Thumbnail

ყაზახურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, შიმკენტის ორდაბასის მთავარ მწვრთნელს კახა ცხადაძესა და მის ასისისტენტ გიორგი ჩიხრაძეს გუნდთან დამშვიდობება სკანდალით მოუხდათ, სიმართლეს არ შეეფერება. ამის შესახებ "პოსპორტს" თავად გიორგი ჩიხრაძემ განუცხადა, რომელიც ყაზახეთიდან სამშობლოში უკვე დაბრუნდა. 

ყაზახურმა მედიამ, ადგილობრივი ჟურნალისტის აიდინ კოჟახმეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ ორდაბასის ერთ-ერთ ფეხბურთელსა და გიორგი ჩიხრაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

53 წლის ქართველი სპეციალისტი მსგავს ფაქტს კატეგორიულად უარყოფს:

"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. დიახ, ბოლო ტურში გამარჯვების მიუხედავად, ნამდვილად არ იყო საზეიმო განწყობა. იყო ნერვული გარემო - გუნდმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა და ევროთასების საგზურის გარეშე დარჩა, მაგრამ ინფორმაცია ჩხუბის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. არავინ არავის შეხებია".

ცხადაძე და ჩიხრაძე ერთად დიდი ხანია მუშაობენ

კახა ცხადაძე და გიორგი ჩიხრაძე შიმკენტის ორდაბასის საბოლოოდ დაშორდნენ და საქართველოში დაბრუნდნენ. ჩიხრაძემ ყაზახეთში გატარებულ პერიოდსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა:

"ამ კლუბში საკმარისად დიდი დრო - თითქმის სამი სეზონი გავატარეთ, თანამშრომლობა დასრულდა და წამოსვლა გადავწყვიტეთ, რის შესახებაც წინასწარვე გვქონდა გამოცხადებული. არის სხვა გამოწვევები, სხვა გეგმები… ჯერჯერობით კონკრეტულზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა ვარიანტები და მოლაპარაკებები ნამდვილად არის". 

კახა ცხადაძე და გიორგი ჩიხრაძე შიმკენტის ორდაბასის 2018 წლის ზაფხულიდან მუშაობდნენ. მათი ხელმძღვანელობით კლუბს საუკეთესო შედეგი ყაზახეთის 2019 წლის სუპერლიგაში ჰქონდა, როდესაც ბრინჯაოს პრიზიორი გახდა და ევროსაგზური მოიპოვა. ცხადაძეს და ჩიხრაძეს ერთად ბაქოს ინტერში, საქარველოს ნაკრებსა და ალმათის ქაირათში უმუშავიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები