვიტალი დუმბაძის გაძევების გამო კაცნაკლული იყო, თუმცა ქართველმა მოთამაშეებმა მალევე აღადგინეს სტატუსქვო და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს…

სემიენ ხარიზოვის გოლით ნაკრებმა ისევ მოიპოვა ორბურთიანი უპირატესობა, ივან შვეცოვის გოლით კი ანგარიში 4:1 გახდა - აღსანიშნავია, რომ მორიგი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში ოლივერ ობოლგოგიანმა.

პირველი პერიოდის დასრულებამდე წამები რჩებოდა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა მეხუთე გოლი გაიტანა, რომლის ავტორი ალექსანდრე ვასილჩენკო გახდა.

მეორე და მესამე პერიოდებში თამაშის სცენარი არ შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს კიდევ 6 გოლი გაუტანა: ალექსანდრე ჟუჟუნაშვილის ანგარიშზე სამი შაიბაა, სემიენ ხარიზოვმა ორჯერ გამოიჩინა თავი, ერთი შაიბა კი მიხაილ შალუნოვმა ჩაიწერა აქტივში. საბოლოოდ, 11:2 ქართველი ჰოკეისტების სასარგებლოდ!

საქართველოს ნაკრების ყველა გოლი

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 12 ქულით დაასრულა, სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში აინაცვლა.

კომენტარები

ბოლო ამბები