Thumbnail

კარგი ამბები მადრიდიდან: კაპიტანი ბრუნდება, მოდრიჩს ტოვებენ

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • სერხიო რამოსი გლადბახთან გადამწყვეტი მატჩისთვის ბრუნდება
  • ლუკა მოდრიჩს რეალი ახალ, ერთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს

ესპანური პრესა მადრიდის რეალის ბანაკიდან რამდენიმე სიახლის შესახებ წერს. დღის მთავარი ამბავი ის არის, რომ მიონხეგლადბახის ბორუსიასთან გადამწყვეტი მატჩის წინ რეალს სერხიო რამოსი უბრუნდება.

მადრიდელთა კაპიტანი ტრავმის გამო იძულებული იყო, რომ თითქმის სამი კვირა გაეცდინა. რეალს რამოსის გარეშე კარგად თამაში ძალიან უჭირს და ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის წინ მისი დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. რეალს ბორუსიასთან გამარჯვება აუცილებლად სჭირდება.

კიდევ ერთი პოზიტიური ამბავი ლუკა მოდრიჩს უკავშირდება. მოდრიჩი მადრიდში ბოლო სეზონს უნდა თამაშობდეს - მას კონტრაქტი ამ სეზონის შემდეგ ეწურება. თუმცა, ხორვატი ზიდანის გუნდში სათამაშო დროს სტაბილურად პოულობს და როტაციის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. 'AS-ის' ცნობით, რეალი თანახმაა, ხორვატს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს და იგი მადრიდში კიდევ ერთი სეზონით დატოვოს.

იმის გათვალისწინებით, რომ რეალი ვეტერანებს ახალ კონტრაქტებს ძალიან რთულად უფორმებს, მოდრიჩის პრეცენდენტი მნიშვნელოვანი გამონაკლისია. ამ ტიპის შეთანხმება რეალს სერხიო რამოსთანაც აქვს მისაღწევი. მოდრიჩი 35 წლისაა, რამოსი - 34-ის, თუმცა ორივე მათგანი ზიდანის გუნდის ლიდერებად მიიჩნევიან.

კომენტარები

ბოლო ამბები