Thumbnail

საქართველო 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ფანჯარას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც 4 მატჩი გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ფიბა-მ დღევანდელ აღმასკომის სხდომაზე მიიღო, სადაც ჩვენს ქვეყანას ე.წ. “ბაბლის“ მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად მინიაჭა.

ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი საკვალიფიკაციო ფანჯარა 15-23 თებერვალს ჩატარდება. კონკრეტული სათამაშო დღეები მოგვიანებით დასახელდება, თუმცა, ცნობილია, რომ E ჯგუფის მონაწილე ოთხივე ეროვნული ნაკრები – საქართველო, სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია თბილისში შეიკრიბება და დასკვნითი 2 ტურის 4 შეხვედრას ჩაატარებს. ესენია: საქართველო – სერბეთი, ფინეთი – შვეიცარია, საქართველო – ფინეთი და სერბეთი – შვეიცარია.

📣ფინური "ბაბლის" მომგებმა საქართველომ მომდევნო "ბაბლის" მასპინძლობის უფლება მოიპოვა🇬🇪 ეს გადაწყვეტილება დღეს გამართულ...

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on Friday, December 4, 2020


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა “ბაბლის” პრინციპით, ნოემბრის ფანჯარაში, სულ ახლახანს ფინეთში იასპარეზა და 2-დან 2 გამარჯვება მოიპოვა. ქალაქ ესპოოში ჯგუფის ოთხივე ნაკრების წევრები ერთ სასტუმროში ცხოვრობდნენ და გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებზე და თამაშებზე, ერთ არენაზე დადიოდნენ და ერთმანეთთან შეხება, გარდა უშუალოდ სათამაშო მოედნისა, არ ჰქონდათ. ამ და არაერთი სხვა რეგულაციებით საკვალიფიკაციო მატჩების ჩატარება ფიბა-მ COVID 19-ის პანდემიის გამო გადაწყვიტა, რათა მაქსიმალურად თავიდან აიცილოს მოთამაშეებისა და გუნდის წევრების ვირუსით დაინფიცირება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევრობასკეტი 2022-ის ერთ-ერთი მასპინძელია, 2021 წლის ზაფხულში კი 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს მიიღებს. ამგვარად, თებერვალში დაგეგმილი მინი-ტურნირი მომავალი უფრო მნიშვნელოვანი შეჯიბრებების წინ გამოცდილების მისაღებად ნამდვილად ჩინებული საშუალებაა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები