Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა
  • ბაშაქშეჰირი 3:4 ლაიპციგი
  • მანჩესტერ იუნაიტედი 1:3 პარი სენ-ჟერმენი 

ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა. მანჩესტერ იუნაიტედისა და პსჟ-ის დაპირისპირებამდე, ლაიპციგმა სტუმრად სტამბოლში ბაშაქშეჰირს სძლია (4:3), ჯგუფში მდგომარეობა დაძაბა და პლეი ოფში გასვლის ამოცანა მანჩესტერელებსაც გაურთულა და პარიზელებსაც.  

თომას ტუხელის გუნდმა თამაში უკეთესად დაიწყო და ანგარიში უკვე მე-6 წუთზე გახსნა. პარიზელთა იერიშის შემდეგ, კილიან მბაპემ საჯარიმოს გარედან დაარტყა. ბურთი ვიკტორ ლინდელოფს მოხვდა და შორეულ ძელთან, შეტევაში ჩართულ ნეიმართან აღმოჩნდა, რომელსაც დე ხეამ ხელი ვეღარ შეუშალა - 0:1.

მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედმა პირველსავე ტაიმში აღადგინა წონასწორობა. ამჯერად რიკოშეტით მარკუს რაშფორდმა ისარგებლა. ანტონი მარსიალის დარტყმული კეილორ ნავასმა კი მოიგერია, მაგრამ ბურთი აარონ ვან-ბისაკას დარჩა, რომელმაც მარკუს რაშფორდს დაუგორა. ამ უკანასკნელის დარტყმული პარიზელთა კარში უკვე პერეირა დანილუს ფეხიდან შევარდა - 1:1. 

მარკუს რაშფორდის გოლმა მანჩესტერ იუნაიტედს ვერ უშველა

მეორე ტაიმის დასაწყისში პსჟ-ისთვის გოლის გატანის კარგი შანსი, პარიზელთა ყოფილ თავდამსხმელს ედინსონ კავანის ჰქონდა. ურუგვაელმა კეილორ ნავასისთვის თავზე გადაგდებით დააპირა გატანა, მაგრამ ბურთი ხარიხამ უკუაგდო.

ოლე გუნარ სულშერის გუნდის მდგომარეობა ბოლო ნახევარ საათში დამძიმდა. პარიზელთა კუთხურის შემდეგ შეტევა გაგრძელდა. დასკვნით ეპიზოდში აბდუ დიალომ ბურთი თამაშგარის ზღვარზე მყოფ მარკინიოსს გადააწოდა, რომელმაც შანსი გამოიყენა და ანგარიშში პსჟ ისევ დაწინაურდა - 2:1. 

ნეიმარმა ოლდ ტრაფორდზე დუბლი შეასრულა

აქედან მალევე არბიტრს თავი ფრედმა გააძევებინა, რომელმაც ანდერ ერერას წინააღმდეგ უხეშობისთვის მეორე ყვითელი მიიღო. ოლე გუნარ სულშერის გუნდი განწირული აღმოჩნდა, მატჩის საბოლოო წერტილი კი კომპენსირებულ დროში, რაფინიას გადაცემის შემდეგ, ნეიმარმა დასვა და დუბლი შეასრულა.

ამ მოგებით პარიზელებმა რევანში აიღეს მანჩესტერ იუნაიტედთან საშინაო შეხვედრაში წაგების (1:2) გამო.

📺 მანჩესტერ იუნაიტედი V პსჟ

მანჩესტერ იუნაიტედი 1:3 პარი სენ-ჟერმენი

გოლები: 0:1 ნეიმარი (6’), 1:1 რაშფორდი (32’), 1:2 მარკინიოსი (69'), 1:3 ნეიმარი (90+1).
გაძევება: ფრედი (70').
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვინ-ბისაკა (90' იგალო), ლინდელოფი, მაგუაირი, ტელესი - მაკტომინაი, ფრედი - რაშფორდი (74' პოგბა), ფერნანდეში, მარსიალი (79' გრინვუდი) - კავანი (79' ვან დე ბეეკი).
პსჟ (4-3-1-2): ნავასი - ფლორენცი (79' კერერი), მარკინიოსი, დიალო (90' გეიე), კიმპემბე - ვერატი (78' რაფინია), დანილუ, პარედესი (65' ერერა) - ნეიმარი, კინი (65' ბაკერი), მბაპე.

ირფან ჯან კაჰვეჯის შეეძლო, სტამბოლში გამართული მატჩის გმირი გამხდარიყო და თურქული კლუბისთვის ქულა გადაერჩინა. მას შემდეგ, რაც სტუმრებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, თურქმა ნახევარმცველმა ლაიპციგის კარში ერთი-მეორეზე ეფექტური გოლები გაიტანა, მათგან ერთი კი - საჯარიმო დარტყმით. მაგრამ ბაშაქშეჰირის ყველა იმედი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ალეკსანდრ სორლოტის გასროლამ დაამსხვრია. 

ახლა მანჩესტერ იუნაიტედს, პარი სენ-ჟერმენსა და ლაიპციგს 9-9 ქულა აქვთ. ბოლო ტურში, 8 დეკემბერს, ლაიპციგი შინ მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს, პარალელურ შეხვედრაში კი პარი სენ-ჟერმენი საკუთარ მოედანზე უმოტივაციო ბაშაქშეჰირს (3) მიიღებს. 

📺 ბაშაქშეჰირი V ლაიპციგი

ბაშაქშეჰირი 3:4 ლაიპციგი

გოლები: 0:1 ი. პოულსენი (26), 0:2 მუკიელე (43), 1:2 კაჰვეჯი (45+3), 1:3 ოლმო (66), 2:3 კაჰვეჯი (72), 3:3 კაჰვეჯი (85), 3:4 სორლოტი (90+2).

კომენტარები

ბოლო ამბები