Thumbnail

ვაისი: რუსეთში დაბრუნება ყოველთვის მინდოდა, მაგრამ საქართველოდან არ გამიშვეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ვლადიმირ ვაისმა რუსეთში დაბრუნებაზე ილაპარაკა
  • სლოვაკმა სპეციალისტმა ჯანო ანანიძის შესახებაც ისაუბრა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვალდიმირ ვაისმა რუსულ გამოცემა metaratings-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში დაბრუნდება ყოველთვის უნდოდა, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეს არ დაუშვა.

სლოვაკი სპეციალისტი, რომელმაც საქართველოს ნაკრები ნოემბერში დატოვა, იხსენებს, რომ 2 წლის წინ რუსული გუნდებიდან წინადადებები ჰქონდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებთან არსებული კონტრაქტის გამო, უარის თქმა მოუწია.

"დიახ, რა თქმა უნდა, რუსეთი მომენატრა. ყოველთვის მინდოდა მოსკოვში, რუსეთში დაბრუნება. კარგ კლუბში. წლების განმავლობაში იყო რამდენიმე შემოთავაზება. კლუბებიდან მირეკავდნენ, მაგრამ კონტრაქტი მქონდა ან ყაზახეთში, ან საქართველოში. არ შემეძლო ამის გაკეთება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეს არ დაუშვა. ორი წლის წინ იყო მოლაპარაკებები ტულას არსენალთან და სოჭთან. მაშინ საქართველოში ვმუშაობდი და წინადადებაზე ყურადღების მიქცევა შეუძლებელი იყო. რა თქმა უნდა, ახლა თავისუფალი ვარ და შემოთავაზებას ველოდები", - ამბობს ვაისი ინტერვიუში.

'ჯანომ მითხრა, მინდა, ევროპაში წავიდე, თუნდაც ნაკლები ხელფასითო'

სლოვაკმა ჯანო ანანიძის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მისი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. ვაისის თქმით, ტრავმებმა ჯანოს ღმერთისგან ბოძებული დიდი ნიჭის წარმოჩენის შესაძლებლობა არ მისცა.

"დიახ, ჯანო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია. სამწუხაროდ, მას ბევრი ტრავმა ჰქონდა. ანანიძეს დიდი ნიჭი აქვს, შესანიშნავად შეუძლია ბურთის ფლობა, მოედნის ხედვა, წარმოუდგენელი ტექნიკა აქვს. მაგრამ მისი ნიჭი ვერ გამოავლინა ხშირი ტრავმებისა და მცირე სათამაშო პრაქტიკის გამო. საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშში ძალიან დაგვაკლდა.

ვაისისთვის ანანიძე საქართველოს ნაკრების შეუცვლელი ფიგურა იყო

"ჯანო კარგი ბიჭია, მაგრამ ცოტათი ჩაკეტილი. ის ჭკვიანია. ოჯახზე ზრუნავს, თბილისში მშვენიერი სახლი აქვს, შვილები და კარგი ოჯახი ჰყავს. ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის დაწყებამდე მას დავურეკე და ვესაუბრე. ან ოპერაცია ელოდება, ან უნდა გადაწყვიტოს, როგორ განვითარდება მისი მომავალი. ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვე, მანაც წარმატებები გვისურვა, მაგრამ სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით.

ჯანო კარიერის დასრულებას არ აპირებს, ასე არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, ტრავმებისგან დაიღალა. ადრე მითხრა: "მინდა, ევროპაში წავიდე, თუნდაც ნაკლები ხელფასით. მინდა, ფეხბურთისგან სიამოვნება მივიღო". დავეთანხმე, ვმუშაობდით მისთვის ნიდერლანდურ გუნდზე, მაგრამ არ გამოვიდა. არ არის საჭირო ცუდზე ფიქრი. ის მხოლოდ 28 წლისაა. მინდა, წარმატებები და ნაკლები ტრავმები ვუსურვო", - განაცხადა სლოვაკმა სპეციალისტმა.

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016 წლის მარტიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა 47 მატჩი ჩაატარა (16 მოგება, 15 ფრე, 16 წაგება), ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში გავიდა, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი განიცადა (0:1).

კომენტარები

ბოლო ამბები