Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ფიჯისთან “შემოდგომის ერთა თასის” დასკვნითი მატჩის შესახებ ისაუბრა, მის კომენტარს კი საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდი ავრცელებს.

“რადგან ირლანდიას კვირას ვეთამაშეთ, მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად ჩვეულებრივზე ერთი დღით ნაკლები გვაქვს. ვინაიდან ტურნირის ბოლო კვირაა, ძალების აღდგენაზე ვართ ფოკუსირებული და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ დეტალები. გვაქვს დაბალი და საშუალო ინტენსივობის ვარჯიშები. 

სისტემური რაგბი ფიჯის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა და არა მგონია მათ შეტევას უთამაშებლობა დაეტყოს. ფიჯის ბრწყინვალე ინდივიდუალისტები ყავს, რომლებიც დასვენებულები არიან და თუ თამაშის საშუალება მივეცით, დიდ საფრთხეს შეგვიქმნიან. მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, ფიჯის არ უთამაშია და არ ვიცით, რას შემოგვთავაზებენ სისტემურად და ტაქტიკურად.

მთლიანობაში, ჩვენთვის ნაცნობი გუნდია, კარგად ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და როგორ შევძლებთ ამის გამოყენებას, თამაშში გამოჩნდება. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სტატიკურ ფაზებს, დერეფანს და შერკინებას, შეჯგუფებებში დომინირებას და თუ აქ კარგად ვიქნებით, მოგებას შევძლებთ. ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია ბურთზე კონტროლი. თუ ფიჯის ისევე დავუთმობთ ბურთს, როგორც ირლანდიას, ძალიან გაგვიჭირდება. ვეცდებით, თამაში მეტოქის ნახევარზე გადავიტანოთ და იქ ვიბრძოლოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა “შემოდგომის ერთა თასის” ჯგუფურ ეტაპზე ინგლისთან (0:40), უელსთანა (0:18) და ირლანდიასთან (10:23) წააგო და ფიჯელებს ტურნირის მე-7 ადგილისთვის დაუპირისპირდება. თამაში შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, სტადიონ მარიფილდზე 5 დეკემბერსაა დაგეგმილი და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები