Thumbnail

PREVIEW | მესი V რონალდო! გიგანტების მონატრებული დუელი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში დიდი დაპირისპირება შედგება. ლიონელ მესი V კრიშტიანო რონალდო. თანამედროვეობის საფეხბურთო ტიტანების ბოლო დაპირისპირება 2018 წელს გაიმართა და ფეხბურთის გულშემატკივრების მათი მოედანზე ერთად ხილვა ნამდვილად მოენატრათ.

ტურინში, ეს დუელი არ შედგა, მაშინ კრიშტიანოს კორონავისური ჰქონდა და ვერ ითამაშა, მაგრამ ახლა პორტუგალიელი მწყობრშია, ისევე, როგორც მესი და წესით, ისინი მოედანზე იქნებიან იმის მიუხედავად, რომ ბარსელონასთვის და იუვენტუსისთვის ეს თამაში დიდ სატურნირო მოტივაციას არ წარმოადგენს. მესი-რონალდოს გარდა ერთადერთი ინტრიგა, პირველი ადგილია, სადაც ბარსას უფრო დიდი და რეალური შანსი აქვს. ესპანელებმა ტურინში 2:0 მოიგეს და ახლა იუვეს 3 გოლი აქვს გასატანი, თან ისე, რომ მხოლოდ 1 უნდა გაუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტის გატანა დასჭირდება.

ამგვარად, ანდრეა პირლოს გუნდი ესპანეთში გამოკვეთილი აუტსაიდერის სტატუსით ჩადის. ორივე გუნდში ბევრი პრობლემაა, უპირველესად, თამაშის ხარისხის მხრივ. ვერც ანდრეა პირლომ დაალაგა გუნდი და ვერც რონალდ კუმანმა. ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ორივე გუნდი ჯგუფიდან ადვილად გავიდა, თან მე-4 ტურის შემდეგ, რეალობას არ ცვლის - უბრალოდ კიევის დინამო და ფერენცვაროში იყვნენ მეტისმეტად სუსტი კონკურენტები.

ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაზე კარგია, მაგრამ ლა ლიგაში ცუდად თამაშობს

იუვენტუსს სერია A-ში ბევრი პრობლემა აქვს, თუმცა, 10 ტურში თამაში მაინც არ წაუგია და საერთოდ, სეზონში ერთადერთი მარცხი სწორედ ბარსელონას წინააღმდეგ განიცადა. ბოლო ტურში იუვემ დერბი დელა მოლე გაჭირვებით მოიგო - 78-ე წუთამდე აგებდა. ტურინელთა თამაშის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, რომელიც უბრალოდ კოშმარული იყო. ბარსელონასაც არ ულხინს, 1991 წლის შემდეგ ლა ლიგაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს - 10 მატჩიდან 4 წააგო. მათ შორის, ბოლოს კადისთან კატალონიელებმა დაცვის ხაზში კატასტროფული შეცდომები დაუშვეს. იუვენტუსს და ბარსელონას ბევრი პრობლემა აქვთ და ამაზე ნათლად მეტყველებს ლა ლიგისა და სერია A-ს სატურნირო ცხრილები - ბარსა ლიდერ ატლეტიკოს 12(!), ხოლო იუვე მილანს 6 ქულით ჩამორჩება.

"ბებერ ქალბატონს" "ბლაუგრანასთან" თამაში ბოლო დროს ძალიან უჭირს და 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის შემდეგ არ დაუმარცხებია. უფრო მეტიც, მას მერე 4 უგოლო თამაში ჰქონდა ესპანურ გიგანტთან, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი შედეგია. მიმდინარე სეზონის მეორე ტურში ბარსამ იტალიაში უსმან დემბელესა და ლიონელ მესის გოლებით მოიგო. ფრანგი ამჯერად, მოედანზე ვერ გავა, რადგან ტრავმირებულია, ხოლო იმ მატჩიდან აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ალვარო მორატა, რომელმაც 3 გოლი გაიტანა და სამივე თამაშგარე მდგომარეობის გამო VAR-მა გააუქმა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონას იუვენტუსთან ბოლო ოთხი თამაში არ წაუგია (2 მოგება, 2 ფრე). ჯგუფურ ეტაპზე კი სამიდან ორი თამაში მოიგო (1 ფრე).

⚽ იუვენტუსმა ბარსელონა სტუმრად ერთადერთხელ დაამარცხა, 2003 წლის აპრილში დამატებით დროში (2:1). ამის შემდეგ "კამპ ნოუზე" მისი ორი სტუმრობა გოლის გარეშე დასრულდა (0:0, 0:3).

იუვემ 'კამპ ნოუზე' ერთადერთხელ მარსელო სალაიეტას გოლით იმარჯვა

⚽ იუვენტუსს ბარსელონასთან ბოლო ოთხ თამაშში გოლი არ გაუტანია. ბოლოს ჯორჯო კიელინიმ გაიტანა ბარსას წინააღმდეგ 2017 წლის აპრილში (3:0). მას შემდეგ ტურინელებმა ესპანელების წინააღმდეგ 395 წუთი უგოლოდ ითამაშეს.

⚽ ბარსელონას ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები (მათ შორის მეორე ჯგუფური ეტაპიც შედის) ესპანურ კლუბებს შორის ყველაზე მეტჯერ მოიგო - 27-დან 19.

⚽ იუვენტუსმა ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 10 თამაშიდან 9 მოიგო (1 წაგება). ეს ერთადერთი წაგება ბარსელონასთან იყო მიმდინარე სეზონში (0:2).

⚽ ბარსელონას ჯგუფში ხუთივე თამაში მოგებული აქვს და შეუძლია გახდეს მერვე გუნდი, რომელიც ექვსივე თამაშს მოიგებს. ერთ-ერთი გუნდი, რომელსაც ეს გაკეთებული აქვს, სწორედ ბარსელონაა 2002/03 წლების სეზონის პირველ ჯგუფურ ეტაპზე.

⚽ კრიშტიანო რონალდოს ბარსელონასთან ბოლო 20 თამაშში ყველა ტურნირის ჩათვლით 15 გოლი აქვს გატანილი.

⚽ მარტინ ბრეითვეითმა ჩემპიონთა ლიგაზე თავის ორივე საწყის მატჩში გაიტანა გოლი ბარსელონას მაისურით. ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც ბარსაში სასტარტო სამ თამაშში ლიგაზე გოლი გაიტანა გაბრია (1999/00).

⚽ კრიშტიანო რონალდოს ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას წინააღმდეგ ყველაზე მეტი უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული (5). ასეთი ცუდი სერია მას არავისთან აქვს.

კრიშტიანო რონალდო პრინციპულ მეტოქესთან სათამაშოდ მზადაა

⚽ ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე 5-ჯერ შეხვედრილან და არგენტინელმა ამ მატჩებში 3 გოლი გაიტანა, რონალდომ - ვერცრთი. ეს იქნება მათი პირველი დუელი 2011 წლის მაისის შემდეგ ლიგაზე.

⚽ თუ ამხანაგურებსაც ჩავთვლით, მესი და რონალდო ერთმანეთს 35-ჯერ დაუპირისპირდნენ. მესი 16-ჯერ დარჩა გამარჯვებული, რონალდო 10-ჯერ. ლეომ 22 გოლი გაიტანა, კრიშტიანომ 19.

⚽ იუვენტუსს მიმდინარე სეზონში ერთადერთი წაგება აქვს და სწორედ ბარსელონას წინააღმდეგ დამარცხდა.

⚽ ტურინელთა ბოლო 5 თამაშში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ბარსელონამ ბოლო 5 თამაშში 2-ჯერ წააგო. ამ მატჩებში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ორივე გუნდმა კი ერთხელ გაიტანა.

⚽ ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე 2013 წლის შემდეგ არ წაუგია (ბაიერნთან 0:3). მას შემდეგ კატალონიურმა გრანდმა "კამპ ნოუზე" 38 მატჩიდან 34 მოიგო და 4-ჯერ ფრე ითამაშა (ერთხელ სწორედ იუვესთან 0:0).

⚽ იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 5 გასვლითი თამაშიდნ 4 მოიგო (1 წაგება), მაგრამ მანამდე ზედიზედ 4 თამაში არ ჰქონდა სტუმრად მოგებული (2 წაგება, 2 ფრე).

⚽ ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 7 მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 მატჩიდან ხუთში მოიგო, როგორც პირველი ტაიმი, ისე თამაში.

⚽ იუვენტუსის ბოლო 3 მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ტურინელებმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 მატჩიდან ხუთში მინიმუმ 2 გოლი გაიტანეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი - დესტი, არაუხო, ლენგლე, ალბა - დე იონგი, პიანიჩი - მესი, გრიზმანი, კოუტინიო - ბრეითვეითი
ტრავმა: პიკე, ანსუ ფატი, სერხი რობერტო, დემბელე, უმტიტი

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო - კულუშევსკი, არტური, რაბიო, კიეზა - რონალდო, მორატა
ტრავმა: დემირალი, კიელინი, ბუფონი

კომენტარები

ბოლო ამბები