Thumbnail

სეტონ ჰოლის მთავარი მწვრთნელი კევინ ვილარდი ქართველი კალათბურთელის სანდრო მამუკელაშვილის შედეგიან თამაშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი გარჯით ბოლომდე კმაყოფილი არაა. მიზეზი კი ისაა, რომ ამერიკელი სპეციალისტის აზრით, ახალგაზრდა ქართველ ფორვარდს უფრო მეტი შეუძლია.

“არ ვფიქრობ, რომ სანდრომ კარგად ითამაშა. იმიტომ, რომ მისგან გაცილებით მეტს ველი. ვფიქრობ, რომ ის მთელს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია. მან უფრო გაწონასწორებულად უნდა ითამაშოს. გასულ მატჩშიც რიგ შემთხვევებში ჩქარობდა. თუმცა, ეს ბუნებრივიცაა. ახლა ხომ მას შეტევაში გაცილებით დიდი როლი ეკისრება”, - განუცხადა ვილარდმა Northjersey-ს.

კევინ ვილარდი ქართველ ფორვარდზე დიდ იმედებს ამყარებს

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სეტონ ჰოლმა სტუმრად როდ აილენდ რემსთან 63:76 წააგო, მამუკელაშვილი კი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. სანდრომ ყველაზე მეტი – 38 წუთი ითამაშა და სტუმრებს 25 ქულა, 10 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.

სეტონ ჰოლს მიმდინარე სეზონში 1 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა, ქართველი კალათბურთელის საშუალო მონაგარი კი 21.6 ქულა და 9 მოხსნაა. ამასთან, მან გუნდის მაისურით უკვე 692 ქულა მოაგროვა და სეტონ ჰოლის ისტორიაში შედეგიანობის მხრივ 84-ე ადგილზე გადაინაცვლა. სანდრო და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 5 დეკემბერს ორეგონ დაქსთან ჩაატარებენ.

📺 მამუკელაშვილი როდ აილენდთან

კომენტარები

ბოლო ამბები