Thumbnail

რეალის ყოფილი ფეხბურთელი გაკოტრდა - როისტონ დრენტეს მაინც არ ეშინია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნიდერლანდების სასამართლომ როისტონ დრენტე გაკოტრებულად გამოაცხადა
  • ფუფუნების მოყვარული ფეხბურთელი ადვოკატის დაუდევრობამ დააზარალა  
  • 33 წლის ნახევარმცველი მომხდარს ძალიანაც არ განიცდის

ნიდერლანდების სასამართლომ მადრიდის რეალის ყოფილი ნახევარმცველი როისტონ დრენტე გაკოტრებულად გამოაცხადა. ახლა ნიდერლანდელ ფეხბურთელს ყველა ფინანსური გადაწყვეტილების შეთანხმება მისთვის პერსონალურად მიჩენილ მენეჯერთან მოუწევს. 

ათიოდე წლის წინ როისტონ დრენტე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად მიიჩნეოდა. თავის დროზე ის ბრწყინავდა ფეიენოორდსა და ნიდერლანდების ახალგაზრდულ ნაკრებში. შედეგად, 2007 წელს ამომავალი ვარსკვლავი მადრიდის რეალში აღმოჩნდა, სადაც 5 წელიწადი გაატარა. დრენტემ "სამეფო კლუბიდან" იჯარით ერკულესსა და ევერტონშიც ითამაშა, მოგვიანებით კი ალანიაში, რედინგში, შეფილდში, კაისერსა და სპარტაშიც გამოდიოდა.  

📺 დრენტეს კარიერის გამორჩეული მომენტები

ნიდერლანდური მედიის ინფორმაციით, ქალაქ ბრედის სასამართლომ ფეხბურთელს 1-ელ დეკემბერს შეატყობინა, რომ მან მთელი ქონება დაკარგა. როგორც ჩანს, ეს დრენტეს და მისი ადვოკატის დაუდევრობის ბრალია. ფეხბურთელი უყურადღებოდ ტოვებდა სარჩელებს, მისი ადვოკატი კი სასამართლოს უწყებების მიღებისას დროს შვებულებაში ატარებდა. 

თავად ფეხბურთელი ირწმუნება, რომ არცთუ სასიამოვნო ამბავი მას არ აშინებს:

"ასეთი რაღაცები ასე ადვილად არ მაფრთხობს. დეტალებში ვერ ვერკვევი და ზუსტად არც ვიცი, რა ხდება, მაგრამ თუკი ეს ის არის, რასაც ვფიქრობ, მას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს", - უთხრა დრენტემ ადგილობრივ მედიას. 

დრენტემ რეალის ღირსება 40-ზე მეტ მატჩში დაიცვა

აღსანიშნავია, რომ 33 წლის როისტონ დრენტემ, რომელიც ამჟამად ნიდერლანდების ქვედა დივიზიონის კლუბ კოზაკენ ბოისში გამოდის, რამდენიმე წლის წინ აღიარა, რომ ქონების საკმაოდ დიდი თანხა მისი აგენტების მაქინაციების შედეგად დაკარგა. თავის მხრივ მედია წერდა, რომ ფეხბურთელი არასდროს ამბობდა უარს ფუფუნებაზე და უშურველად ხარჯავდა ფულს მანქანებზე, სახლებსა და ყოფილ ცოლებზე, ასევე - წარუმატებელ მცდელობებზე, გამხდარიყო რეპერი და მსახიობი.

დრენტეს კარიერა წარმატებული არც შოუბიზნესში გამოვიდა

 

კომენტარები

ბოლო ამბები