Thumbnail
  • საქართველოს ჩემპიონატში გადადებული მატჩები გაიმართა
  • დინამო თბილისი 1:0 სამტრედია
  • ტორპედო 1:2 დინამო ბათუმი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში გადადებული ორი მატჩი გაიმართა. სატურნირო ცხრილის ლიდერმა დინამო თბილისმა "დინამო არენაზე" სამტრედიას უმასპინძლა, მეორეადგილოსანი ბათუმის დინამო კი სტუმრად ქუთაისში ტორპედოს დაუპირისპირდა.

დინამო თბილისი 1:0 სამტრედია

ჩისკოს გუნდს, რომელიც ამ თამაშამდე უახლოეს მდევარ ბათუმელებს 2 ქულით უსწრებდა, სამტრედიასთან გამარჯვება ზედიზედ მეორე ჩემპიონობას გაუნაღდებდა, თუკი პარალელურ მატჩში დინამო ბათუმი ვერ მოიგებდა. მაგრამ ასე არ მოხდა, დინამო თბილისმაც და დინამო ბათუმმაც თავ-თავიანთი შეხვედრები მოიგეს და გუნდებს შორის 2-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონის ვინაობის გარკვევა ბოლო ტურისთვის გადაიდო.

რაც შეეხება "დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრას, სამტრედიელებმა დინამოელებს 40 წუთი გაუძლეს, მაგრამ შემდეგ ვიტორ პერნამბუკოს წინააღმდეგ ალიკო ჩაკვეტაძის უხეშობას 11-მეტრიანი მოყვა. ნოდარ ქავთარაძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა - 1:0. 

ეს შეხვედრის ერთადერთი გოლი აღმოჩნდა. ახლა ჩისკოს გუნდს მიზნის მისაღწევად ბოლო, მე-18 ტურში, შინ სრულებით უმოტივაციო თბილისის მერანთან ქულაც ეყოფა. შეხვედრა 10 დეკემბერს გაიმართება.  

მარცხის მიუხედავად, სამტრედიამ ელიტაში ადგილი შეინარჩუნა, ბოლო ტურში კი თბილისის საბურთალოს ესტუმრება.

დინამო თბილისი 1:0 სამტრედია

გოლი: 1:0 ქავთარაძე (41').

დინამო თბილისი (4-2-3-1): კვასხვაძე - კლოუსტერი (46' იაშვილი), ბენიო, კობოური, ქიმაძე - პაპავა, ქარდავა - პერნამბუკო, კუხიანიძე (69' მექვაბიშვილი), ქავთარაძე - სხირტლაძე (45' გაბედავა).

სამტრედია (3-4-3): სეფიაშვილი - კილასონია, ჩაკვეტაძე (71' სამბუ), ჯგერენაია - რუხაია, პავიშიჩი, კერძევაძე (74' კვირკვია), ახალაძე - იმნაძე, დისი, თარგამაძე (57' ჟუნიორი)

ტორპედო 1:2 დინამო ბათუმი

გია გეგუჩაძის შეგირდებმა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ანგარიში სწრაფად გახსნეს. მე-11 წუთზე ვაგნერ გონსალვესის მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი გოდფრი ობოანობამ თავით მასპინძელთა კარში ზუსტად გადაგზავნა. 

სტუმრებმა მეორე გოლიც მალევე შეაგდეს. ტორპედოს საჯარიმოში გიორგი ნიქაბაძე წააქციეს, 11-მეტრიანი კი მათე ცინცაძემ უნაკლოდ შეასრულა და თავის გუნდს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა.  

ვლადიმირ ხაჩიძის შეგირდება ტაიმის მიწურულს ანგარიშის შემცირება მოახერხეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გურამ ადამაძემ გაიტანა.მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. გატანის კარგი შანსი კი მოედანზე შეცვლაზე შესულ  ვლადიმერ დვალიშვილს ჰქონდა. ბათუმელთა თავდამსხმელის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა. 

ტორპედო 1:2 დინამო ბათუმი 

გოლები: 0:1 ობოაბონა (11'), 0:2 ცინცაძე (31'), 1:2 ადამაძე (45+1)

ტორპედო (4-2-3-1): შოვნაძე - ტაბატაძე, ადამაძე, მირცხულავა, ნადარაია - ფურცხვანიძე (67' შარვაშიძე), ჯანელიძე - ივანიშვილი (78' იონანიძე), ტუღუში (70' გოგუაძე), ციცქიშვილი - ფანცულაია.

დინამო ბათუმი (4-3-2-1): ალავიძე - მელიავა, ობოაბონა, გაგოშიძე, ჩალაძე - მამუჩაშვილი, ცინცაძე, მანჯგალაძე (90' ჯიჯავაძე)- გონსალვესი (72' თევდორაძე), ჯიღაური - ნიქაბაძე (72' დვალიშვილი).

ბოლო ტურში, 10 დეკემბერს, დინამო ბათუმი ახალ არენაზე საჩხერის ჩიხურას უმასპინძლებს, ტორპედო კი, რომელსაც ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად მოუწევს პლეი აუტში თამაში, სტუმრად თელავს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები