Thumbnail
  • ლევან მაისაშვილმა ფიჯისთან გამართული მატჩი შეაფასა
  • ნაკრების მწვრთნელი 8 ერში მიღებული გამოცდილებით კმაყოფილია

შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში "შემოდგომის ერთა თასზე" მე-7 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდა და ძალზე საინტერესო ორთაბრძოლაში 24:38 დამარცხდა. მსოფლიოს თასზე წაგებისთვის (10:46) რევანში არ შედგა. ექვსი ერის მიერ ორგანიზებულ ექსპერიმენტულ ტურნირზე "ბორჯღალოსნებმა" ბოლო, მე-8 ადგილი დაიკავეს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან მაისაშვილმა ქართულ მედიასთან მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ 8 ერში მიღებული გამოცდილებით კმაყოფილია.

ლევან მაისაშვილი: პირველივე წუთიდან ბურთის დათმობა და დაცვაში აღმოჩენა, დიდი პრობლემაა. წნეხში აღმოვჩნდით და ეს მეტოქის ბრალი არ იყო. პირველივე შერკინებაზე მსაჯმა გაურკვეველი გადაწყვეტილება მიიღო და დაგვაჯარიმა. სამწუხაროდ, წნეხიდან ვერ გამოვედით და ეს იყო მარცხის ძირითადი მიზეზი. სამწუხაროდ, ბურთი მეტოქის ნახევარზე ვერ გადავიტანეთ.

მიუხედავად ყველა მარცხისა, ტურნირზე გამოსვლას დადებითად ვაფასებ. სულ სხვა გუნდი ვართ და თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდით. რამდენიმე კომპონენტში დავიხვეწეთ, რისი საშუალებაც ადრე არ გვქონდა. ფიჯისთან თამაშის მოგება ადვილი არაა. გარკვეულ პოზიციებზე სიღრმე არ გვქონდა და არც ის გამოცდილება, რომ წნეხი აგვერიდებინა.

ვიცით, რომ ფიჯი ისეთი გუნდია, რომელიც წუთიერ გათიშვასაც არ გაპატიებს და ასეც მოხდა. ამ ახალგაზრდა ბიჭებს დიდი ხანი ვაკვირდებოდი. მათ ძალიან დიდი შრომა ჩადეს და დიდი პროგრესი განიცადეს, რასაც ველოდი, იმაზე უკეთ ითამაშეს. ასეთი ახალგაზრდა მორაგბეები ძალიან დიდ იმედს მაძლევენ. ისინი ქართული რაგბის მომავალს შექმნიან.

კომენტარები

ბოლო ამბები