Thumbnail
  • მერაბ შარიქაძემ, ნემანი ნადოლომ და სემი რადრადრამ მე-7 ადგილისთვის მატჩი შეაფასეს
  • შარიქაძე განვითარების გზას ფრენჩაიზის შექმნაში ხედავს

შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში "შემოდგომის ერთა თასზე" მე-7 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდა და ძალზე საინტერესო ორთაბრძოლაში 24:38 დამარცხდა. მსოფლიოს თასზე წაგებისთვის (10:46) რევანში არ შედგა. ექვსი ერის მიერ ორგანიზებულ ექსპერიმენტულ ტურნირზე "ბორჯღალოსნებმა" ბოლო, მე-8 ადგილი დაიკავეს. 

მე-7 ადგილისთვის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მერაბ შარიქაძემ, სემი რადრადრამ და მატჩის საუკეთესო მოთამაშემ ნემანი ნადოლომ მედიასთან კომენტარები გააკეთეს.

მერაბ შარიქაძე: ჩვენ ამ თამაშის მოგება გვინდოდა, მაგრამ ფიჯიმ უკეთესად ითამაშა. დაცვაში ისე კარგად ვერ ვითამაშეთ, როგორც წინა შეხვედრებში და ამის გამო მეტოქემ ლელოების გატანა შეძლო. ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ უფრო კარგი გუნდი ვართ, ვიდრე ამ ტურნირამდე ვიყავით.

ამ დონის შესანარჩუნებლად გვჭირდება განვითარება და ამ განვითარებისთვის ფრენჩაიზი. PRO 14-ში გვინდა ფრენჩაიზი და ყველა ამისთვის ვიბრძვით, ვისაც გარკვეული შესაძლებლობები აქვს.

ნემანი ნადოლო: ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან ემოციურია. 6 კვირაა, რაც აქ ვართ. მშვენიერი შანსი გვქონდა დიდ ნაკრებებთან თამაშის, რაც ვერ შევძელით. ორი წლის განმავლობაში გარკვეული პრობლემები იყო. საბედნიეროდ დავბრუნდი და ეს შანსი კარგად გამოვიყენე.

სემი რადრადრა: ჩვენი ნაკრების თითოეულმა წევრმა მაქსიმუმი გააკეთა. ამ ურთულესი პერიოდის განმავლობაში მოვახერხეთ ერთმანეთის გამხნევება, ვირუსის დაძლევა და თამაშის მოგება. მიხარია, რომ ამ ურთულეს პერიოდში ასეთი ბრძოლა მოვიგეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები