Thumbnail

ციურიხში 2022 წლის მუნდიალის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრამ საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაარკვია. ნაკრების მომავალ მწვრთნელს რთული ამოცანა ელის 2021 წელს, B ჯგუფში ბრძოლა მსოფლიო გრანდ ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოუწევს. მუნდიალზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის, მეორეადგილოსანი კი 12-გუნდიან პლეი ოფში გადავა, საიდანაც სამი გამარჯვებული ასევე ყატარში წავა. 

ესპანური AS მიიჩნევს, რომ "ფურია როხას" ბრძოლა შვედეთთან მოუწევს, რომ თავიდან აიცილოს პლეი ოფი. სამწუხაროდ, მადრიდული გამოცემა მხოლოდ ჩამონათვალში გვიხსენიებს, კოსოვოსთან ერთად, რომელზეც ამახვილებენ ყურადღებას - ამ ქვეყანას ესპანეთი საერთოდ არ ცნობსო (სხვათა შორის, როგორც საქართველო). "არ იქნება იოლი ჯგუფი, იმიტომ, რომ მუნდიალის საგზურს მხოლოდ პირველადგილოსანი მოიპოვებს. ბრძოლა ყველა ჯგუფში იქნება, ჩვენი უძლიერესი მეტოქე კი შვედეთია. 

კოსოვოური prishtinainsight.com ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ საქართველოს ნაკრებს პირველად ეთამაშებიან (საქართველოსთვის შვედეთთანაც პირველი დაპირისპირება იქნება). 

ტვიტერზე MisterChip (Alexis), რომელსაც 3 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს, საქართველოს ნაკრების შესახებ წერს: "ამ გუნდთან ყველაზე სამარცხვინო მარცხი გვაქვს ისტორიაში". სხვათა შორის, ესპანელი ფანების ნაწილი ვერ იხსენებენ, რომელ მარცხზე მიუთითებს MisterChip. საუბარია 2016 წლის ამხანაგურ მატჩზე, როცა მადრიდში საქართველოს ნაკრებმა თორნიკე ოქრიაშვილის გოლით დაამარცხა ესპანეთის ნაკრები. იმავე დისკუსიაში Mario წერს: "ეს ახლა აღზევდა საქართველო, 2016-ში კი ოდნავ სჯობდა ლიხტენშტაინს". 

"მარკა": "ესპანეთს იოლი ჯგუფი შეხვდა, სადაც დიპლომატიური არუელობები შეიძლება მოხდეს - კოსოვო არ უღიარებია მადრიდს, ათენსა და თბილისს". "მესამე მეტოქე საქართველოა, რომელთანაც ევრო 2016-ის წინ ხეტაფეში დავმარცხდით. 2014-ის მუნდიალის შესარჩევშიც, ესპანეთს ძალიან გაუჭირდა თბილისში და მხოლოდ სოლდადოს გოლის წყალობით იმარჯვა. ეს თითქმის ბოლო წუთზე მოხდა, მანამდე კი ქართველებმა ბურთი ძელს გაარტყეს. ესპანეთში თამაში ალბასეტეში გაიმართა და "როხამ" 2:0 გაიმარჯვა. 

საინტერესო ფაქტები

📌 საქართველოს ნაკრები ესპანეთს 3-ჯერ შეხვდა: 1 გამარჯვება, 2 მარცხი, ბურთები 1:3.

📌 საქართველოს ნაკრები საბერძნეთს 7-ჯერ შეხვდა: 1 ფრე, 6 მარცხი. ბურთები 5:14.

📌 საქართველოს ნაკრები შვედეთსა და კოსოვოს არასდროს შეხვედრია. 

📌 "ტრანსფერმარკტის" მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელზე (ხვიჩა კვარაცხელია - 7.5 მილიონი ევრო) ძვირი ესპანელებს 119 ფეხბურთელი ჰყავთ, შვედებს - 7, ბერძნებს - 4, კოსოვოელებს - 3.

კომენტარები

ბოლო ამბები