Thumbnail

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ყატარში 2022 წელს დაგეგმილი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და მეტოქეთა ვინაობა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმაც შეიტყო.

ონლაინ-ფორმატში ჩატარებულ პროცედურას ფიფას ტურნირების დირექტორი ხაიმე იარსა ხელმძღვანელობდა, მისი ასისტენტები კი ნიდერლანდებისა და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები – რაფაელ ვან დერ ვაარტი და დანიელე დე როსი იყვნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-4 კალათაში იყო და B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი და კოსოვო ეყოლება. საინტერესოა, რომ ქართველ ფეხბურთელებს შვედეთისა და კოსოვოს ნაკრებებთან თამაში პირველად მოუწევთ.

საბოლოო ჯამში, ევროპის 55 ქვეყანა 10 ჯგუფში გადანაწილდა, მუნდიალის საგზურს კი 13 ნაკრები მიიღებს. საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელიც 2021 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება, ტრადიციულ ფორმატში ჩატარდება. შეიქმნა ხუთი 6-გუნდიანი და ხუთი 5-გუნდიანი ჯგუფი, ნაკრებები კი მეტოქეებთან შინ და სტუმრად ითამაშებენ.

ყატარი 2022-ის ევროპული ზონის წილისყრა

A ჯგუფი: პორტუგალია, სერბეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი.

B ჯგუფი: ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო.

C ჯგუფი: იტალია, შვეიცარია, ჩრდილოეთ ირლანდია, ბულგარეთი, ლიეტუვა.

D ჯგუფი: საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ყაზახეთი.

E ჯგუფი: ბელგია, უელსი, ჩეხეთი, ბელარუსი, ესტონეთი.

F ჯგუფი: დანია, ავსტრია, შოტლანდია, ისრაელი, ფარერის კ-ბი, მოლდოვა.

G ჯგუფი: ნიდერლანდები, თურქეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია, გიბრალტარი.

H ჯგუფი: ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა.

I ჯგუფი: ინგლისი, პოლონეთი, უნგრეთი, ალბანეთი, ანდორა, სან მარინო.

J ჯგუფი: გერმანია, რუმინეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტეინი. 

მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს, რომელსაც 2022 წელს ყატარი უმასპინძლებს, ჯგუფების 10 გამარჯვებული მიიღებს. კიდევ 10 გუნდი, რომლებიც მეორე ადგილს დაიკავებენ, პლეი ოფში ითამაშებს. მათ ასევე დაემატება ერთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებული, რეიტინგით საუკეთესო ის 2 ნაკრები, რომლებსაც მუნდიალის საგზური შესარჩევი ტურნირიდან გარანტირებული არ ექნებათ. ეს 12 გუნდი 2022 წლის მარტში სამრაუნდიან პლეი ოფს ჩაატარებს და საბოლოოდ, ყატარის საგზურის კიდევ 3 ევროპული ნაკრები მიიღებს.

კალენდარი

1 ტური: 24–25 მარტი 2021 წ.
2 ტური:  27–28 მარტი
3 ტური: 30–31 მარტი
4 ტური: 1–2 სექტემბერი
5 ტური: 4–5 სექტემბერი
6 ტური: 7–8 სექტემბერი
7 ტური: 8–9 ოქტომბერი
8 ტური: 11–12 ოქტომბერი
(სადაც საჭიროა)
9 ტური: 11–13 ნოემბერი
10 ტური: 14–16 ნოემბერი

კომენტარები

ბოლო ამბები