Thumbnail

PREVIEW | განსხვავებული ვითარება - რას ველოდოთ ლონდონური დერბისგან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 6 დეკემბერი | ⌚ 20:30 | ⚽ ტოტენჰემი V არსენალი
  • ტოტენჰემი კარგ ფორმაშია, არსენალი - არა
  • დეზები მეთოფეებთან შინ წაგებას პრაქტიკულად გადაეჩვივნენ
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურის მთავარი თამაში ტოტენჰემსა და არსენალს შორის გაიმართება. ჩრდილოლონდონური დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია და მოლოდინი ახლაც დიდია. თუმცა, ამჯერად წყვილს ფავორიტი ჰყავს და ის შესანიშნავ ფორმაში მყოფი ჟოზე მოურინიოს გუნდია.

ტოტენჰემი პრემიერლიგის პირველსავე ტურში შინ ევერტონთან დამარცხდა, მაგრამ მას შემდეგ ზედიზედ 9 პრემიერლიგური თამაში არ წაუგია და 21 ქულით გათამაშებას ლივერპულთან ერთად ლიდერობს. შუა კვირაში "დეზებმა" ევროპალიგის პლეი ოფში თამაშის უფლებაც მოიპოვეს და პრინციპულ თამაშს ბრწყინვალე განწყობაზე ხვდებიან. არსენალში საპირისპირო მდგომარეობაა. მიკელ არტეტას სკამი შერყეულია და ევროპალიგაზე ვენის რაპიდთან დამაჯერებელი გამარჯვება სიტუაციას ვერ აუმჯობესებს. "მეთოფეებს" პრემიერლიგაში კატასტროფულად მისდით საქმეები და 13 ქულით მე-14 ადგილზე არიან.

არსენალმა პრემიერლიგის ეგიდით ბოლო 6 თამაშში ერთადერთხელ მოიგო, ისიც 1-ელ ნოემბერს, "ოლდ ტრაფორდზე" მანჩესტერთან. ბრიტანული პრესა უკვე აქტიურად ალაპარაკდა არტეტას შესაძლო გათავისუფლებაზე და ჩრდილოლონდონურმა დერბიმ, შესაძლოა, ესპანელის მომავალზე გადამწყვეტი გავლენა იქონიოს.

ტოტენჰემს არსენალთა ნ შინ 2014 წლის შემდეგ არ წაუგია

ტოტენჰემი, გარდა იმისა, რომ კარგ ფორმაშია და მოურინიომ გუნდს უკვე მოარგო თავისი გასაღები, არც საკადრო პრობლემებს უჩივის. მხოლოდ ერიკ ლამელას თამაშია გამორიცხული, მაგრამ არგენტინელის გარეშე ყოფნას გუნდი უკვე დიდი ხანია მიჩვეულია. არსენალს ნიკოლას პეპე, ტომას პარტეი და გაბრიელ მარტინელი ვერ დაეხმარებიან. დავიდ ლუისის საკითხი კი გასარკვევია.

საინტერესო ფაქტები

⚽ ტოტენჰემს პრემიერლიგაში არსენალთან ბოლო 6 საშინაო თამაში არ წაუგია (4 მოგება, 2 ფრე). ბოლოს "მეთოფეებმა" "დეზები" სტუმრად 2014 წლის მარტში დაამარცხეს (1:0).

⚽ ეს ტოტენჰემის ყველაზე გრძელი დაუმარცხებელი სერიაა შინ არსენალთან 1968 წლის შემდეგ, როდესაც 1960-1968 წლებში მიჯრით 9-ჯერ არ წააგო საკუთარ მოედანზე.

⚽ ამ დაპირისპირებაში პირველი გოლის გამტანმა გუნდმა პრემიერლიგის 51 მატჩიდან 27-ში გამარჯვება ვერ მოიპოვა.

⚽ ტოტენჰემმა არსენალთან პრემიერლიგაში 42 ქულა დაკარგა მომგებიანი ანგარიშიდან (როცა თამაშის მიმდინარეობისას იგებდა) და ამაზე მეტი ქულა მსგავს შემთხვევაში არცერთ სხვა გუნდთან დაუკარგავს.

⚽ არსენალი ჩრდილოლონდონურ დერბის სატურნირო ცხრილში ყველაზე დაბალი პოზიციიდან ხვდება 1993 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც 21-ე ადგილზე იყო. 

⚽ ტოტენჰემს პრემიერლიგაში 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (6 მოგება, 3 ფრე), რაც ყველაზე ხანგრძლივი სერიაა ამ სეზონში, ხოლო არსენალს პირიქით, 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (1 ფრე, 2 წაგება) და ამაზე უარესი შედეგი მხოლოდ შეფილდს აქვს (ბოლო 13 თამაში არ მოუგია).

⚽ ამასთან, არსენალს შანსი აქვს 2013 წლის მაისის შემდეგ პირველად ზედიზედ მესამედ შეინახოს საგარეო მატჩში კარი მშრალად.

⚽ მიკელ არტეტამ გასულ სეზონში ტოტენჰემთან 1 თამაში წააგო. არსენალის ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც ჩრდილოლონდონურ დერბიში საწყისი ორივე თამაში წააგო, ბერტი მი გახლავთ 1966/67 წლების სეზონში.

⚽ ჟოზე მოურინიომ პირველი ჩრდილოლონდონური დერბი ივლისში მოიგო. "დეზების" ერთადერთი მენეჯერი, რომელმაც საწყისი ორივე დერბი მოიგო არსენალის წინააღმდეგ, ჯიმი ანდერსონია - 1955/56 წლების სეზონი.

⚽ ჟოზე მოურინიოს არსენალის წინააღმდეგ შინ 10 მატჩიდან წაგებული არცერთი აქვს (6 მოგება, 4 ფრე). პორტუგალიელს საკუთარ მოედანზე ამდენი თამაში წაუგებლად არცერთი სხვა გუნდის წინააღმდეგ აქვს.

⚽ ჰარი კეინს არსენალის კარში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 10 გოლი აქვს გატანილი. თუ ის კვლავ გაიტანს, არსენალი-ტოტენჰემის დაპირისპირების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდება. ამჟამად 10 გოლით ამ სტატუსს ემანუელ ადებაიორსა და ბობი სმითს უყოფს.

⚽ ტოტენჰემს პრემიერლიგის ბოლო სამ მატჩში გოლი არ გაუშვია და სამივე შეხვედრაში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ არსენალის ბოლო სამ საგარეო შეხვედრაში პრემიერლიგაში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ ტოტენჰემმა პრემიერლიგაში ჩატარებულ ბოლო 3 საშინაო მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ ტოტენჰემს არსენალთან ყველა ტურნირის გათვალისწინებით ბოლო 5 საშინაო მატჩში წაგება არ აქვს.

⚽ ამ გუნდების ბოლო ხუთ ურთიერთდაპირისპირებაში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ორიე, ალდერვეირელდი, დაიერი, რეგილონი - სისოკო, ჰოიბერგი - სონი, ნდომბელე, ბერგვაინი - კეინი
ტრავმა: ლამელა

არსენალი (4-2-3-1): ლენო - ბელერინი, ჰოლდინგი, მაგალაეში, ტირნი - სებალიოსი, ჯაკა - ვილიანი, ლაკაზეტი, საკა - ობამეიანგი
ტრავმა: მარტინელი, პეპე, პარტეი, დავიდ ლუისი

კომენტარები

ბოლო ამბები