Thumbnail

"შემოდგომის ერთა თასზე" ლევან მაისაშვილის ნაკრებმა ასპარეზობა ბოლო, მე-8 ადგილზე დაასრულა - შოტლანდიურ "მარიფილდზე" საქართველოს ნაკრები ფიჯისთან 24:38 დამარცხდა.

მიუხედავად ბრიტანული ამინდისა, მატჩი ძალზე სანახაობრივი გამოვიდა, ძირითადად ფიჯელების ხარჯზე, თუმცა მეტოქეს საქართველოს ნაკრებიც აყვა, მატჩში 9 ლელო გავიდა და სოციალურ ქსელში რაგბის გულშემატკივრების საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. 

ფანებს მოენატრათ ნემანი ნადოლოსა და ჟოშუა ტუისოვას გარღვევები და მათ ეს ამ მატჩში უხვად ნახეს. ნაკლებად ეფექტური იყო ფიჯელთა კაპიტანი სემი რადრადრა, "ბორჯღალოსანთა" რიგებში კი დუბლი ბექა საღინაძემ შეასრულა. გთავაზობთ ფანებისა და მედიის გამოხმაურებებს "ტვიტერში" ჰეშტეგით #GEOvFIJ.

📺 საქართველო v ფიჯი [მიმოხილვა]

საქართველო v ფიჯი. გამოხმაურებები ტვიტერზე

BarberOfSorts: "ფიჯის თამაშით გახარებულები ვართ, დასანანანია, რომ ეს მათი პირველი და ბოლო მატჩი იყო 2020-ში. საქართველო კარგი გუნდია და იოლად გახდება იტალიაზე უკეთესი".

"დიდი სიამოვნება იყო თქვენი მონაწილეობა ამ ტურნირზე. თქვენ გულითა და შემართებით ითამაშეთ", - წერს "შემოდგომის ერთა თასის" ოფიციალური ტვიტერი. 

RugbyPass: "ფიჯიმ 30 წუთში უფრო მეტად გაართო გულშემატკივრები, ვიდრე მთელმა ტურნირმა წინა 720 წუთში".

Perry Jon Hughes: "ვფიქრობ, ფიჯელები ის გმირები არიან, რომლებიც მსოფლიო რაგბის ძალიან ესაჭიროება".

Mike Jones: "დიდი გამარჯვება საქართველოზე, კარგი იქნებოდა ფიჯი წინა სამ მატჩშიც გვენახა".

FyldeFan: "ძალიან კარგი სანახავია, როცა ფიჯი უტევს, მათ საოცარი ინსტიქტები აქვთ. საქართველომაც კარგად ითამაშა. ამ თამაშს მხოლოდ სავსე სტადიონი აკლდა, რომელიც ძალიან მოუხდებოდა".

Jošt Hobič: "ქართველთა კაპიტანი ისეთი ნაღვლიანია მარცხის მერე, რომ ჩავეხუტებოდი, რომ შემეძლოს".

Ultimate Rugby: "ფიჯიმ 6 ლელო გაიტანა და დაამარცხა ენერგიული საქართველო".

Nicks Johnston: "ეს იყო დიდი მატჩი"!

Rob Atkinson: "ეს იყო ძალზე სანახაობრივი მატჩი, დიდი სიამოვნებით ვუყურე. უბრალოდ დიდებულია, ფიჯი რომ ისევ ათამაშდა - დიდებული დარტყმები, ოფლოუდები - გუნდი, რომელსაც სურდა თავისუფალი, შემტევი რაგბის ჩვენება. მადლობა საქართველოსაც, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა, მაშინაც კი, როცა თამაში უკვე წაგებული იყო".

Thomas_Wheelock: "ორივე მხრიდან დიდებული თამაში იყო. მეორე დონის რაგბი ცოცხალია და თან ძალიან მაგარი".

Julian: "მადლობა საქართველოს ნაკრებს, რომ ტურნირზე ყველაზე თვალსასეირო მატჩი შემოგვთავაზა. უბრალოდ, იმის წარმოდგენაც არ მინდა, რა მაგარი ტურნირი იქნებოდა, ფიჯის იზოლაცია რომ არა".

Miles Taylor: "მაგარია ფიჯელთა დაბრუნება, საქართველოს არ გაუმართლდა. მგონი, უკეთესი იქნებოდა საქართველო იტალიას რომ შეხვედროდა და ფიჯი უელსს".

Hugo Gordon: "საოცარი თამაში იყო ორივე გუნდისგან, იმედი მაქვს, რომ ფიჯის და საქართველოს მომავალში მეტი შანსი მიეცემა".

Hal Cruttenden: "ძალიან დიდი ემოცია მივიღე თამაშისგან - აღარც მახსოვდა, როგორია კარგი რაგბი! ორივე მხარემ მაგრად ითამაშა".

Matt Williams: "მადლობა ფიჯისა და საქართველოს ამ თამაშისთვის, ორივეს სწირდება ტოპტურნირებში თამაში - ფიჯი - ჩემპიონშიპში იაპონიასთან ერთად, საქართველო უნდა დაემატოს ექვს ერს მეშვიდე ერად".

შეგახსენებთ, რომ "შემოდგომის ერთა თასი" ექვსი ერის ორგანიზაციამ მოაწყო კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაშლილი ნოემბრის ტესტების სანაცვლოდ. ორგანიზაციამ ფიჯისა და საქართველოს ნაკრებები მიიწვია, რომელთაც შესაბამისად, მე-7 და მე-8 ადგილები დაიკავეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები