Thumbnail
  • 📅 5 დეკემბერი | ⌚ 16:00 | 🏉 საქართველო V ფიჯი | 📺 ტელეკომპანია იმედი
  • 'ბორჯღალოსნებს' ტრავმების გამო გორგაძე და ხმალაძე დააკლდებიან
  • ფიჯიმ კორონავირუსის გამო, რამდენიმე კვირა იზოლაციაში გაატარა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები “შემოდგომის ერთა თასი” დასკვნით მატჩში ფიჯის ეროვნულ გუნდს ეთამაშება და ეცდება, მისთვის ისტორიულ ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმოს. შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზე ინგლისთან (0:40), უელსთანა (0:18) და ირლანდიასთან (10:23) წააგეს, ფიჯელები კი კორონავირუსმა აზარალა და ჯგუფში ყველა მეტოქესთან წაგება ჩაეთვალათ. მომავალი მატჩი შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, სტადიონ “მარიფილდზე” 5 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და მასში გამარჯვებული მე-7 ადგილს დაიკავებს.

ფიჯის ნაკრები პირველად 1924 წელს შეიკრიბა, მეზობელ სამოას ეწვია და 6:0 დაამარცხა. მას შემდეგ მათ 346 შეხვედრა გამართეს და 168 მოიგეს, ამდენივე დათმეს, 10-ჯერ კი ფრე ითამაშეს. ფიჯიმ ყველაზე დიდი სხვაობით (120:4) 1983 წელს ნიუე დაამარცხა, თავად კი 2005 წელს ახალ ზელანდიასთან 0:91 წააგო.

აღსანიშნავია, რომ კუნძულელებს ხშირად უწევდათ ტიერ 1-ის ქვეყნებთან თამაში და 13 შემთხვევაში გამარჯვებაც მოიპოვეს – ავსტრალიასთან, არგენტინასთან, უელსთან, შოტლანდიასთან, საფრანგეთთან და იტალიასთან. 2000-იან წლებში, ფიჯელებს ოთხჯერ ყავთ დამარცხებული იტალია, თითოჯერ კი უელსი, შოტლანდია და საფრანგეთი, მათ შორის უელსი 2007 წლის მსოფლიო თასზე 38:34 და საფრანგეთი 2018 წელს, ტესტ-მატჩში “სტად დე ფრანსეზე“ 21:14.

ფიჯი, იაპონიასთან ერთად, ტიერ 2-ის ქვეყნებიდან ერთ-ერთია, რომელთანაც ბორჯღალოსნებს უარყოფითი ბალანსი აქვთ. 2012 წლიდან დღემდე, მათთან ოთხჯერ ვითამაშეთ და მხოლოდ ერთხელ მოვიგეთ. პირველი მატჩი თბილისში გაიმართა და სტუმრებმა 24:19 იმარჯვეს. რევანში ოთხი წლის შემდეგ სუვაში შედგა, სადაც საქართველომ 14:3 მოიგო. 2018 წელს ფიჯელებმა იმავე სუვაში 37:15 იმარჯვეს, 2019 წლის მსოფლიო თასზე კი კიდევ უფრო დიდი ანგარიშით გვაჯობეს – 45:10. ასე რომ, ახლა რევანშისთვის სწორედაც რომ შესაფერისი და ხელსაყრელი დროა.

გასულ მსოფლიო თასზე საქართველომ ფიჯისთან უშანსოდ წააგო

მომავალი მატჩისთვის შემადგენლობის დასახელებისას, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს იძულებითი ცვლილებების განხორციელებაც მოუწია, რადგანაც ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე. გორგაძემ ირლანდიასთან მატჩში ჯვარედინი იოგები და მყესი დაზიანა, ხმალაძემ კი ფეხის კუნთი ჯერ კიდევ უელსთან შეხვედრაში იტკინა. კარგი ისაა, რომ მაისაშვილის თქმით, "გუნდი ფიზიკურად უნაკლოდაა მომზადებული, უფრო უკეთაც კი, ვიდრე 2019 წლის მსოფლიო თასის წინ".

მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ტურნირზე ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ღერძი – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს ზედიზედ მეოთხედ შეუწყვილდება გიორგი კვესელაძე, რომელმაც ირლანდიას ტურნირზე პირველი ქართული ლელო გაუტანა. ეს წყვილი გაუვალი იყო დაცვაშიც და ჯამში 39 ბოჭვა შეასრულა. ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა აკაკი ტაბუცაძემ, ხოლო მეორე ფრთაზე თამაზ მჭედლიძის ნაცვლად სანდრო თოდუა ბრუნდება. ფულბეკის პოზიციაზე მეორე თამაშს იწყებს სოსო მათიაშვილი. ხაზში შეცვლაზე კვლავ დემურ თაფლაძე და დავით ნინიაშვილი გამოჩნდებიან, ხოლო 9 ნომერზე მარქაფაში გელა აფრასიძეა.

წინა თამაშის შემდეგ უცვლელია შერკინების პირველი ხაზი. ბურჯები – მიხეილ ნარიაშვილი და ბექა გიგაშვილი ზედიზედ მეოთხე თამაშს იწყებენ, ხოლო კვაჭი შალვა მამუკაშვილია. ორი ცვლილებაა პირველი ხაზის მარქაფაში, სადაც კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე და ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი ბრუნდებიან. 23-კაციან განაცხადში ადგილი შეინარჩუნა გიორგი მელიქიძემ. უელსთან ტრავმირებული ნეკნი მოიშუშა და მეორე ხაზში ძირითადში ბრუნდება კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება, ხოლო მარქაფაში გრიგორ ქერდიყოშვილი გამოჩნდა. გორგაძის არყოფნაში, შერკინების შემკვრელად თამაშს თორნიკე ჯალაღონია იწყებს, ხოლო ფლანკერად ძირითადში ოთარ გიორგაძე ბრუნდება. მეორე ფლანკერი კვლავ ბექა საღინაძე იქნება. მესამე ხაზში შეცვლაზე ამჯერადაც მიხეილ გაჩეჩილაძეს ვიხილავთ.

ლევან მაისაშვილს შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებების განხორციელება მოუწია
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “სისტემური რაგბი ფიჯის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა და არა მგონია, მათ შეტევას უთამაშებლობა დაეტყოს. ფიჯის ბრწყინვალე ინდივიდუალისტები ყავს, რომლებიც დასვენებულები არიან და თუ თამაშის საშუალება მივეცით, დიდ საფრთხეს შეგვიქმნიან. მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, ფიჯის არ უთამაშია და არ ვიცით, რას შემოგვთავაზებენ სისტემურად და ტაქტიკურად. მთლიანობაში, ჩვენთვის ნაცნობი გუნდია, კარგად ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და როგორ შევძლებთ ამის გამოყენებას, თამაშში გამოჩნდება. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სტატიკურ ფაზებს, დერეფანს და შერკინებას, შეჯგუფებებში დომინირებას და თუ აქ კარგად ვიქნებით, მოგებას შევძლებთ. ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია ბურთზე კონტროლი. თუ ფიჯის ისევე დავუთმობთ ბურთს, როგორც ირლანდიას, ძალიან გაგვიჭირდება. ვეცდებით, თამაში მეტოქის ნახევარზე გადავიტანოთ და იქ ვიბრძოლოთ“.

“მფრინავი ფიჯელები” ახალი ექსპერიმენტულ ტურნირზე სწორედ “ბორჯღალოსნებთან” ერთად მიიწვიეს, თუმცა, მათ რიგებში კორონავირუსის ათეულობით შემთხვევა დადასტურდა და გუნდს რამდენიმე კვირით იზოლაციაში ყოფნა მოუწია. შესაბამისად, ფიჯის შეჯიბრის ჯგუფური ეტაპის მატჩები გაუცდა და საფრანგეთთან, შოტლანდიასთანა და იტალიასთან 0:28 წაგება ჩაეთვალა.
ახლა, ფიჯელები მწყობრში არიან, რამდენიმე დღეა ვარჯიში განაახლეს და საქართველოს ნაკრებს “შემოდგომის ერთა თასის” მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში დაუპირისპირდებიან. საინტერესოა, რომ მომავალ მატჩში სანაკრებო დებიუტი ერთბაშად 9 ფიჯელ მორაგბეს ექნება. ჯონი დაიერი, მესულამე კუნავულა და ტემო მაიანავანია სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან, ტევიტა იკანივერე, ჰაერეიტი ჰატეტი, სამუელა ტავაკე, კრის მინიმბი, მანუელი რატუნიარავა და სიმიონე კურუვოლი კი – თადარიგში.

ტრადიციულად უძლიერესად გამოიყურება ფიჯელთა უკანა ხაზი, სადაც ფრენკ ლომანი, ბენ ვოლავოლა, ნემანი ნადოლო, ლევანი ბოტია, სემი რანდრანდრა, ჯოსუა ტუისოვა და კინი მურიმურივალუ გამოჩნდებიან, თუმცა, არის დანაკლისიც. სხვადასხვა მიზეზთა გამო, საქართველოსთან ვერ ითამაშებენ ლეონე ნაკარავა, ჯეილ ვატაბუა, პესელი იატო, ვილიამე მატა, სემი კუნატანი, ტევიტა კავუბატი და აპი რატუნარიავა.

მომავალი თამაშის შესახებ კომენტარი ვერნ კოტერმა გააკეთა, რომელმაც ფიჯის ეროვნული გუნდი მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა, ამდენად, ახალ პოსტზე დებიუტი ექნება. აღსანიშნავია, რომ ახალზელანდიელ სპეციალისტს 3 წელი შოტლანდიის ნაკრებში აქვს გატარებული, ასევე უმუშავია ფრანგულ კლერმონსა და მონპელიეში და “ბარბაროსებში”.

ვერნ კოტერს ფიჯის ნაკრების თავკაცის პოსტზე სადებიუტო მატჩი ელის

ვერნ კოტერი (ფიჯის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “საქართველოს სიძლიერის შესახებ კარგად მოგვეხსენება, ამგვარ ტურნირებში თამაში კი მათ კიდევ უფრო განვითარების საშუალებას აძლევს. გასულ უქმეებზე ისინი მაგრად დაუდგნენ ირლანდიას, ამდენად, დიდი ბრძოლის მოლოდინში ვართ. ცხადია, ყველაზე მეტად მათი ფორვარდები მაშფოთებენ, რადგანაც ვიცით, რომ ისინი ჩვენს შერკინებაშიც კი ძალიან მოგვაწვებიან და დერეფნების წაღებასაც ეცდებიან. ქართველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ბურთი შეგვინელონ და მისი ჩვენს სახიფათო უკანა ხაზთან დროულად გატანა ვერ მოვახერხოთ. არადა, ჩვენი მიზანი სწორედ ეს იქნება – საქმეში ჩავრთოთ სემი რადრადრა, ნემანი ნადოლო და ჯოშუა ტუისოვა და თანაც ისე, რომ მათ გასაქცევი სივრცე ჰქონდეთ. თუკი ეს შევძელით, შედეგიც ისეთი იქნება, როგორიც ჩვენ გვსურს”.

ცნობისთვის, საქართველოსა და ფიჯის შეხვედრას შოტლანდიელი რეფერი მაიკ ადამსონი განსჯის. 36 წლის მსაჯი 2014 წლამდე საერთაშორისო დონის მორაგბე იყო. ის სხვადასხვა დროს გლაზგო უორიორსსა და ლონდონ სქოთიშში თამაშობდა. იცავდა შოტლანდიის ყველა ასაკობრივი ნაკრების (16-იდან 21 წლამდე) ღირსებას, თამაშობდა შოტლანდიის კლუბების ნაკრებში და 7-კაცა ნაკრებში (2006-2011), მსაჯობა კი 2016 წელს დაიწყო. აქამდე მას ბორჯღალოსნების მატჩი არასდროს უმსაჯია, თუმცა 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოში იმყოფებოდა. ადამსონს კიდეებიდან შოტლანდიელივე სემ გროვ-უაითი და იტალიელი ანდრეა პიარდი დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერი კი ირლანდიელი ბრაიან მაკნისი იქნება.

ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ მომავალ მატჩს საკმაო მნიშვნელობა აქვს სარეიტინგო თვალსაზრისითაც. თუკი მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე მყოფი “ბორჯღალოსნები” ფიჯელებს 15 და ნაკლები ქულით მოუგებენ, კუნძულელებს ძალიან დაუხლოვდებიან. ამ შემთხვევაში, ფიჯის 74.87 სარეიტინგო ქულა ექნება, ხოლო საქართველოს – 74.19. აი, 15 ქულაზე მეტით გამარჯვება კი, “ბორჯღალოსნებს” მე-11 ადგილს მოუტანს, რადგანაც ქართველი მორაგბეების მაჩვენებელი 74.85-ს გაუტოლდება, ხოლო ფიჯელების – 74.21-ს. ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მე-11 პოზიციაზე მაღლა არასდროს ყოფილა, ამდენად, ეს, ჩვენებურთა რეკორდის გამეორება იქნება.

“შემოდგომის ერთა თასი”. მე-7 ადგილისთვის

საქართველო - ფიჯი

საქართველო: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე (61 კეპი, 15 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 18. გიორგი მელიქიძე (21 კეპი, 5 ქულა), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (4 კეპი, 5 ქულა), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (11 კეპი, 10 ქულა); 21. გელა აფრასიძე (28 კეპი, 24 ქულა), 22. დემურ თაფლაძე (5 კეპი, 5 ქულა), 23. დავით ნინიაშვილი (1 კეპი).

ფიჯი: 15. კინი მურიმურივალუ, 14. ჯოშუა ტუისოვა, 13. სემი რადრადრა (კაპ.), 12. ლევანი ბოტია, 11. ნემანი ნადოლო, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ფრენკ ლომანი, 1. პენი რავაი, 2. სამუელ მატავესი, 3. მესაკე დოგე, 4. ტევიტა რატუვა, 5. ტემო მაიანავანუ, 6. ჯონი დაიერი, 7. მესულამე კუნავულა, 8. ალბერტ ტუისუე.
სათადარიგოები: 16. ტევიტა იკანივერე, 17. ჰაერეიტი ჰეტეტი, 18. სამუელა ტავაკე, 19. კრის მინიმბი, 20. მანუელი რატუნიარავა, 21. სიმიონე კურუვოლი, 22. სერუ ვულარიკა, 23. ვაისეა ნაიაკალევუ.

📺 საქართველო - ფიჯი გასულ მსოფლიო თასზე

კომენტარები

ბოლო ამბები