Thumbnail

ტრამპი და პინგვინები: პრეზიდენტმა პიტსბურგელებს ნამდვილი პატრიოტები უწოდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

NBA-ის ჩემპიონ “გოლდენ სტეიტისგან” განსხვავებით, NHL-ის ჩემპიონმა “პიტსბურგმა” აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სტუმრობაზე უარი არ თქვა. შესაბამისად, პინგვინებმა ტრამპისგან საუკეთესო ეპითეტი დაიმსახურეს - პრეზიდენტმა მათ ნამდვილი პატრიოტები უწოდა.

დონალდ ტრამპმა სტენლის თასის გამარჯვებულები თეთრ სახლში მიიღო.

“აი, ესენი არიან ნამდვილი ჩემპიონები და შესანიშნავი პატრიოტები!” - განაცხადა ტრამპმა NHL-ის ჩემპიონების მიღებაზე და “პიტსბურგის” ლიდერ სიდნი კროსბის პირადად მიმართა: “სიდნი, შენ ხომ იცი, როგორ იმარჯვებს ადამიანი? შეხედეთ, როგორი მორცხვია. შენ ძალიან მაგარი ხარ და ეს მთელმა მსოფლიომ იცის!”

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სტენლის თასის გამარჯვებული "პინგვინები"

“პიტსბურგის” მთავარი მწვრთნელი მაიკ სალივანი პრეზიდენტთან სტუმრობით კმაყოფილი დარჩა. “როცა ადამიანს გეძლევა შანსი, რომ მიხვიდე თეთრ სახლში და რეალურად ნახო ის, რაც ამერიკისთვის ასე მნიშვნელოვანია, ეს საუკეთესო რამ არის და ამაზე უარი არ უნდა თქვა!” - განაცხადა სალივანმა.

ტრამპთან სტუმრობის შემდეგ “პინგვინებს” სერიოზული კრიტიკის გადატანა მოუწევთ, რადგან აშშ-ის პრეზიდენტს, სექტემბრის სკანდალების შემდეგ, სპორტსმენებთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები