Thumbnail
  • ლაშა დვალის 3 მატჩი ევროგრანდებთან
  • ლუკა ლოჩოშვილი ვოლფსბერგერში კარგად ათამაშდა

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლოსწინა, მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. სხვებთან ერთად ქართველმა ლეგიონერებმაც ითამაშეს. ვნახოთ, როგორ...

დავით ხოჭოლავას შახტარმა მეორედაც მოუგო მადრიდის რეალს, ამჯერად, 2:0. მადრიდში ქართველმა მცველმა კარგად ითამაშა და whoscored.com-ისგან 6.75 შეფასება დაიმსახურა. მან კიევური მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.

სამაგიეროდ, 90 წუთი ითამაშა ლაშა დვალმა, რომლის ფერენცვაროში შინ ბარსელონასთან 0:3 დამარცხდა. წაგებულ თამაშში, ბუნებრივია, დვალმაც ცუდი შეფასება დაიმსახურა - 5.95. მაგრამ ეს უნგრულ კლუბში მესამე შეფასება იყო. ის გუნდში ყველაზე მეტჯერ შეეხო ბურთს და ყველაზე მეტი პასიც გააკეთა (1 მნიშვნელოვანი პასიც ჩაიწერა აქტივში). 25 წლის მცველისთვის უდავოდ დიდი გამოცდილებაა, სამჯერ შეუცვლელად თამაში ლიგაზე ევროპული ფეხბურთის აღიარებულ გრანდებთან (ორჯერ - იუვენტუსთან). 

ეპიზოდი დვალის მონაწილეობით 'მუნდო დეპორტივოს' ყდაზე

ევროპალიგაზე სპარტას განაცხადში ვეღარ მოხვდა 19 წლის მცველი ივა გელაშვილი, მისი გუნდი კი სტუმრად ლილთან 1:2 დამარცხდა. ახალი გამოჯანმრთელებულია გიორგი ჩაკვეტაძე, მისი გენტი შინ 1:2 დამარცხდა ლიბერეცთან, 21 წლის ნახევარმცველი განაცხადში არ ყოფილა. 

ბრწყინვალედ შეეწყო ახალ გუნდს ლუკა ლოჩოშვილი, მისმა ვოლფსბერგერმა სტუმრად მოსკოვში 1:0 დაამარცხა ცსკა და ის ჯგუფში ჩატოვა. ახლა ქართველთა გუნდს (გურამ გიორბელიძე სათადარიგო იყო) ბოლო ტურში შინ ფეიენოორდთან ფრეც ჰყოფნის პლეი ოფში გასასვლელად. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა 20 წლის კონსტანტინე მარადიშვილმა, რომელიც რუსეთის მოქალაქე კი არის, მაგრამ მის გადმოსაბირებლად მუშაობა მიმდინარეობს და შესაძლოა, მან საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტოს. მარადიშვილმა whoscored.com-ისგან 6.7 ქულა მიიღო. რაც შეეხება ლოჩოშვილს, ის გაუვალი კლდესავით იყო ავსტრიელთა გუნდში და 7.3 ქულა მიიღო. მან აშკარად დაჩაგრა რუსების ფორვარდი ჩალოვი, რომელიც შეცვალეს. ლოჩოშვილმა 3 ორთაბრძოლა მოიგო, ორჯერ ჩაჭრა ბურთი, 5-ჯერ კი სახიფათო ზონიდან გამოიტანა. 22 წლის მცველი ხუთჯერვე ვოლფსბერგერის სასტარტოში იყო ევროპალიგაზე, ყოველთვის შეუცვლელად ითამაშა, 7-ზე მეტი ქულა კი ცსკა-სთან ორივე მატჩში მიიღო. 

ლუკა ლოჩოშვილი ფიზიკურად შენისანიშნავად არის მზად

არ გაუმართლდა ნიკა კაჭარავას, ის ბენფიასთან საგარეო მატჩში ლეხის სასტარტოში იყო, მაგრამ ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო, ტაიმის მიწურულს კი დაშავდა და შესაცვლელი გახდა. ლეხი ლისაბონში 0:4 განადგურდა. ოტამენდისთან ორთაბრძოლას, როცა ნიკა დაშავდა, სუსტი ნერვების პატრონები იოლად ვერ ნახავენ. 

ნიკა ნინუას პაოკ-ი კვიპროსში ომონიასთან 1:2 დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა, ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო. ხუთივე ტურში ის სათადარიგო სკამზე დარჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები