Thumbnail

ბორჯღალოსნების ახალი რეიტინგი - რამდენი ქულა დააკლდა საქართველოს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მე-12 ადგილის შენარჩუნება მოახერხა
  • კლასიფიკაციაში ახალ ცვლილებებს 2021 წლის თებერვალში უნდა ველოდეთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს “შემოდგომის ერთა თასის” დასკვნით მატჩში ფიჯისთან მარცხის გამო, მსოფლიო რაგბის რეიტინგში ქულები დააკლდა, თუმცა, მე-12 ადგილის შენარჩუნება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებმა” გასულ შაბათს კუნძულელებთან 24:38 წააგეს და ექსპერიმენტულ ტურნირზე ბოლო მე-8 ადგილი დაიკავეს. შედეგად, ქართველ მორაგბეებს 0.66 ქულა მოაკლდათ, თუმცა, პოზიცია არ შეცვლიათ. საქართველოს ნაკრები 72.18 ქულით სწორედ ფიჯის (76.87) უკან – მე-12 საფეხურზეა, შემდეგ კი, ოკეანეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი ტონგა (71.44) მოდის.

მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ოცეულში ცვლილებები ასევე არ მომხდარა, თუმცა კი, ამასათან ძალიან ახლოს ვიყავით. “შემოდგომის ერთა თასის“ ფინალში ინგლისს რომ საფრანგეთთან წაეგო (ძირითადი დროის ბოლო წუთამდე მარცხდებოდა კიდეც), მე-2 ადგილს ახალ ზელანდიას დაუთმობდა.

მიზნამდე ცოტა დააკლდა არგენტინის ნაკრებსაც, რომელმაც რაგბი ჩემპიონშიპის ეგიდით ავსტრალიასთან ზედიზედ მე-2 ფრე ითამაშა, არადა, გამარჯვების შემთხვევაში, კლასიფიკაციაციაში მე-7 ადგილზე ადიოდა. ასე კი, “პუმები” შოტლანდიას კიდევ უფრო დაუახლოვდნენ.

სარაგბო ნაკრებები 2020 წელს სწორედ ამგვარი მიმდევრობით დაასრულებენ, რეიტინგში მომდევნო ცვლილებებს კი უკვე გაისად თებერვალში უნდა ველოდეთ, როდესაც 6 ერის ახალი გათამაშება და რაგბი ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. ცხადია, თუკი საქმეში ისევ კორონავირუსი არ ჩაერია.

მსოფლიო რაგბის რეიტინგი 7 დეკემბრისთვის

 

კომენტარები

ბოლო ამბები