Thumbnail
  • ჰიუსტონ როკეტსმა და ვაშინგტონ უიზარდსმა შეთანხმება დაადასტურეს
  • ტექსასელები ჯონ უოლს და დრაფტის პიკს მიიღებენ

ვაშინგტონ უიზარდსი და ჰიუსტონ როკეტსი ხმაურიან ტრეიდზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც რასელ ვესტბრუკი აშშ-ის დედაქალაქში გადავა.

შეთანხმება უკვე ორივე მხარემ დაადასტურა, მანამდე კი ეს ინფორმაცია პირველად ESPN-ის ინსაიდერმა ადრიან ვოინაროვსკიმ გაავრცელა. რასის ხელში ჩასაგდებად უიზარდსი ჯონ უოლს და 2023 წლის დრაფტის პირველი წრის პიკს თმობს.

როგორც ირკვევა, აღნიშნულ გაცვლაზე საუბრები ჯერ კიდევ ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო - მას შემდეგ, რაც ვესტბრუკი ტრეიდს ითხოვდა. აღმოჩნდა, რომ ვაშინგტონის დატოვება უოლსაც სურდა. ESPN-ის ინფორმაციით, სამშაბათს უიზარდსის გენერალური მენეჯერი ტომი შეპარდი როკეტსის შეფ რაფაელ სტოუნს კიდევ ტელეფონით ესაუბრა, რის შედეგადაც ისინი საბოლოოდ შეთანხმდნენ.

რასელ ვესტბრუკმა ჰიუსტონში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა

რასელ ვესტბრუკმა ჰიუსტონ როკეტსში ჯეიმს ჰარდენის მხარდამხარ მხოლოდ ერთი წელი ითამაშა. რეგულარულ სეზონში ის საშუალოდ 27,2 ქულას, 7,9 მოხსნას და 7 პასს აგროვებდა, პლეი ოფში კი კოვიდ-ინფექციისა და ტრავმის გამო ჩვეულად ვერ ითამაშა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, რასი გაცვლას კატეგორიულად ითხოვდა, თუმცა მისი ძვირადღირებული კონტრაქტის გამო (3 წელი, 132,7 მილიონი დოლარი) ჰიუსტონს ტრეიდ-პარტნიორის პოვნა უჭირდა. ახლა კი ყველაფერი გადაწყვეტილია და ვესტბრუკს ვაშინგტონში თავისი ძველი მწვრთნელი, სკოტ ბრუკსი ელოდება. რასი მის ხელში ოკლაჰომაში თამაშობდა.

ჰიუსტონს ჰარდენის გაშვება არ სურს

რაც შეეხება უოლს: 30 წლის გამთამაშებელს მუხლის ტრავმისა და აქილევსის მყესის გაწყვეტის გამო მას 2018 წლის 26 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. მიუხედავად ამისა, როკეტსში იმედი აქვთ, რომ უოლთან ერთად დასავლეთ კონფერენციაში მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებენ. ჰიუსტონის შეფები ჯეიმს ჰარდენის გუნდიდან გაშვებას არ აპირებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები