Thumbnail
  • 📅 5 დეკემბერი | ⌚ 14:00 | ⚽ ტორპედო v დინამო ბათუმი
  • 📅 5 დეკემბერი | ⌚ 14:00 | ⚽ დინამო თბილისი v სამტრედია
  • ჩემპიონობა და ლიგაში დარჩენა - ოთხი გუნდის ორი მიზანი

საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტური რჩება, ოქროს მედლებისთვის ორი გუნდი იბრძვის - დინამო თბილისი (34 ქულა) და დინამო ბათუმი (32). წინა ტურში დინამო თბილისის მოულოდნელად მარცხმა (ჩიხურასთან 0:2) სიტუაცია დაძაბა. თუმცა ჩემპიონის ვინაობა შეიძლება ამ შაბათსვე გაირკვეს: თუ დინამო თბილისი თავის თამაშს მოიგებს, ბათუმელები კი ქულებს დაკარგავენ, ჩისკოს გუნდი პირველ ადგილს გაინაღდებს. თუკი გია გეგუჩაძის გუნდი 3 ქულას აიღებს, ჩემპიონო ბოლო ტურში გაირკვევა. 

ტორპედო v დინამო ბათუმი [05/12]

დინამო ბათუმი მე-16 ტურის გადადებულ შეხვედრას ქუთაისში, ტორპედოსთან გამართავს. პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებას ახლა თან სატურნირო მოტივაცია სდევს. მართალია, სრულიად განსხვავებული მიზნებით, მაგრამ მაინც. გია გეგუჩაძის გუნდმა 5 დღის წინ სამტრედიაში დრამატული გამარჯვებით ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა და ახლა იმავე სამტრედიას იმედი აქვს, რომელიც დინამო თბილისს ეთამაშება.

ტორპედოს რთული სეზონი აქვს, პლეი აუტის ზონაშია და გადასარჩენად აუცილებლად სჭირდება ქულები. მიხეილ აშვეთიას გუნდს ცუდი სერია აქვს, ზედიზედ 3-ჯერ წააგო, მაგრამ კალენდარიც რთული ჰქონდა (საბურთალო, დინამო თბილისი, ლოკომოტივი). აღსანიშნავია, რომ ტორპედო სპორტული პრინციპით საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან არასდროს დაქვეითებულა. ქუთაისელები ახლა ამ საფრთხის წინაშე ნამდვილად არიან, მაგრამ უცუდეს შემთხვევაშიც კი შანსს შეინარჩუნებენ და პლეი აუტში ეცდებიან გადარჩენას. ამ გუნდებს შორის პირველი წრის დაპირისპირება ბათუმში მასპინძლებმა ჯოვინოსა და გიული მანჯგალაძის გოლებით მოიგეს.

საინტერესო ფაქტები

⚽ ტორპედო-დინამო ბათუმის ბოლო 10 დაპირისპირებიდან 6-ჯერ ტორპედომ მოიგო, 3-ჯერ დინამო ბათუმმა, ხოლო 1 მატჩი ფრედ დასრულდა.

ამ გუნდების უკანასკნელ 4 დუელში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და აგრეთვე 3-ჯერ ორივე გუნდი ახერხებდა გოლის გატანას.

გასულ სეზონში ტორპედო დინამო ბათუმს შინ ორჯერ დაუპირისპირდა და ერთხელ მოიგო (3:2), ერთხელაც წააგო (1:2).

ტორპედომ უშუალოდ ეროვნულ ლიგაში შინ ამ სეზონში ორი თამაში მოიგო (სამტრედიასთან 2:1 და მერანთან 1:0), მაგრამ მანამდე 9-მატჩანი მოუგებელი სერია ჰქონდა საკუთარ მოედანზე (4 ფრე, 5 წაგება). ბოლოს კი ლოკომოტივთან 1:5 დამარცხდა.

დინამო ბათუმს კონკრეტულად ეროვნულ ლიგაში სტუმრად 2019 წლის 1 დეკემბრის შემდეგ არ წაუგია (ლოკომოტივთან 1:2) – 5 მოგება, 2 ფრე. ზოგადად, ეროვნულ ლიგაში ბოლო 3 მარცხიდან ბათუმელებმა 2 ლოკომოტივთან განიცადეს.

⚽ ტორპედოს ბოლო სამი მატჩი წაგებული აქვს, თუმცა მანამდე 5 თამაშიდან 3 მოიგო.

⚽ ტორპედოს ბოლო 5 შეხვედრაში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ დინამო ბათუმის ბოლო 5 თამაშშიც ანალოგიური მაჩვენებლებია: 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი და 3-ჯერ ორივემ გაიტანა.

⚽ დინამო ბათუმმა ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო (1 წაგება), მაგრამ მანამდე ზედიზედ 3 წაგება ჰქონდა. გია გეგუჩაძის გუნდს 26 ივლისის შემდეგ მიჯრით 11 შეხვედრაა ფრედ არ უთამაშია.

⚽ გია გეგუჩაძე 2011-2013 წლებში ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელი იყო.

დინამო თბილისი v სამტრედია [05/12]

პარალელურად, თბილისში, დინამო სამტრედიას უმასპინძლებს. როგორც ორი დინამოა ერთმანეთის პირდაპირი კონკურენტი, ისე არიან იმერული გუნდებიც. ტორპედოს ერთადერთი იმედი პლეი აუტისგან თავის დასაღწევად სამტრედიას გადასწრებაში მდგომარეობს, რომელიც ახლა 3-ქულიან უპირატესობას ფლობს. ამდენად, ოთხივე გუნდს ორივე თამაშისკენ ექნება ყურადღება მიპყრობილი.

დინამო თბილისს შეეძლო, წინა ტურში ყველაფერი დაესრულებინა. ყოველ შემთხვევაში, აუტსაიდერ ჩიხურასთან გამარჯვება ჩისკოს გუნდს 5-ქულიან ფორას შეუნარჩუნებდა და პრაქტიკულად ყველაფერს წერტილი ექნებოდა დასმული, მაგრამ დინამო მოულოდნელად დამარცხდა და ახლა ისევ ბრძოლა მოუწევს. ამასთან, სამტრედიაც ახლოს იყო წინა ტურში ქულებთან და თან დინამო თბილისისთვის კარგი საქმის გაკეთებასთან, რადგან დინამო ბათუმს შეხვდა. იმერლები იგებდნენ, რიცხვობრივი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ 93-ე წუთზე გაშვებული გოლით საბოლოოდ უქულოდ დარჩნენ (1:2).

ქუთაისსა და თბილისში უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი. სასწორზე ჩემპიონობა და ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნების საკითხები დევს.


დავით სხირტლაძე (დინამო თბილისის ფეხბურთელი): "ვეთამაშებით გუნდს, რომელიც ძალიან გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ჯერ ეროვნულ ლიგაში ადგილი არ შეუნარჩუნებია. აქედან გამომდინარე, საკმაოდ რთული ბრძოლა გვექნება, მაგრამ ჩვენ, ჩვენი მიზნები გვაქვს, ამ ტურშივე გვინდა ჩემპიონობის საკითხი გადავწყვიტოთ, ამიტომ თამაშს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. დარწმუნებული ვარ, მთელი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს თამაში მოვიგოთ, რადგან ეს 3 ქულა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

საინტერესო ფაქტები

⚽ დინამო თბილისი და სამტრედია აქამდე 42-ჯერ შეხვედრილან. თბილისელებმა 31 თამაში მოიგეს, იმერლებმა 6, ხოლო 5-ჯერ ფრე დაფიქსირდა. ბურთების ბალანსში დინამოელთა საგრძნობი უპირატესობაა - 103:27.

⚽ სამტრედიას დინამო ბოლო ხუთ მატჩში არ დაუმარცხებია (ბოლოს 2017 წლის ოქტომბერში). უკანასკნელ ხუთ თამაშში კი 4 დედაქალაქელებმა მოიგეს, ერთხელ ფრე დაფიქსირდა.

⚽ ამ მატჩებში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ სამტრედიამ ბოლო 5 მატჩში 1 მარცხი განიცადა და 3-ჯერ იმარჯვა. გიორგი მიქაძის გუნდმა ბოლო თამაში წააგო - დინამო ბათუმთან.

⚽ დინამო თბილისმა კი ჩიხურასთან წაგებით (0:2) ოთხმატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა.

⚽ დინამო თბილისს საკუთარ მოედანზე 14 ქულა აქვს მოპოვებული (4 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება), რაც ლიგაში გორის დილას შემდეგ საუკეთესო შედეგია.

⚽ სამტრედიას სტუმრად თამაში უჭირს - 7 ქულა (2 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება) და სტუმრად მხოლოდ ჩიხურასა და მერანზე უკეთესი შედეგი აქვს.

⚽ დინამოს ბოლო ხუთ შეხვედრაში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ სამტრედიას შემთხვევაში კი ერთხელ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ასევე ერთხელ გაიტანა ორივე გუნდმა. დინამო ბათუმთან მატჩამდე (1:2) იმერლები ზედიზედ 4 თამაში გოლს არ უშვებდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები